24 ივნისს, სტრასბურგში, ევროპის სასახლეში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის დროს, საერთაშორისო პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის (IPHR), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა ღონისძიება „კრემლის დაბრუნება საფრთხეს უქმნის ევროპის საბჭოს და ევროპის უსაფრთხოებას: ევროპული კონვენციით დაცული უფლებების ფართოდ გავრცელებული, სისტემური და განგრძობითი დარღვევები, რომლებსაც შედეგად მოჰყვა რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში.“
ღონისძიებას უძღვებოდნენ ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელი ეგიდიუს ვარეიკისი და შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარე ბორიანა აბერგი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ყირიმელი, უკრაინელი და რუსი უფლებადამცველები, და ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის დირექტორი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გეგმავდა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების მოხსნას, ევროსაბჭოს რეგიონში მოქმედმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა შეახსენეს დელეგატებს ის მძიმე უფლებადარღვევის ფაქტები, რაც უკავშრიდება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომელსაც, როგორც ჩანს, ახალისებს და მხარს უჭერს მსოფლიოში მოქმედი ერთ-ერთი ძირითადი უფლებადაცვითი ინსტიტუტი.
შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები არის ძირითადი ინსტრუმენტი, რათა მოხდეს უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებების დელიგიტიმაცია და შემდგომი კონფლიქტების პრევენცია.
შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა 2008 წლის ომის მსხვერპლთა მდგომარეობაზე, ომის შედეგებსა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრაზე შემუშავდა პეტიცია, რომელსაც 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.