17:34, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორაშვილი vs ნაჭყებია

14.08.2019

 
ლაზარე ჯიბლაძე,
ადამიანის უფლებათა ცენტრი, იურისტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.

გიორგი გორაშვილის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველომ ბუბა ნაჭყებიას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

საგანგაშო პრეცედენტია - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდეს ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს. ბუბა ნაჭყებიას ზემოაღნიშნული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შერაცხვითა და დავის დაწყების საფუძვლად მიჩნევით, ძალიან დაბლა დაეცემა კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რაც აქამდე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა. 

შესაძლებელია, სტუდენტის მიერ გამოყენებული კონკრეტული სიტყვა მართლაც მიუღებელი იყოს საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილისათვის, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც გულგრილად ხვდებიან ან ნეიტრალურად მიიჩნევენ სხვა ადანიანები, არამედ ასევე იმ იდეასა და ინფორმაციასაც, რასაც საზოგადოება ან მისი გარკვეული ნაწილი შეურაცხმყოფლად, ამაღელვებლად ან შოკისმომგვრელადაც კი მიიჩნევს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და აზრთა მრავალფეროვნების მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც 1984 წელსაა მიღებული, წვრილმან ხულიგნობას შემდეგნაირად განმარტავს: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“. ამავე კანონით, ამ ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

აღნიშნული მუხლის შემადგენლობის ჩამოყალიბებისას კანონმდებელმა მისი განხორციელება დაუკავშირა ,,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში'' ლანძღვა-გინებას. შესაბამისად, მსგავსი შინაარსის ქმედების განხორციელება, რომელიც არ ხდება საზოგადოებრივ ადგილებში ვერ დაკვალიფიცირდება წვრილმან ხულიგნობად. მითუმეტეს, ასეთად ვერ დაკვალიფიცირდება ქმედება, რომელიც განხორციელდა სოციალურ ქსელ Facebook-ში და,  რაც ყველაზე მთავარია - დახურულ ჯგუფში, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა, საზოგადოების წევრებს, წინასწარი თანხმობის გარეშე არ აქვთ.
 
ამასთანავე, ლოგიკას მოკლებული იქნებოდა ვარაუდი, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, 1984 წელს მიღებულ და დღეს მოქმედ სამართალდარღვევათა კოდექსის წერისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად „ვირტუალურ სოციალურ ქსელებს“ განიხილავდა. შესაბამისად, კანონმდებლის ნება იყო  რეალურ ფიზიკურ საჯარო სივრცეში მოქალაქეთა ისეთი შეურაცხყოფისაგან დაცვა, რომელსაც შეიძლება საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდისთვის. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს, როგორც წესი წარმოადგენს: ქუჩა, პარკი, სკვერი და მსგავსი ადგილები, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში - ფეისბუქი, განსაკუთრებით კი - ფეისბუქის დახურული ჯგუფი. მით უფრო, როცა ფეისბუკის მომხმარებელთათვის და მით უფრო სამართალმცოდნეობის ლექტორისთვის წინასწარ ცნობილია აღნიშნული სოციალური ქსელის გამოყენების პირობები - ე.წ. The Statement of Rights and Responsibilities-ზე დათანხმება არის ფეისბუკის გამოყენების წინაპირობა და მასში გაწერილი სტანდარტები ეხება როგორც ჯგუფებს, ისე ინდივიდუალურ მომხმარებლებს.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ Facebook დეკლარირებულად ხელს უწყობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ზოგადად ლანძღვა-გინება არ ეწინააღმდეგება ფეისბუქისა და თემის სტანდარტებს.  თუკი ეს ეხება ზრდასრულებს, ფეისბუკის მომხმარებლები არ არიან შეზღუდულები სალანძღავი სიტყვებისა და თუნდაც გინების გამოყენებაში, თუ აღნიშნული არ ცდება ბულინგისა და სიძულვილის ენის სტანდარტს. ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს კონტექსტი, რომელიც თან ახლავს სადავო სიტყვის (ფრაზის) გამოყენებას. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს უხამსობის რეგულირების უფლებამოსილება, მაგრამ ამავე კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა, ეს არის განცხადება, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ აღნიშნული გამოხატვა გაკეთებული იყო დახურულ ჯგუფში, ძალდობრივი მოწოდებების გარეშე, მიზნად არ ისახავდა ზემოაღნიშნული  პიროვნებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ნეგატიური კუთხით, რაც ვერ ჩაითვლება მოქალაქეთა დასჯის კანონიერ საფუძვლად. 

ამასთანავე, გინება ფეისბუკის დახურულ ჯგუფში ვერ აკმაყოფილებს არათუ ქართული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სტანდარტს, არამედ ვერც თავად ფეისბუკის შინაგანაწესს. მორალის დავა არ უნდა იქცეს სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოთა განსჯის საგნად და კომპეტენციის სფეროდ. გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესება და სახელმწიფოს მიერ ზნეობრივი, მორალური კატეგორიების შეფასება ეწინააღმდეგება პლურალური და თავისუფალი საჯარო სივრცის იდეას და  ქმნის რეპრესიული სახელმწიფო აპარატის გამოყენებით კონკრეტული იდეოლოგიური თუ ეთიკური დისკურსის გაბატონების საფრთხეებს.  მსგავსმა მიდგომამ შეიძლება, გამყინავი ეფექტი იქონიოს მომავალში გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სხვა ინდივიდებისა თუ  ჯგუფების მიმართ.  

გამოძიების მიერ აღნიშნული ნორმის მსგავსად ინტერპრეტირება და მისი გავრცელება ვირტუალურ საკომუნიკაციო სივრცეზე, ამავე დროს, მასზე დაყრდნობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტის შედგენა - კანონის უხეში უგულვებელყოფაა და ამ გზით შეიძლება, შეიქმნას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი, კითხვის ქვეშ დადგეს დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება სახელმწიფოს მხრიდან.
 
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების სამივე შტომ და მისმა თითოეულმა წარმომადგენელმა, შეასრულონ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები და არა მხოლოდ პატივი სცენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ გააკეთონ ყველაფერი მათი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ აღნიშნული უფლებების პრაქტიკაში რეალიზაციასა და მათ დაცვას არასათანადო ჩარევებისაგან. 

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიეროს მონიტორინგი ცალკეულ გამომძიებელთა არაკომპეტენტურ ქმედებებსა და მათ მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაზე და იზრუნოს მათი კომპეტენციის გაზრდაზე აღნიშნული მიმართულებით.

დაბოლოს, იმედია, თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე - „გორაშვილი vs ნაჭყებია“ მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC