კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის და დამოუკიდებელი იურისტების კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გენერალურ პროკურატურასთან

7 თებერვალი, 2020
 
დღეს 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის ორგანიზებით გენერალურ პროკურატურასთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია საპროკურორო საბჭოს მიერ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დასახელებას უკავშირდება. 

 საპროკურორო საბჭო კენჭისყრის მეშვეობით, გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს, შერჩეულ კანდიდატს კი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. საბჭომ ასევე შეარჩია გენერალური პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატი: სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და დამოუკიდებელი იურისტები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. 

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მიკერძოებულ და არაეფექტიან გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. 

2017 წლის საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, პროკურატურა კვლავ რჩება პოლიტიზებულ უწყებად. ხოლო ირაკლი შოთაძე კვლავ ხელისუფლებასთან აფილირებულ კადრად განიხილება, რის გამოც შეუფერებელია გენერალური პროკურორის თანამდებობისათვის. 

ირაკლი შოთაძის სახელი უკავშირდება არაერთ გახმაურებულ საქმეში გამოძიების არაეფექტურობას, მიკერძოებულობას და იმ უამრავ გაუხსნელ თუ გაჭიანურებულ საქმეს, რომელთა დაზარალებულებიც დღემდე სამართალს ეძებენ. 

ირაკლი შოთაძეს უკავშირდება ყოფილ გენერალურ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების გაჭიანურება. თორდიამ დაზარალებულის სტატუსი მიიღო და საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ, როცა ირაკლი შოთაძე აღარ იყო მთავარი პროკურორი. 

შოთაძის გენერალური პროკურორობის პერიოდს უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, გამოძიების პროცესში გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევებით. 

თბილისის ცენტრალური უბნიდან, დღის საათებში, ბაქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეზე გამოძიების არაეფექტურობა. 

შოთაძის პროკურორობას უკავშირდება ბიზნესმენ დავით ადეიშვილზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეც, რომელიც ასევე მოხვდა პროკურატურაში ირაკლი შოთაძის თანამდებოაზე ყოფნისას. შესაბამისად, ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩდა და დღემდე არავინ მიცემულა პასუხისმგებლობაში. 

შოთაძის მთავარ პროკურორობას უკავშირდება ე.წ. „ციანიდის საქმის“ გამოძიებაც, რომელიც დღემდე უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს საზოგადოებაში. 

შემაშფოთებელია 2019 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ სოლოლაკში, ივანიშვილის სახლში გამართული არაფორმალური შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ირაკლი შოთაძე იყო.

ამ ფონზე შოთაძის ხელახალი არჩევა პირდაპირი სიგნალია პროკურატურის პოლიტიზების ლეგიტიმაციის. 

ახალი ამბები