კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავიწყებული ,,ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“

26 თებერვალი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“, რომელიც საჯარო სამსახურებში ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად არათუ ვერ განხორციელდა, არამედ  ამ სიტყვების ერთად საჯაროდ წარმოთქმასაც ერიდებიან ხელისუფლების პირველი პირები. 

,,ფლანგვის დეტექტორი", რომელიც თვითმმართველობების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს სწავლობს, ყოველდღიურად ციფრებით ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ დაივიწყა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ამას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებიც მოწმობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2018 წელს 20 138 ლარი, ხოლო 2019 წელს 39 223 ლარი დახარჯა. ძირითადად თანხები წვეულებების მოწყობაში, სტუმრების მიღება-გამასპინძლებასა და სუვენირების შეძენისთვის დაიხარჯა. 2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხა ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ. წარმომადგენლობითი ხარჯის გაორმაგებას გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, სტუმრების რაოდენობის გაზრდით ხსნის და ამბობს, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ბიუჯეტში წარმომადგენლობით თანხების გაზრდა მუნიციპალიტეტს ოფიციალური სტუმრების რიცხვის გაზრდის პროპორციულია. 

,,2018 წელთან შედარებით 2019 წელს წარმომადგენლობითი ხარჯი მართალაც გაზრდილი იყო, რადგან უფრო მეტი სტუმარი გვყავდა. 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს მუნიციპალიტეტს 6 ქვეყნიდან გვსტუმრობდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ასევე სხვა დროსაც საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტის მერები იმყოფებოდნენ ჩვენთან და ამ ვიზიტებისას ხდებოდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება. წვეულების ხარჯი ეს არის 21 000 ლარი, 39 223 ლარი საერთო ჯამში გვაქვს დახარჯული სადაც შედის სტუმრების, სასტუმროს, სარესტორნო და სუვენირების ხარჯები",  - აცხადებს humanrights.ge- სთან საუბარში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

ფლანგვის დეტექტორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკომუნიკაციო მომსახურეობისათვის გამოყოფილი თანხებიც შეისწავლა და გამოავლინა, რომ წარმომადგენლობით ხარჯებთან შედარებით 1.3-ჯერ მეტი დახარჯა მერიამ საკომუნიკაციო მომსახურებაში, რაც საერთო ჯამში 79 228 ლარია. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2018 წელს საკომუნიკაციო მომსახურებაში 41 465 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 39 223 ლარი გამოიყო.

,,საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30 წუთის მანძილზე საუბარი 5 თეთრად არის შესაძლებელი. შესაბამისად, 2018-2019 წლებში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა 15 845 ზარის განხორციელებას და ყოველ სამუშაო დღეს 13 საათის განმავლობაში ტელეფონზე საუბარს" , - აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ,,მაგთისთან" დადებული ხელშეკრულების მიხედვით მერიის 280 თანამშრომელი სარგებლობს: 10, 20 და 30 ლარიანი პაკეტით.

,,ჩვენ გვყავს 280 თანამშრომელი, მათ ნაწილს: სამსახურის უფროს ერიცხება 30 ლარი,  განყოფილების უფროსს  - 20, ხოლო სპეციალისტს  - 10 ლარი. სამსახურის ხელმძღვანელს თვის დასწყისში ერიცხება 30 ლარი,  მაგრამ ნახევარს ხარჯავენ და 15 ლარი ეკონომიაში მიდის. ჩვენ კომპანიას მომსახურეობის გაწევის შემდეგ ვურიცხავთ ამ თანხას, ისინი გვაწვდიან მონაცემებს და ამის მიხედვით ხდება ანგარიშსწორება", - ამბობს გორის მერი და განმარტავს, რომ სამსახურის რანგირების მიხედვით განსხვავებული სატელეფონო პაკეტით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრა მეტი საქმით არის არის გამოწვეული.

,,რიგით სპეციალისტზე უფრო მეტი საქმე აქვს განყოფილების უფროსს და კიდევ უფრო მეტი -  სამსახურის უფროსს, და ამის გათვალისწინებით არის განსხვავება სატელეფონო ლიმიტში. მათ უფრო ხშირად უხდებათ დარეკვა და კომუნიკაცია მოსახლეობასთან და თანამშრომლებთან", - აღნიშნავს გორის მერი.
გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან კითხვები აქვთ საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელებს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრ ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.

,,213 000 ლარი ჯილდოს სახით გასცა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცა მერიის თანამშრომლებზე აღნიშნული ჯილდოები, მაშინ როდესაც არაერთი ჩავარდნილი პროექტი გვაქვს სახეზე. 33 000 ლარი რესტორნებში იქნა დახარჯული, 22 000 ლარი -  მივლინებებში და ამ თანხის მიზნობრივობაც კითხვებს იწვევს, რადგან მუნიციპალიტეტს ამ მივლინებების შემდეგ რაიმე წინსვლა არ ჰქონია. როდესაც ამდენი გაჭირვებული ადამიანია მუნიციპალიტეტში და ამდენი პრობლემებია, თანხების დიდი ნაწილი იხარჯება მერის კომფორტის მოწყობაზე", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.​

გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით კი, 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მივლინებებში 19 000 ლარი დაიხარჯა, აქედან საზღვარგარეთ მივლინებებში - 9 000 ლარი,  ხოლო 10 00 ლარი -  ქვეყნის შიდა მივლინებებში. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ მივლინებების შედეგად მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდა.  

,,საზღვარგარეთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები იყო. გვქონდა გაცვლითი პროგრამები და სტუდენტები და სპორტსმენები დავაფინანსეთ.  პოლონეთში იმყოფებოდნენ მივლინებით ჩვენი თანამშრომლები, ამ მივლინებების დროს არის გაფორმებული მემორანდუმები, რასაც აქვს ის შედეგი, რომ, მაგალითად, ქვეშის საბავშვო ბაღის მიშენება მთლიანად დაფინანსდა ამ შეხვედრების დროს გაფორმებული ერთ-ერთი მემორანდუმით. ასევე, ტირძნისის საბავშვო ბაღი მთლიანად გაგვირემონტეს. ასევე, იგეგმება სოფელ ციცაგიანთკარში, მათი დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება", - აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

თავზარაშვილის განცხადებით, 2019 წელს სახელფასო ჯილდოები სააღდგომოდ და საახალწლოდ გაიცა მერიის ყველა თანამშრომელზე. ამასთან, მერმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, კარგი მუშაობისთვის, დამატებით კიდევ დააჯილდოვა.

,,სახელფასო ჯილდოები კონკრეტულ თანამშრომლებზეც მაქვს გაცემული, მაგრამ  სააღდგომოდ და საახალწლოდ სახელფასო ჯილდო ყველა თანამშრომელზე გავეცი. ძირითადად, ჩვენ ჯილდოები გავეცით ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურში, რადგან მათ კოლოსალური საქმე გააკეთეს და 2019 წელს 500-მდე პროექტი განახორციელეს, ამდენი პროექტი არასდროს არ გაკეთებულა გორის მუნიციპალიტეტში და წახალისების და მოტივაციისთვის გავეცი ჯილდო", -ამბობს თავზარაშვილი.

რაც შეეხება „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“, გორის მერი ამბობს, რომ სადაც საქმე კეთდება, იქ თანხებიც იხარჯება, თუმცა ამბობს, რომ მან შემოიჭირა ქამრები, როდესაც საწვავის ხარჯი 100 000 ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტების მუხლში გადაიტანა, ხარჯების დაზოგვას მერი ახალი ავტომობილების ეკონომიურობით ხსნის. თავზარაშვილი ამბობს, რომ გამართლებული იყო ხუთი ახალი ავტომანქანის შეძენა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2019 წელს 248 000 ლარი დაიხარჯა.  

ახალი ამბები