კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის სააპელაციო სასამართლო პოლიციის ავტომობილის გატაცებაში მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს

10 მარტი, 2020
 
ხვალ, 11 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ კახა წაველიძის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. კახა წაველიძის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავს.

2019 წლის 10 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამობრუნდა. ამ ავტომობილის გატაცება ბრალად კახა წაველიძეს ედება, რომელიც იმ დროს არასრულწლოვანი იყო.  

მსჯავრდებულის მტკიცებით, საჭესთან სინამდვილეში პოლიციელი იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დაფარვის მიზნით, შეიქმნა ვერსია, რომლის თანახმად, შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილეს, გიორგი პატიაშვილს სამსახურებრივი ავტომობილი გასტაცა ნასვამმა არასრულწლოვანმა. შემდგომ კი მთელი საგამოძიებო პროცესი ამ ვერსიის გამყარებას მიეძღვნა. ბრალდების ვერსია იმეორებს პოლიციელის მიერ მიწოდებულ ჩვენებას და ეყრდნობა მას, ნაცვლად იმისა, რომ მტკიცებულებები ობიექტურად მოეპოვებინა.

კახა წაველიძე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი იყო. როგორც თავად აცხადებს, იგი არაერთგზის გამხდარა პოლიციელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ღამით თუკი პოლიციას შეხვდებოდა, ფაქტობრივად, მას თავისუფლებას უზღუდავდნენ, სვამდნენ ავტომობილში და გათენებამდე ატარებდნენ ქალაქის გარშემო, რათა არაფერი დაეშავებინა. შემთხვევის ღამესაც სწორედ ამ მიზნით და, ოფიციალურად, დაპატიმრების მოტივით გიორგი პატიაშვილმა კახა წაველიძე ავტომობილში ჩასვა. გზაში აიძულებდა, ეთანამშრომლა მასთან, მიეწოდებინა დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, რათა შესძლებოდა კონკრეტული პირების დაკავება. ამას თან ახლდა მუქარა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ავტობანზე გასვლისას პოლიციელმა მოუმატა სიჩქარეს და ამავდროულად აგრძელებდა არასრულწლოვნის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც მწყობრიდან გამოსულმა წაველიძემ თავდაცვის მიზნით ხელი აუქნია მას. სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება და ავტომობილი ამოტრიალდა, მაგრამ ეს წაველიძეს არ ახსოვს, რადგან გონება დაკარგა. გონს როცა მოვიდა, მისთვის უცნობი ორი პირი ეხმარებოდა მანქანიდან ამოსვლაში. ვეღარსად შენიშნა პოლიციელი გიორგი პატიაშვილი. წაველიძე ფიქრობს, რომ ის, სავარაუდოდ, ხიდთან არსებული კიბის საშუალებით მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თავად იყო აღელვებულ და აფორიაქებულ მდგომარეობაში და ითხოვდა დახმარებას. იმის გათვალისწინებით, რომ დახმარება არავინ აღმოუჩინა, ჩავიდა იქვე მდებარე დასახლებაში, სოფელ ორთაშენში, სადაც დარჩა მისი ოჯახის ახლობელთან, სადაც მეორე დღეს დააკავეს.

საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ საჭესთან კახა წაველიძე იჯდა ან მან გაიტაცა ავტომობილი, გარდა შემთხვევაში მონაწილე პოლიციელის ჩვენებისა. მეტიც, კახა წაველიძემ არ იცის ავტომობილის მართვა. არც დაქტილოსკოპიური და არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა მისი შემხებლობა ავტომობილის საჭესთან და გადაცემათა კოლოფთან. არის არაერთი შეუსაბამობა და წინააღმდეგობა პოლიციელის ჩვენებაში და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ კახა წაველიძე არის უდანაშაულო და პოლიციის თანამშრომლები მას განზრახ სდებენ ბრალს, რათა პასუხისმგებლობა აარიდონ მოქმედ პოლიციელს. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოძიება აწარმოა თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იმ პირობებში, როდესაც საქმეში ფიგურირებს მათივე მაღალჩინოსანი თანამშრომელი, გამოძიება ვერ იქნებოდა ობიექტური.

ადამიანის უფლებათა ცენტრისბ შეფასებით, გორის რაიონულ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მიკერძოებული და არაობიექტური გამოძიების მიერ მოპოვებული არადამაჯერებელი, ერთმანეთთან შეუთანხმებელი მტკიცებულებები, უნდა შეეფასებინა ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტით, მხედველობაში უნდა მიეღო შსს-ს განსაკუთრებული ინტერესი საქმის მიმართ და გამოეტანა სამართლიანი გადაწყვეტილება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციასაც, მაგრამ გენერალურმა ინსპექციამ ვერ დაადგინა გიორგი პატიაშვილის მხრიდან რაიმე გადაცდომის ფაქტი. გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხა კახა წაველიძე და დღემდე არ არის ცნობილი, რა ეტაპზეა საქმე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები