კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე

24 მარტი, 2020
 
ლანა გიორგიძე, humanrights.ge 

თითქმის ოთხთვიანი მოლაპარაკებებისა და დაპირისპირების შემდეგ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ შეთანხმებას 8 მარტს მიაღწიეს. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 -ზე მანდატების თანაფარდობით  ჩატარდება. პარტიები ასევე შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება (რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა - იხ. Humanrights.ge-ს სტატია).

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ აქვეყნებს, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით.

„30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად“, - ნათქვამია ურთიერთგაგების მემორანდუმში.

მემორანდუმის თანახმად, 2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის კონსტიტუციაში განსაზღვრული წესის მიხედვით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დადებითი შედეგით დასრულდა.

„ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილებოდა, პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. ამით მმართველმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება. მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის და ამასთანავე ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. ამ გადაწვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიული სისტემა მზად არის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ , - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს, როგორც საზოგადოების გამარჯვება.

„მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია“, - აღნიშნავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერენ, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია.

„ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ მკაფიოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რა მინუსებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას - კოალიციები, რომლებიც ჩნდებიან, მუდმივი რიგგარეშე არჩევნები, რაც ისედაც სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის დამუხრუჭებას იწვევს და ა.შ. და აი, მერე დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, ვინც ახლა ზარ-ზეიმით არის - რა მაგარ შეთანხმებას მივაღწიეთო", - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას.

21 მარტს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსის, გიორგი ტყებუჩავას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიის დროს,  სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულია კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. 

გიორგი ტყებუჩავას თქმით, საგანგებო მდგომარეობის მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა: „ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ბუნებრივია, ვერ იძლევა საშუალებას, რომ შეუფერხებლად წარიმართოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და ცვლილებების განხორციელება, ხოლო კანდიდატებმა წარმართონ სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანია და განახორციელონ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატები“.

ჩნდება კითხვა, რა ბედი ელის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ თანახმად უნდა განხორციელდეს?

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) განმარტავს, თუ რა გავლენას ახდენს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება  ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე.

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით: საგანგებო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში არ ტარდება საყოველთაო არჩევნები. ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის მიერ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა ჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეზღუდვაა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში განსახორციელებელი მიმდინარე ცვლილებების ფონზე. არა არის გამორიცხული, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ცვლილებების არჩევნებამდე მიღების შესაძლებლობა; პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში, თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა“, - აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.

ISFED განმარტავს, რომ დაუშვებელია პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში იმპიჩმენტის გზით თანადებობიდან გადაყენების საკითხის პროცედურის განხილვა: „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, სწორედ პრეზიდენტის მიერ ხდება დეკრეტის საფუძველზე ცალკეული უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო აღნიშნულ პროცესში კონსტიტუციის დარღვევის  შემთხვევაში, შეუძლებელია იმპიჩმენტის პროცედურის განხორცილება, რაც ზრდის რისკს იმისა, რომ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება კონსტიტუციის დარღვევით  მოხდეს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი ტყებუჩავა აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური კანონის განხილვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდემდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა: „ამ მოცემულობით, არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო განხილვები ვერ მოესწროს. ბუნებრივია, საგანგებო მდგომარეობის დროს არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, არც სხვა სტრუქტურები თუ თანამდებობის პირები წყვეტენ საკუთარი მოვალეობების აღსრულებას. უფრო მეტიც - მათ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობითა და გულისყურით უნდა შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები.  ხელისუფლება,  მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, დაჩქარებულ რეჟიმში (ასეთი აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში) წარმართოს და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს იმისათვის, რომ შექმნილმა მდგომარეობამ კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვებს ხელი არ შეუშალოს. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვები, ლატვიის მსგავსად, ონლაინ რეჟიმში გაიმართოს. საყოველთაო-სახალხო განხილვებისთვის გათვალისწინებულია ერთთვიანი ვადა, რის შემდეგაც, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზაციის შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში გადაინაცვლებს.  ვიმედოვნებ, რომ  ხელისუფლება სრულად აიღებს პასუხისმგებლობას 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით,  გამოიყენებს ყველა კონსტიტუციურ საშუალებას“.

სანამ ქვეყანაში ეპიდემიასთან და მასთან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებული განხილვებია, ოპოზიციური პარტიები არჩევნების საკითხზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ. საკონსტიტუციო ცვილებებთან დაკავშირებული დისკუსია საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, 21 აპრილიდან განახლდება და აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს. 

ახალი ამბები