კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩინარი მტერი

27 მარტი, 2020
 
ლანა გიორგიძე, Humanrights.ge-ს რედაქტორი

2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი მთელი მსოფლიო მოიცვა. 11 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა. ეს პირველი რესპირატორული დაავადებაა, რომელიც პანდემიად გამოცხადდა.  

27 მარტის მონაცემებით, რესპირატორული დაავადება COVID 19 - ით ინფიცირებულია 536 397, გარდაიცვალა 24 112 და გამოჯანმრთელდა 124 395 ადამიანი. ეს რიცხვები ყოველ წამს იცვლება მსოფლიოში. ამ ვირუსით თავის გადარჩენის და ჯანდაცვის სისტემის ერთადერთი გადარჩენის გზა სახლში დარჩენაა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში. ეს რამე მოდური კამპანია არ გეგონოთ, ან არასამთავრობოების  ან ხელისუფლების ახირება, ეს მოწოდებაა ყველასთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი - „დარჩი სახლში“. 

21 მარტს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის დადგენილებით გაიწერა ყველაფერი, რაც ამ დროს უნდა შესრულდეს. დაიხურა კაფეები, ბარები, რესტორნები, კინო-თეატრები, სავაჭრო ცენტრები, დაიხურა ყველაფერი, გარდა აფთიაქებისა, სასურსათო მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა. 

ვწერ და მაინც არ მჯერა. მსგავსი რამ ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს. ეს პირველია და მიჭირს ვაღიარო, შევეგუო არსებულ მდგომარეობას. 12 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, გამოვცადე შიში, როდესაც შეიძლება, ყველაფერი დაკარგო. დავკარგეთ კიდეც - ადამიანები და ტერიტორიები, მაგრამ მაშინაც კი არ მქონდა მსგავსი განცდა, რადგან მაშინ არსებობდა იმედი, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ დაგვტოვებდნენ უყურადღებოდ, მოუწოდებდნენ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ. იმედი როცა გაქვს, უფრო მყარად დგახარ, ძალას არ კარგავ. ახლა კი ვისი იმედი გვაქვს? მთელი მსოფლიო გასაჭირშია. ჩინეთში ათასობით ადამიანი დაიღუპა. ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება იტალიასა და ესპანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ირანშიც, ჩვენს მეზობელ თურქეთშიც და ა.შ. არსაიდან იმედი, არსაიდან ვაქცინა, წამალი, რომელიც გამოგვიყვანდა ამ მდგომარეობიდან, შეაჩერებდა სიკვდილის გეომეტრიულ პროგრესიას. 

ახლა ომია - შეიარაღებული ძალების კი არა, ბიოლოგიური ომი! ვებრძვით უჩინარ მტერს, რომელიც დაუნდობლად და სწრაფად ანადგურებს ათასობით ადამიანს. ამ ომშიც გვყავს გმირები - ადამიანები, რომლებმაც მომაკვდავ ახალგაზრდებს აპარატი დაუთმეს, რათა ესუნთქათ, ადამიანები, რომლებიც მოხუცებს საკვებს აწვდიან, რათა რისკ ჯგუფში მყოფი მოხუცები არ შეხვდნენ უჩინარ სიკვდილს ქუჩებში. ომია გმირი ექიმებით, ექთნებით, ჟურნალისტებით, პოლიციელებით, ჯარისკაცებით, კრიზისული სიტუაციებისთვის სპეციალურად შექმნილი გუნდის წევრებით. ომშია თითოეული ფარმაცევტი, სურსათის მაღაზიის გამყიდველი, თითოეული სოციალურად დაუცველი, რომელმაც არ იცის, როგორ მოიმარაგოს საკვები და ფიქრობს, რომ სულერთია, რომელი მოკლავს მას და მის ოჯახს - შიმშილი თუ ვირუსი. ამიტომ ტოვებს ოთხ კედელს და შიშველი ხელებითა და ფარატინა ნიღბით გამოდის გარეთ პურის ფულის საშოვნელად. 

ამ ომს ჰყავს ანტიგმირებიც: ადამიანები, რომლებმაც დრო იხელთეს და ფულის შოვნის მიზნით ხალხის მოტყუება გადაწყვიტეს; ბანკები, რომლებმაც სესხების გადავადების ნაცვლად, ხალხს გადასახადები ათასობით ლარით გაუზარდეს; ვაჭრები, რომლებმაც სურსათ-სანოვაგე გააძვირეს და პირბადეები ხუთჯერ ძვირად გაყიდეს. 

ყველა გმირი ვერ იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანიც ვერ იქნება ყველა!  

ბიოლოგიურ ომს საინფორმაციო ომიც დაუმატეს, ოთხკედელში გამოკეტილ ადამიანებს ათასობით ყალბი ინფორმაციით გამოუტენეს თავი. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, გაარჩიოს, რომელ ინფორმაციას ენდოს და რომელს - არა. 

გადარჩენის სურვილით შეპყრობილმა ადამიანებმა დაიწყეს ათასგვარი რეცეპტით მომზადებული სითხის მიღება, სხვადასხვა მედიკამენტის დალევა, პრევენციის მიზნით. დაიწყეს თავის დარწმუნება, რომ ეს ვირუსი მითია, რომ იტალიის ქუჩებში არავის უნახავს მიცვალებული, თითქოს ათასობით კუბო რაღაც შეთქმულების ნაწილი იყოს.  

თუ აქამდე გარეთ გამოსვლა ეზარებოდა ადამიანს, ახლა შეზღუდვამ ერთიორად გაუმძაფრა სურვილი, გამოვიდეს და იაროს. ასე დადიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, მაღაზიებში. ალბათ, ყველას უჭირს ამ მდგომარეობის დაჯერება, ამიტომაც იქცევიან ისე, თითქოს ნანატრი არდადეგები დაიწყო. მე და ჩემნაირები კი ვსეირნობთ სამზარეულოდან მისაღებ ოთახამდე, შემდეგ აივანზე და ასე ვიწყობთ განტვირთვას ძნელბედობის ჟამს. 

ფანატიზმი ახლა  უფრო შესამჩნევი გახდა. ზოგიერთი „მორწმუნე“ ცდილობს, თავს დაგესხას, გაგანადგუროს, არ დაიშუროს შენთვის „ძვირფასი“ სიტყვები. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ ცდილობს, დაამტკიცოს საკუთარ თავთან, რომ ის შენზე უფრო მორწმუნეა, ის მსხვერპლია და ის წმინდა გზას ადგას, შენ კი უგუნური ხარ. 

ყველას სწამს რაღაცის, ზოგი ქრისტიანია, ზოგი - მუსლიმი, ზოგი - იეჰოვას მოწმე და ა.შ. ჩვენ კი არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ და ვუმტკიცოთ, რომ მათზე მეტნი ვართ, მათზე აღმატებული. რწმენა გულისა და გონების საქმეა... მხოლოდ გულის არა, რადგან გონება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაცთმოყვარე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს განსჯის, მიტევების, სიყვარულისა და  განსხვავებულის მიღების უნარი.

ეს ომი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, შედეგები არავინ იცის, რა იქნება. მსხვერპლი კი დიდი გაიღო მსოფლიომ და სამწუხაროა, რომ კიდევ გრძელდება ეს ბრძოლა.

ბევრი რესურსი ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტით: ონლაინ შეგიძლიათ, დაათვალიეროთ მუზეუმები, დაესწროთ სპექტაკლს, კონცერტს, იკითხოთ წიგნები, სამეცნიერო ნაშრომები და სხვა, მაგრამ ამისთვის გჭირდება ძალა, პოზიტივი და დრო. თუკი სახლიდან მუშაობთ, თქვენთვის უფრო მეტი გამოწვევაა, ერთდროულად იყოთ კეთილსინდისიერი დასაქმებული, ბაქტერიებთან მებრძოლი დიასახლისი და გმირი დედა (მამა), რომელიც ცდილობს, გაართოს, გაახალისოს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს შვილს, რომელსაც ხალხი ენატრება, ენატრება ეზოში სირბილი, ისეთი ადგილებიც კი ენატრება, სადაც ადრე დიდი ხალისით არ მოგყვებოდა.  

სახლში დარჩენა დიდი საფრთხეა ოჯახებისთვის, რომლებიც ნაღმზე ცხოვრობენ, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. ახლა 24 საათი აქვს მოძალადეს, რათა ცხოვრება კიდევ უფრო მეტ ჯოჯოხეთად უქციოს ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. ამიტომ სამართალდამცავების სწორი პოლიტიკის იმედი მაქვს, რომ მოიფიქრებენ მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებს. 

ბევრი პრობლემა იჩენს თავს, ამოვა ზედაპირზე და ტივტივს დაიწყებს, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მდგომარეობაშიც კი არსებობს იმედი - დარჩით სახლში და იზრუნეთ საკუთარ თავსა და სხვებზე. 

ახალი ამბები