კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალ პატიმართა მოლოდინები

7 მაისი, 2020
 
ეკა ქობესაშვილი
Penalreform.org
ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებთან და ბრალდებულებთან. ორგანიზაციის იურისტები წლებია  იცავენ პატიმრების უფლებებს სხვადასხვა უწყებაში.  მეც, ამ ორგანიზაციაში მუშაობის 11 წელზე მეტია, ვცდილობ, დავეხმარო მათ და ჩემი წვლილი შევიტანო პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამ წლების განმავლობაში მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება დავაგროვე.

ყოველთვის აღვნიშნავ,  რომ ქალთა საპატიმრო დაწესებულება კიდევ ერთი პატარა სამყაროა პენიტენციურ სისტემაში. ქალ პატიმრებთან ურთიერთობით ბევრი ცხოვრებისეული და საინტერესო გამოცდილება მივიღე. მათთან მუშაობა ჩემთვის საინტერესოა და თან ერთგვარი გამოწვევაც.

ქალთა საპატიმრო დაწესებულება არაერთხელ გამხდარა პატიმართა პროტესტის ადგილი. მსჯავრდებული და ბრალდებული ქალები პროტესტის სხვადასხვა ფორმით ცდილობენ კონკრეტული საკითხის ირგვლივ ყურადღების მიქცევას.   საპატიმროში პროტესტი, ძირითადად შეიძლება, გამოწვეული იყოს: პატიმრის ბრალდების საქმის გათვალისწინებით,  საპატიმრო დაწესებულებაში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნის მიზნით ან პატიმრობიდან  გათავისუფლების მექანიზმების გათვალისწინებით.  პროტესტის მასშტაბიც,  ძირითადად, ზუსტად პრობლემურ საკითხზეა დამოკიდებული, რადგან, უმეტესწილად, გარდა გამონაკლისებისა, პროტესტს მიმართავს ის პატიმარი, ვისაც უშუალოდ ეხება პრობლემური საკითხი.

ხშირია შემთხვევები, როცა ქალი პატიმრები, კონკრეტული  პრობლემის მოგვარების მიზნით, პროტესტის უკიდურეს ზომას –  შიმშილობას – მიმართავენ. ძირითადად, შიმშილობას იწყებს ერთი პატიმარი ან პატიმართა გარკვეული ჯგუფი, მაგრამ,  როცა საქმე ეხება პატიმრობიდან გათავისუფლების საერთო მექანიზმის პრობლემურ საკითხს, აქ ერთსულოვნება უფრო მატულობს და პროტესტიც უფრო ფართომასშტაბიან სახეს იღებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრში ჩემი მუშაობის განმავლობაში ქალთა საპატიმროდან არაერთი წერილი მიმიღია შინაარსით: „თქვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა დაიწყო შიმშილობა.“ წლების განმავლობაში არაერთხელ დაურეკავს  ჩემთვის ქალ პატიმარს და მოუწოდებია ინფორმაცია, რომ დაიწყო შიმშილობა, მიუხედავად მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ამ სატელეფონო ზარებიდან მიღებული ინფორმაცია  ჩემთვის  მძიმე მოსასმენი რამაა. ერთი მხრივ, არასასიამოვნოა, რომ ადამიანი იძულებული გახდა, მიემართა პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმისთვის, მითუმეტეს, თუ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მეორე მხრივ, ეს პატიმარი ამ ფორმით იბრძვის კონკრეტული მიზნისთვის, თავისი უფლებებისთვის.   ძნელია ამ დროს საკუთარ თავზე  აიღო პასუხიმგებლობა და ურჩიო ამ ადამიანს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, შეწყვიტოს თუ არა შიმშილობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა, ამ პიროვნებამ მიაღწიოს დასახულ მიზანს და დაიცვას თავისი უფლებები, შიმშილობის მომხრე მაინც არასოდეს  ვარ. მითუმეტეს, თუ ეს ხდება მათი ჯანმრთელობის ხარჯზე.

მიმდინარე წლის დასაწყისში ქალი პატიმრების გარკვეულმა რაოდენობამ მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას, რითაც ისინი პრეზიდენტის მიერ 2019 წელს მიღებული  შეწყალების ახალი წესის შეცვლას ითხოვდნენ. პატიმარმა ქალებმა   პრეზიდენტს ერთობლივი წერილიც გაუგზავნეს, რითაც მოითხოვდნენ შეწყალების წესის ცვლილებასა და მის გაჰუმანურებას. წერილის პასუხად მალევე ყველა ქალმა პატიმარმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეწყალების დაწერაზე მოთხოვნა მიიღო და ამით საპატიმრო დაწესებულებაში გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, შედეგად,  შიმშილობაც შეწყდა.

კორონავირუსის გამო მსოფლიოს არაერთი ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე დადგა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა. საქართველოც აქტიურად ჩაერთო ეპიდემიასთან ბრძოლაში. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რის საფუძველზედაც დაწესდა გარკვეული შეზღუდვები. რიგი შეზღუდვები პატიმრებსაც შეეხო. პატიმარი ქალებისთვის სასჯელის მოხდის დროის ეს პერიოდი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს მათი განცდები, ვირუსის გავრცელების პირობებში, მათი ოჯახის წევრების მიმართ და, ამავე მიზეზით, საპატიმრო დაწესებულებებში ვიზიტებისა და სხვა უფლებების დროებითი შეზღუდვა.  ამ რთულ მდგომარეობაში  ქალ პატიმართა მოლოდინი პრეზიდენტის შეწყალებაზე უფრო გამძაფრდა და გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

ქალ პატიმართა პოზიტიური მოლოდინი იმით დასრულდა, რომ 7 აპრილს ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მხოლოდ 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. პრეზიდენტის ამგვარ გადაწყვეტილებას პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა.  პატიმარმა ქალებმა  კვლავ დაიწყეს შიმშილობა. ქალმა მსჯავრდებულებმა  აღნიშნეს, რომ ისინი კვლავ მოატყუეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არათანაბარი მოპყრობის პრაქტიკა ისევ  გრძელდება.  ამჯერად პროტესტის ამ უკიდურეს ზომას მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მოჰყვა, რაც  შიმშილობის დროებით შეწყვეტის მიზეზი გახდა, მაგრამ მათი მოთხოვნები პრეზიდენტის მიმართ უცვლელი რჩება.

კორონავირუსის საფრთხეების გამო პატიმრებზე ზრუნვის გაძლიერება და მათ გათავისუფლებაზე ფიქრი სახელმწიფოებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ურჩია. ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში არაერთმა ქვეყანამ ციხეებიდან მასობრივად გაათავისუფლა  მსჯავრდებულები, თუმცა ეს პროცესი საქართველოს არ შეხებია.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, შეწყალების გარდა სხვა მექანიზმებიც არსებობს, რომელთა ეფექტურად გამოყენების შედეგად არაერთი პატიმარი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.  პრეზიდენტის მხრიდან იმედგაცრუების შემდგომ ქალ პატიმრებს აქვთ მოლოდინი, რომ ის მექანიზმები, რომლებიც მათ დააბრუნებს საკუთარ სახლებში,  გამოყენებული იქნება აქტიურად და  ჰუმანური მიზნებისთვის.

მეც, როგორც ქალ პატიმართა გულშემატკივარს, მაქვს პოზიტიური მოლოდინები და ველოდები სატელეფონო ზარებს, რომელშიც თვითონვე მაცნობებენ, რომ საპატიმროდან გათავისუფლდნენ და უბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. ზუსტად ასეთი სატელეფონო ზარებით მთავრდება ჩვენი, როგორც პატიმრისა და მისი უფლებადამცველის ურთიერთობის პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია.

ახალი ამბები