კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო რეჟიმის დაწესებულ შეზღუდვებს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

23 მაისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

63 წლის ჯუმბერ მილაძე, ერთ-ერთია იმ გარდაცვლილებს შორის, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ემსხვერპლა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში დამძიმდა, თუმცა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ პაციენტის ნათესავებს მისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოყვანის უფლება არ მისცა. ჯუმბერ მილაძე ახლაგორიდან ცხინვალში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე მკურნალობდა, თუმცა 19 მაისს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და სწორედ ამის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოყვანის შესახებ. ჯუმბერ მილაძე ცხინვალიდან ერგნეთის გავლით ,,წითელი ჯვრის" დახმარებით გადმოიყვანეს, თუმცა პაციენტი სოფელ კარალეთთან, საავდმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილს განცხადებით, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა იზოლაციის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სასიკვდილოდ იმეტებს.

,,ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ, უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და, ამავდროულად, სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე გადაადგილება, მით უფრო, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

გასული წლის 4 სექტემბრიდან - დღემდე ოკუპირებულ ახალგორში  ეს უკვე მე-15 შემთხვევაა ადამიანის გარდაცვალების, ყველა მათგანს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ უარი უთხრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიზე არსებულ კილინიკებში სამკურნალოდ გადმოყვანაზე და ვერც ოკუპირებულ ტერიტორიზე არსებულ საავადმყოფოებში აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება.

ლია ჩლაჩიძე, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ-ოსური ურთიერთობების სამშვიდობო დიალოგის მონაწილეა, ამბობს, რომ რასაც დღეს ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აკეთებს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების გენოციდია.

,,ეს არის რეჟიმი, რომელიც ადამიანებს შეგნებულად კლავს, არა მარტო ქართველებს, არამედ ოსებსაც, თუმცა რასაც ბიბილოვი ოკუპირებულ ახალგორში აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული გენოციდი ეთნიკურად ქართველების.  მის კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩევს ეთნიკურობის მიხედვით ადამიანებს და არ აძლევს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას. მან ამ მოცემულობაში ყველაზე ერთნაირად უნდა იზრუნოს, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის მილაძე იქნება, კუძიევი, ალბოლოვი თუ ბიბილოვი, მან ერთნაირად უნდა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ როგორც ოსებზე, ისე ქართველებზე", -  ამბობს ლია ჩლაჩიძე, რომელიც ცხინვალსა და ახალგორში მცხოვრებ ეთნიკურად ოსებსა და ქართველებს მოუწოდებს, რომ ხმა აიმაღლონ ბიბილოვის უკანონობაზე და მოითხოვონ გზის გახსნა, მაშინ მაინც, როდესაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ლია ჩლაჩიძეს ოკუპირებულ ცხინვალში უკმაყოფილების ტალღის ერთ-ერთ მაგალითად ცხინვალელი ჟურნალისტის და სამოქალაქო აქტივისტის, თემურ ცხურბატის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტი მოჰყავს, სადაც ცხურბატი წერს: ,,მეგობრებო და არამეგობრებო, ხომ არ დადგა დრო, დავიწყოთ ადეკვატურ და არაადეკვატურ ქართველებთან დიალოგი. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი არ წარმოადგენს პრობლემას ნორმალური ურთიერთობისთვის".

ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ თუ ოკუპირებულ ცხინვალსა და ახალგორში უკმაყოფილების მუხტი მოიმატებს, ბიბილოვი დათმობაზე წავა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს გზას გაუხსნის და სასიკვდილოდ აღარ გაწირავს.

,,ის დიალოგი, რაც ცხურბატმა წამოიწყო, სწორედ ამ ჩაკეტილი სივრცის გახსნას ემსახურება. უკმაყოფილების ტალღა როგორც კი მოიმატებს, ბიბილოვი დათმობაზე წავა და ჩაკეტილ გზებს გახსნის. როდესაც მოქალაქეები ითხოვდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რათა რამდენიმე თვის პენსია არ ჰქონდათ აღებული და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე იდგნენ, ბიბილოვი მაშინვე დათმობაზე წავიდა და ჩაკეტილი გამშვები პუნქტი გახსნა. სწორედ ასე უნდო მოხდეს დღესაც,, ოსებმა და ქართველებმა ერთად უნდა გააპროტესტონ ბიბილოვის პოლიტიკა და მოითხოვონ გამშვები პუნქტების გახსნა."- აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

ახალი ამბები