კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე

27 ივლისი, 2020
 ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი ანალიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და მეწილის, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი ანალიზი მოამზადა. 

დოკუმენტი ძირითადად ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორის მიერ მომზადებულ სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშებს, იდენტიფიცირებულ პრობლემურ სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო-სამართლებრივ საკითხებს. ასევე, ეროვნულ კანონმდებლობასა და სასამართლო გადაწყვეტილებებთან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების მისადაგების საფუძველზე, კვლევაში გაკეთებულია შედარებითი-სამართლებრივი ანალიზი, რომელიც უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებს.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. 

2019 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულ გიორგი რურუას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის გულისხმობს. საქმე ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას უარს, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების - დნმ-ის ნიმუშისა და ხელის კვლების აღებასთან დაკავშირებით. 

საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივების გამოსავლენად, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოყენებულია ევროპის საბჭოს, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ შემუშავებული პოლიტიკური პატიმრის სტატუსის არსებობისთვის საჭირო კრიტერიუმები. 

სასამართლო პროცესის მონიტორინგის დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას, სავარაუდოდ, არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. 

ასევე პრობლემურია ის ფაქტი, რომ ბრალდებულს დაკავებისას ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მიეცა, ხოლო გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე ჩაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გიორგი რურუას მიმართ ბრალის დამძიმება კონსტიტუციურ საფუძვლებს მოკლებულია და სისხლის სამართლის მიზნებიდანაც გაუმართლებელია.  ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი მხოლოდ ის ფაქტი გახდა, რომ მან საკუთარი დნმ-ის ნიმუშის აღებაში მონაწილეობა არ მიიღო, რისი უფლებაც მას საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტებით გააჩნია. ამ კვალიფიკაციით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა უგულვებელყოფს თვითინკრიმინაციის იძულებისაგან დაცვის პრივილეგიას, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პროექტის „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“ ფარგლებში აკვირდება. ამ დროისთვის მონიტორინგი ეხება 20 საქმეს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
 
                                                ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები