კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მე აფხაზეთში მელიან

7 აგვისტო, 2020
 
მარიამ გოგოხია 

აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი გამორჩეულია. აფხაზეთის თავზე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ უყურებ, უსასრულობაში იკარგები. 

მე ვარ ოჯახს მონატრებული გოგო. მენატრება აფხაზეთში დარჩენილი ბებია-ბაბუა, უფროსი და და უამრავი ნათესავი, რომლებიც ჩემს ჩასვლას იქ სულ ელიან. მენატრება სახლი, რომელიც ომის დროს გადაიწვა, მაგრამ ბებია-ბაბუას ძალისხმევით ნახევრად აღდგენილია. 

მე ომს არ მოვსწრებივარ. მშობლები სულ მიყვებოდნენ აფხაზეთის შესახებ და სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა. თბილისში გავიზარდე, მაგრამ ყოველ ახალ წელს აფხაზეთში ვხვდებოდი, ყოველ ზაფხულს იქაური ზღვის ტალღებში ვატარებდი. ყოველი ჩემი იქ ჩასვლა განსაკუთრებული იყო. ყველა დიდი სიხარულით და ჟრიამულით მხვდებოდა. უხაროდათ, რომ განშორების მიუხედავად, კვლავ მივისწრაფოდი მათკენ. ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები აფხაზეთს უკავშირდება. ბევრი სიმწარეც ვნახე, მაგრამ აფხაზეთი ამად ღირდა. 

სკოლის არდადეგების დაწყებისთანავე იქით მივდიოდი და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვრჩებოდი. იქ სკოლა პირველ სექტემბერს იწყებოდა და ჩემს ნათესავებს მივყვებოდი  სკოლაში, რომელშიც ერთ დროს მამაჩემი სწავლობდა.  უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც მის რამდენიმე მასწავლებელს ვხვდებოდი და მეუბნებოდნენ, თუ როგორი გამორჩეული მოსწავლე იყო ის.

 ჩემს თანატოლებთან ერთად ვესწრებოდი გაკვეთილებს და მიხაროდა, რომ ქართულის გაკვეთილი ყოველ დღე ტარდებოდა. თუმცა, რაც წლები გადიოდა, ქართულის საგაკვეთილო საათები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა... 
ახლა?!

ახლა იქაური ბავშვები ქართულს ისე სწავლობენ, როგორც დამატებით უცხო ენას - კვირაში მხოლოდ ერთი საათი. 

წელს, კარანტინის პერიოდში, თბილისში არსებულმა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლამ აფხაზური დღეების ფარგლებში შეიმუშავა პროექტი - „ხმა მიაწვდინე აფხაზეთში მყოფ მოსწავლეებს“. მათგანაც მიიღეს საპასუხო წერილები. ერთ-ერთი მოსწავლე წერდა: „ მე აფხაზეთში ვცხოვრობ. ვარ პირველი კლასის მოსწავლე. აფხაზეთი მაისში განსაკუთრებით ლამაზია. სკოლაში ქართულს არ გვასწავლიან, მაგრამ ჩემი მასწავლებელი და დედა მეხმარებიან. უკვე ქართულად ვწერ და ვკითხულობ. ახლა კარანტინში ვარ და ვერ ვნახულობ ჩემს მეგობრებს, ვერ დავდივარ თბილისში ბიძაშვილებთან, მინდა, ყველაფერი მალე დამთავრდეს და ყველანი ერთად ვიყოთ“. ეს წერილი იმედის მომცემია და მიხარია, რომ იქ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ბავშვებს ქართულს ასწავლიან. 

დღესდღეობით აფხაზეთში გაქრობის საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური ენაც არის და ისიც რუსული ენის წნეხის ქვეშ არის მოქცეული. 

მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ და აფხაზეთის დევნილმა სამინისტროებმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ აფხაზ და ქართველ თანატოლებს შორის მეგობრული ურთიერთობა აღდგეს. 

აფხაზებისთვის საქართველო ისეთი აბსტრაქტულია, როგორც ჩვენთვის - აფხაზეთი. დიდი პრობლემაა ჩვენი ფობიები. ჩემი თაობისთვის ეს ფობიებიც აბსტრაქტულია. აფხაზეთში როცა ვიყავი, უფროსები მარიგებდნენ, აფხაზებთან კომუნიკაცია არ მქონოდა და მეც მეშინოდა იმ ქუჩისკენ წასვლა, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორები იყვნენ ისინი. სულ წარმომედგინა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, იარაღით ხელში. წლების შემდეგ, როცა გავიზარდე და გავთამამდი, აღარ მოვუსმინე მშობლების გაფრთხილებას და წავედი მათი ქუჩისკენ, მაგრამ იქ არავინ დამხვდა და ცნობისმოყვარეობა ვერ დავიკმაყოფილე, ვერ შევიძინე აფხაზი მეგობარი. 

იმედია, ჩვენი თაობა შეძლებს მშვიდობიანად, აფხაზ ხალხთან შერიგების გზით, დაიბრუნოს აფხაზეთი. 

ახალი ამბები