კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში

21 ოქტომბერი, 2020
 
2020 წლის 23 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED),  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) გამართავს კვლევის  - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ პრეზენტაციას. კვლევაში გაანალიზებულია სამართლებრივი ბაზა და საერთაშორისო სტანდარტები, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ღონისძიებები, რომლებიც ეხებოდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლას. 

კვლევის მიზანი იყო საკანონმდებლო ბაზის კრიტიკული გაანალიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის განმავლობაში პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების კონსტიტუციურობის შეფასება. 

საკანონმდებლო მოწესრიგებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზებია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე რიგ კანონებში, რომელიც ერთი მხრივ არ ადგენენ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმებს, ხოლო მეორე მხრივ კი იძლევიან ადამიანის უფლებების არათანაზომიერად შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, რეკომენდაციას წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის ძირეული გადასინჯვა და ამ მხრივ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც თანხვედრაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან. კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ღონისძიებების გრადაციას სამი სხვადასხვა ვითარებისათვის: ჩვეულებრივი ვითარება, საგანგებო სიტუაცია და საგანგებო მდგომარეობა. თითოეული ვითარების არსებობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი წინაპირობებით და კანონით გაწერილი უნდა იყოს შესაბამისი პროცედურები. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე ის, რომ უფლებათა შეზღუდვის ფარგლებსა და მასშტაბებს თითოეულ ვითარებაში საკანონმდებლო აქტები განსაზღვრავდეს და აღმასრულებელ ხელისუფლებას მხოლოდ ადმინისტრაციული/ტექნიკური საკითხების გადაწყვეტილების უფლებამოსილება ჰქონდეს დელეგირებული. ასევე უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო და სასამართლო კონტროლი.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ამ მხრივ არაკონსტიტუციურობის პრობლემა გამოიკვეთა, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ასევე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და მას შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებთან მიმართებაში. კერძოდ: 
  • საქართველოს მთავრობას ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდა საკმარისი საკანონმდებლო საფუძველი, მიეღო უფლების შემზღუდველი კანონქვემდებარე აქტები (მაგალითად, N164-ე განკარგულებით საჰაერო ფრენების შეჩერება, საგანმანათლებლო პროცესში დაწესებული შეზღუდვები, სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა და სხვა);
  • ირღვეოდა  სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი (მაგალითად, დაშვებული ან/და აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების ხშირი ცვლა); 
  • აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის მინიჭებული ფართო დისკრეცია იძლეოდა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას (მაგალითად, აღნიშვნის ღირსია იუსტიციის მინისტრის მიერ სანოტარო მომსახურების წესში შესული ცვლილებები, რომლითაც უცხოელ მშობლებს აეკრძალათ ექსტრაკორპორული განაყოფიერების მიზნით სანოტარო მომსახურების მიღება); 
  • დაფიქსირდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევის შემთხვევებიც (მაგალითად, დეკრეტის საფუძველზე მთავრობისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, დაედგინა ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მომწესრიგებელი კანონებისგან განსხვავებული წესი და ამ მხრივ ჩაენაცვლებინა კანონმდებელი);
  • ზოგიერთი ზომა იყო დისკრიმინაციული (მაგალითად, 70 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ე.წ. უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისათვის უპირობო კარანტინის დაწესება, განსხვავებით ამავე ქვეყნების მოქალაქეებისგან); 
  • შეზღუდვათა მნიშვნელოვანი ნაწილი არ აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს (მაგალითად მეწარმეობის თავისუფლების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა), რაც ნიშნავს იმას, რომ მიღებული ზომები იყო გამოუსადეგარი, არააუცილებელი ან/და არაპროპორციული. 
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა იმგვარი ვითარების არსებობა, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა სახელმწიფოებრიობისათვის ან კონსტიტუციური წესრიგისათვის. მან ასევე ვერ დაასაბუთა, რომ არსებობდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო პრობლემური იყო, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ერთი თვით.

მისასალმებელია საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქების ტენდენცია, თუმცა აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვების გადამეტებული სიმკაცრე და არათანაზომიერი ჩარევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს კვლევის ფარგლებში წარმოდგენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, სრულყოფს კანონმდებლობასა და პრაქტიკას ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.

პროექტის ფარგლებში სამართლებრივი დახმარება გაეწია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ღონისძიებებით დაზარალებულ პირებს. აგრეთვე მომზადდა კონსტიტუციური სარჩელები. 

ახალი ამბები