2020 წლის 22 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დასრულდა საქმე „ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვა. განმცხადებლის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. სასამართლომ საქმეზე კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილისა და მე-6(1) მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
საქმე ეხებოდა 2009 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც უკრაინის მოქალაქე ო. ბოხონკოს დაკავებისა და ნივთმტკიცების მოპოვების დროს სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები. მათ მოწმეებისა და ექსპერტის დასწრების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მეთოდით გაჩხრიკეს ო. ბოხონკო.
ბოხონკოს დაკავება და მის მიმართ განხორციელებული ღირსებისშემლახავი საგამოძიებო ღონისძიებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ შენობაში განხორციელდა. ჩხრეკის შედეგად, პოლიციელებმა, მათივე მტკიცებით, ამოიღეს, პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი.“
ადამიანის უფლებათა ცენტრი