კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო პერიოდის ძალადობრივი გარემო ქვემო ქართლში

26 ოქტომბერი, 2020
 
სალომე ჩხეიძე, ქვემო ქართლი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების  წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში  არაერთი ძალადობრივი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა, შეფასდეს, როგორც, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ქმედება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს ინციდენტები ზიანს აყენებს მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობას. 

ინციდენტების სიმრავლით გამოირჩევა ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც ერთმანეთს ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი კანდიდატების მხარდამჭერები უპირისპირდებიან. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 27 სექტემბერს სოფელ ნახიდურში მოხდა. „გაერთიანებული ოპოზიციის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა, ათეულობით მხარდამჭერთან ერთად შეიჭრა ჩაიხანაში, თავს დაესხა ოპოზიციონერ აქტივისტებს და ფიზიკურად გაუსწორდა. რამდენიმე აქტივისტმა მიიღო სხეულის დაზიანება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ  და ოპოზიციას პროვოკაციის მოწყობაში და მათ მომხრეებზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებენ. დაპირისპირება მეორე დღესაც გაგრძელდა, როცა ბოლნისში პროტესტის ნიშნად თბილისიდან ჩასულ ავტოკოლონის მონაწილე მანქანებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შედეგადაც ერთი მანქანა დაზიანდა. 

ფაქტთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“  და „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერს, არიფ იუსუფოვს ძალადობის ბრალდება წარუდგინა, მეორე დღეს კი გირაოთი გაათავისუფლა. 

21 სექტემბერს დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მმართველი გუნდის აქტივისტები დაუპირისპირდნენ. გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე კი კრიმინალური ავტორიტეტი, ზურაბ ოკმელაშვილი იყო, რომელმაც შტაბის სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი კი მომხდარში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს და  აცხადებს, რომ ოპოზიციის სურვილია, მეტი ზიანი მიაყენოს საარჩევნო პროცესს და შექმნას არალეგიტიმური საარჩევნო გარემოს ილუზია. „დაჭრილები არიან როგორც ჩვენი აქტივის წევრი, ისე თავდამსხმელები. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გამოიძიებენ ამ თავდასხმას და პასუხისგებაში მიეცემიან, არამხოლოდ მონაწილეები, არამედ, მათი დამკვეთები და ინიციატორები.  ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომლის ამოცნობა ძალიან მარტივია.  ეს თავდამსხმელები, მოვიდნენ „ქართული ოცნების“ ოფისში და ეძებდნენ საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსს, იმისთვის, რომ მიეყენებინათ ზიანი, რასაც შემდგომში, მოჰყვა დაპირისპირება“, - აცხადებს მეშველიანი „ინტეპრესნიუსთან“ საუბრისას. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით არის დაწყებული. 

საყურადღებოა, რომ  როგორც ნახიდურის, ისე დმანისის მოვლენების დროს პარალელურ რეჟიმში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა და სხვადასხვა მედია საშუალება სხვადასხვანაირად აშუქებდა ინფორმაციას. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის გრძელვადიანი დამკვირვებელი, რაბილ ისმაილი ამბობს, ასეთ დროს ბევრი მედიასაშუალება თუ არასამთავრონო ორგანიზაცია იბნევა, რადგან რთულია რეალობის დადგენა.  

„ამ დროს მნიშვნელოვანია, მივყვეთ ქრონოლოგიურად. მაგალითად, ნახიდურის ინციდენტისას,  ჯერ არიფ იუსუფოვი რთავს ლაივს, სადაც ავრცელებს ინფორმაციას ძალადობის შესახებ და დაახლოებით 4 საათის შემდეგღა შუქდება „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც არიან დაზარალებულები. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნის გამოტანის საფუძველს“, -  აცხადებს რაბილ ისმაილი. 

წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ სპეციალური მიმართვა გაავრცელა ადამიანის უფლებათა ცენტრმა, სადაც რეკომენდაციებთან ერთად, პრობლემის  სწორედ ამ ასპექტზეა  გამახვილებული ყურადღება. „პრობლემურია, რომ საზოგადოებას ინციდენტების შესახებ ინფორმაცია განსხვავებულად მიეწოდება სხვადასხვა ტელევიზიის მიერ და იშვიათია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ ინციდენტების დაბალანსებული გაშუქება, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას.  მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიებმა დაიცვან მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნა და ახალი ამბები გამოშვებებში ყველა ფაქტი თუ შეხედულება დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გააშუქონ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.  

წინასაარჩევნო კონფლიქტის ეპიცენტრში მარნეულიც მოექცა, სადაც 29 სექტემბერს   ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.  ინცინდენტი საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტების საკითხმა გამოიწვია. იმავე საღამოს, არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს და მის თანმხლებ 3 პირს დაესხნენ თავს. ასევე  ფიზიკურად იძალადეს   „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადამღებ ჯგუფებზე და სადამკვირვებლო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020-ის“ წარმომადგენელზე,გიორგი მუმლაძეზე.   მთავარი არხის ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურაც.  

ამ ინციდენტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ორი და  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წარმომადგენელი დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯეიჰუნ მუჰამედალის მიმართ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი ბოლნისშიც, სადაც  16 სექტემბერს,  საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ვუგარ ისაევი, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, სავარაუდოდ, დანით დაჭრით დაემუქრა. 

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას მუჰამედალი აცხადებს, გამოძიებამ იგი, როგორც მარნეულის, ისე ბოლნისის  შემთხვევასთან დაკავშირებით დაკითხა. საქმეებიც, როგორც ძალადობის, ისე ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით არის აღძრული, თუმცა დაზარალებულად ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.  „გამოძიებას საქმის მთავარი მოქმედი პირები არც კი დაუკითხავს, რაც აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობს და პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები ხელს აფარებენ კონფლიქტის მოქმედ პირებს, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, - აცხადებს ჯეიჰუნ მუჰამედალი. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო ანალიტიკოსი, მარიამ ლაცაბიძე მიიჩნევს, რომ ნამდვილად არსებობს ეს ტენდენცია, რომ გამოძება იწყება, მაგრამ შემდეგარ ხდება მოწმეების დროული დაკითხვა და შესაბამისად, არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.„ეს საკითხი ნამდვილად პრობლემურია. აუცილებელია, რომ ბოლომდე მივადევნოთ თვალი  გამოძიების პროცესს და რაც მთავარია, საზოგადოებას ეცნობოს დამდგარი შედეგის შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს შემთხვევის ზუსტი კვალიფიკაცია, რადგან მარნეულში  იყო როგორც  ძალადობის, ისე უშუალოდ  ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც.  ორივე არის სისხლის სამართლის დანაშაული და დამნაშავეებმა ამ მუხლითაც  უნდა აგონ პასუხი და არა მხოლოდ ძალადობის მუხლით“, -  აღნიშნავს Humanrights.ge-სთან საუბრისას მარიამ ლაცაბიძე.

მარნეულის მოვლენების დროს კიდევერთიდაზარალებული, „პლატფორმა 2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და თვლის, რომ სამართალდამცავი ორგანოები რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

„გავრცელებულ კადრებში, რომელიც აქვს პოლიციასაც, კარგად ჩანს ადამიანებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები. მოძალადეების იდენტიფიცირებაც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიცია დაინტერესებულია, არ გაგრძელდეს გამოძიების ობიექტური მსვლელობა, რადგან ამ შემთხვევაში, კონფლიქტში მონაწილე, ადგილობრივ მთავრობასთან დაახლოებული პირების გარდა, ალბათ იმ პატრულის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, რომლებიც ინციდენტის დროს იყვნენ ადგილზე და არ მოქმედებდნენ“, -  აცხადებს გიორგი მუმლაძე. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით 18 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, რეგიონებში არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით,  პოლიციის  შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებისთვის.  

თუმცა, როგორც დაპირისპირების ფაქტების რაოდენობიდან ჩანს, შს მინისტრის ბრძანების აღსრულება არც ისე წარმატებით მიმდინარეობს.

ქვემო ქართლში კიდევ არაერთი ძალადობრივი შემთხვევა დაფიქსირდა: 

 1 ოქტომბერს უცნობმა პირებმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის სარეკლამო მიკროავტობუსი ქვების სროლით დააზიანეს,  23 სექტემბერს კი მის საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ჩამოხიეს ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბზე პლაკატები, დააზიანეს ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.    ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში ამჯერადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ. 

 28 სექტემბერს მარნეულის სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთერთ აქტივისტს, სავარაუდოდ ტირის თოფით ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

 11 ოქტომბერს,  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში „ევროპული საქართველოს“ წევრ ოქტაისკანდაროვს დაესხნენ თავს. მისი თქმით, თავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ფიზიკური დაპირისპირებების  ფაქტები“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წინასაარჩევნო ანგარიშშიც მოხვდა. 

„ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები.  პოლიტიკურ პარტიებს კი ვთხოვთ, თავი შეიკავონ და არ დაუშვან მათი მხარდამჭერების მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელება და ოპონენტი  პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა/მუქარის განხორციელება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გამოყენებული წყაროები: 

1. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით: humanrights.ge/index.php?a=main&pid=20233&lang=geo

2. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეორე შუალედური ანგარიში: gyla.ge/ge/post/saiam-2020-tslis-saparlamento-archevnebis-grdzelvadiani-sadamkvirveblo-misiis-meore-shualeduri-angarishi-moamzada#sthash.hQuiai6T.vARWvGLn.dpbs

3. ISFED - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“  მე-4 შუალედური ანგარიში: www.isfed.ge/geo/angarishebi/2020-tslis-saparlamento-archevnebis-monitoringis-IV-shualeduri-angarishi

4. შსს-ს ბრძანება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების  თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე: info.police.ge/uploads/5f69c2aeb49df.pdf

სტატია მომზადდა პროექტის - „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

ახალი ამბები