კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი

30 ოქტომბერი, 2020
 
მეორე შუალედური ანგარიში 

შესავალი 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო, უშუალოდ არჩევნების დღისა და პოსტსაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში ასახულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, კერძოდ, გამოვლენილი დარღვევები ან ისეთი შემთხვევები, რომლებიც ხელს უშლის სამართლიან, თანასწორ და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს. მონიტორინგი განხორციელდა: ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და შიდა ქართლის რეგიონში - გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. 

მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების ფაქტები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ, იდენტიფიცირებულ იქნა არაერთი ძალადობრივი ფაქტი. აღნიშნულმა განსაკუთრებით  საგანგაშო ხასიათი, სექტემბერსა და ოქტომბერში, ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს მიიღო, რის  შედეგადაც, დაშავდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები/მოქალაქეები, მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები. განსაკუთრებით, შეშფოთების საგანია - მსგავს ინციდენტებში საჯარო პირების მონაწილეობა.

1. დაპირისპირება დმანისში 
 
2020 წლის 21 სექტემბერს, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მმართველი გუნდის აქტივისტები დაუპირისპირდნენ. გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე კი კრიმინალური ავტორიტეტი, ზურაბ ოკმელაშვილი იყო, რომელმაც შტაბის სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი კი მომხდარში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს და  აცხადებს, რომ ოპოზიციის სურვილია, მეტი ზიანი მიაყენოს საარჩევნო პროცესს და შექმნას არალეგიტიმური საარჩევნო გარემოს ილუზია. 
 
ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებთ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლით არის დაწყებული. 

2. თავდასხმა ,,ევროპული საქართველოს“ აქტივისტზე
 
2020 წლის 28 სექტემბერს, მარნეულის სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფით ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა. 
 
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

3. „ქართულ ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ დაპირისპირება ბოლნისში
 
2020 წლის 27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა, ათეულობით მხარდამჭერთან ერთად შეიჭრა ჩაიხანაში, თავს დაესხა ოპოზიციონერ აქტივისტებს და ფიზიკურად გაუსწორდა. რამდენიმე აქტივისტმა მიიღო სხეულის დაზიანება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ  და ოპოზიციას პროვოკაციის მოწყობაში და მათ მომხრეებზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებენ. დაპირისპირება მეორე დღესაც გაგრძელდა, როცა ბოლნისში პროტესტის ნიშნად თბილისიდან ჩასულ ავტოკოლონის მონაწილე მანქანებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შედეგადაც ერთი მანქანა დაზიანდა.
 
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1 პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
 
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2020 წლის 4 ოქტომბერს, პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“  და „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერს, არიფ იუსუფოვს ძალადობის ბრალდება წარუდგინა, მეორე დღეს კი, სასამართლომ იგი 4000 -ლარიანი  გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
 
საყურადღებოა, რომ  როგორც ნახიდურის, ისე დმანისის მოვლენების დროს პარალელურ რეჟიმში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა და სხვადასხვა მედია საშუალება სხვადასხვანაირად აშუქებდა ინფორმაციას. წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ სპეციალური მიმართვა გაავრცელა ადამიანის უფლებათა ცენტრმა, სადაც რეკომენდაციებთან ერთად, პრობლემის  სწორედ ამ ასპექტზეა  გამახვილებული ყურადღება.

4. „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება მარნეულში

2020 წლის 29 სექტემბერს   ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.  ინცინდენტი საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტების საკითხმა გამოიწვია. 

იმავე საღამოს, არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს და მის თანმხლებ 3 პირს დაესხნენ თავს. ასევე  ფიზიკურად იძალადეს   „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადამღებ ჯგუფებზე და სადამკვირვებლო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020-ის“ წარმომადგენელზე, გიორგი მუმლაძეზე.   მთავარი არხის ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურაც. 

აღსანიშნავია, რომ ჯეიჰუნ მუჰამედალის მიმართ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი ბოლნისშიც, სადაც  16 სექტემბერს,  საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ვუგარ ისაევი, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, სავარაუდოდ, დანით დაჭრით დაემუქრა. 

ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე. შსს-ს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დააკავეს ორი პირი ძალადობის ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს - გივი და ლაშა ქველაძეებს.

5. ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელზე თავდასხმა

2020 წლის 1 ოქტომბერს, უცნობმა პირებმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის სარეკლამო მიკროავტობუსი ქვების სროლით დააზიანეს; მანამდე, 2020 წლის 23 სექტემბერს კი, მის საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ჩამოხიეს ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბზე პლაკატები, დააზიანეს ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურაცხმყოფელი სიტყვები. ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში ამჯერადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გამოძიება გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა, ამ დრომდე, არცერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.

6. ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელზე თავდასხმა

2020 წლის 11 ოქტომბერს, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში „ევროპული საქართველოს“ წევრ ოქტაი სკანდაროვს დაესხნენ თავს. მისი თქმით, თავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტი

7. ახალუბანში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი

2020 წლის 16 ოქტომბერს, გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან თარხნიშვილს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანში რამდენიმე ადგილობრივმა შეხვედრა ჩაუშალა. თარხნიშვილის განცხადებით, პროვოკატორები მართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. თარხნიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ექვსამდე პირმა შეუშალა ხელი და პროვოკაცია მოუწყვეს. სოფელ ახალუბანში დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ეთერ ჯალაღანია, მობილური ტელეფონით ცდილობდა, მათი პარტიის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის საარჩევნო პლაკატზე „ქართული ოცნების კანდიდატის - გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატის გადაკვრის ფაქტი გადაეღო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს: 
  • დროულად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტები. 
  • სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.
პოლიტიკურ პარტიებს: 
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა, მუქარა და ძალადობა; 
  • წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისი აქტივობები განახორციელონ კანონით დადგენილ ჩარჩოებში, მშვიდობიანი ფორმებით. 
  • კენჭისყრის დღეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებებისგან და პატივი სცენ არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარების მოთხოვნას.
მედიასაშუალებებს: 
  • კეთილსინდისიერად შეასრულონ საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და საინფორმაციო გამოშვებებში, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ფაქტის თუ შეხედულების დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გაშუქება. 
  • ფაქტების გადმოცემისას თავი შეიკავონ ინფორმაციით თვითნებური მანიპულირებისაგან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქართველოს მედიაგარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ტელევიზიების ნაწილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემხრობა, რაც მათ სარედაქციო პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს. 
ანგარიში მომზადდა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი ანგარიშის შინაარსზე.
     

ახალი ამბები