კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ერთობლივი განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

24 ნოემბერი, 2020
 
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეათეჯერ აირჩია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საყოველთაო და პირდაპირი კენჭისყრით. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს - 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების სისტემა არსებითად შეიცვალა, რის შედეგადაც გაიზარდა პროპორციული წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს იყო მნიშვნელოვანი დემოკრატიული განვითარება და მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგი. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა, რაც ცხადყოფს საარჩევნო დარღვევებთან გამკლავების კუთხით როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემებს. წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის წაშლის, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით. მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით თვალსაჩინო ტენდენციას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის ნაკლებობა.

არჩევნების დღეს, მმართველი პარტიის მხარდამჭერები და ე.წ. კოორდინატორები მასობრივად იყვნენ მობილიზებულები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ზოგიერთი ასეთი ჯგუფის ქმედება ხელს უშლიდა ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვებით, კენჭისყრის პროცესში ბევრი დარღვევა არ გამოვლენილა. თუმცა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი უზუსტობები მთელი საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში - დისბალანსის შემთხვევები უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასა და მიცემულ ხმებს შორის. 

საარჩევნო დარღვევებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მასშტაბური პროტესტი მოჰყვა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. 8 ნოემბერს, თბილისში, ათობით ათასი ადამიანი მშვიდობიანად შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ საარჩევნო დარღვევების გასაპროტესტებლად. მომიტინგეებმა მოგვიანებით მანიფესტაციის ფორმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც ხელისუფლებამ ისინი წყლის ჭავლისა და გაურკვეველი ტიპის გაზის გამოყენებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე  დაშალა. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ნაკლებად ლეტარული იარაღის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენების შესახებ, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ შემდეგ ვითარებაში: როდესაც არსებობს სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან საკუთრების მასშტაბური განადგურების საფრთხე. ამ გარემოებებიდან არცერთი არ ყოფილა სახეზე აღნიშნულ აქციაზე. ეს შეფასება ადამიანის უფლებათა ცენტრის რამდენიმე დამკვირვებლის მიერ ამ აქციის სრული მიმდინარეობის პირდაპირ, ადგილზე დაკვირვებას ეფუძნება. 

მომდევნო დღეს, 9 ნოემბერს, მთავრობამ ახალი შეზღუდვები შემოიღო, რომლის თანახმად, ადამიანთა გადაადგილება, მანქანით ან ფეხით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა აიკრძალა საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე. მთავრობის მიერ გაჟღერებული ოფიციალური არგუმენტი ახალი შეზღუდვების გასამართლებლად წარმოადგენდა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები რადიკალურად იზრდება, რაც იწვევს მოსახლეობის შეშფოთებას და საჭიროებს უფრო მეტ აქტიურ ზომებს ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, ახალი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს. აღნიშნული შეზღუდვები, ასევე, საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას და არაპირდაპირ ზღუდავს მას. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება, შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ამ პირობებში. ამ შეზღუდვების მიღების დრო და ხასიათი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი შემოღებულია გაზრდილი საპროტესტო მუხტის ჩასახშობად. 

საქართველოს მთავრობა უფრო ფხიზლად და ღია უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების მიმართ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს აუცილებელია უფრო სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ხელშესაწყობად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება. ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ხშირი და მასშტაბური შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდში წარმოაჩენს ორგვარ დარღვევებს - დარღვევებს, რომელიც გამოწვეულია ცოდნის ნაკლებობით და დარღვევებს, რომელიც გაცნობიერებულად არის ჩადენილი. კანონდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი უნდა დაისაჯოს შესაბამისად. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უკეთ უნდა გადამზადნენ იმისათვის, რომ სრულად დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას დისციპლინარული სანქციები. 

დაბოლოს, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს არსებული ეპიდემიოლოგიური კრიზისი იმისათვის, რომ ჩაახშოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სამართლიანი პროტესტი.


ახალი ამბები