კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების სეპარატისტული იდეა - ანექსიის რეალური საფრთხე თუ მხოლოდ შანტაჟი?

15 აპრილი, 2022
ალეკო ცქიტიშვილი

10 აპრილს სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საერთაშორისო სამართლით, ამ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია. თუმცა, მთავარი ინტრიგა მაინც ის არის, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი პირველ ტურში დამარცხდა და მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს, ალან გაგლოევს დაუპირისპირდება. ბიბილოვი წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ არჩევნების შემდეგ გეგმავს, ჩაატაროს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე. 

საქართველოსთვის კიდევ ერთხელ გაჩნდა საფრთხე, რომ რუსეთმა შეიერთოს 2008 წლის სამხედრო ინტერვენციისას ოკუპირებული და შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“. ამ გზით რუსეთი, ფაქტობრივად, მოახდენს საქართველოს ისტორიული ნაწილის ანექსიას, რაც იქნება აგრესორი ქვეყნის მრავალწლიანი, გეგმაზომიერი დანაშაულებრივი ქმედებების კულმინაცია. 

რამდენად რეალური შეიძლება იყოს საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის / ცხინვალის რეგიონის ანექსია რუსეთის მხრიდან? ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომის პარალელურად, საქართველოში კონფლიქტის განახლება, წესით, რუსეთისთვის დამატებითი პრობლემების მომტანი იქნება და ამ ეტაპზე, რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ანექსია. 

კონფლიქტოლოგი, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოსთვის ცალსახად საფრთხის შემცველია, მაგრამ რუსეთისთვის არც თუ ისე იდეალური იქნება, მსგავსი რეფერენდუმი მართლაც რომ ჩატარდეს და მერე  ოკუპირებული რეგიონის შეერთების გადაწყვეტილებაც მიიღოს. ამ თემის წამოწევა რუსეთს უფრო მეტად საქართველოზე ზემოქმედებისთვის, შანტაჟისთვის ჭირდება. 

„ვფიქრობ, ამ თემის გააქტიურებით, რუსეთი აძლიერებს „ქართულ ოცნებას“, რომლის რიტორიკაში კვლავ რჩება „რუსეთის არგაღიზიანება“ და ლოიალურობა. საზოგადოებისადმი გზავნილი ასეთია - რაკი რეფერენდუმი იგეგმება, ასეთ დროს „ოცნების“ სიჩუმე, სიფრთხილე და რუსეთისადმი დამთმობი პოლიტიკა გამართლებულია. ამიტომ რუსეთს ურჩევნია, ეს რეფერენდუმი ან საერთოდ არ ჩატარდეს ან თუკი მაინც ჩატარდება, ტერიტორიის შეერთების გადაწყვეტილება აღარ მიიღოს, რადგან ანექსიით იგი დააზარალებს თავის ფაქტობრივ მოკავშირეს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. სამხრეთ ოსეთის ანექსია დიდ მღელვარებას გამოიწვევს საქართველოში, რასაც შეიძლება მოჰყვეს ვადამდელი არჩევნები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრული. ამიტომ ანექსია უფრო მეტად პრობლემურია რუსეთისთვის, ვიდრე სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ამ შემთხვევაში, საქართველოსთან ვაჭრობა და შანტაჟი აღარ გამოუვა, როგორც ამას აკეთებს დამოუკიდებლობის აღიარების პირობებში, რაც ჰაერში გამოკიდებული საკითხია -  როცა უნდა, მაშინ წაიღებს უკან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ანექსიის შემთხვევაში კი ტერიტორია უნდა მიიერთოს და ეს კონსტიტუციურად გაამყაროს, რისი შეცვლაც მერე ძალიან გაუჭირდება. ანექსიის წინააღმდეგ მთელი საქართველო ქუჩაში გამოვა და ვეღარ გააჩერებს ვერავინ ხალხს. ვეღარ იპოვის რუსეთი მმართველს, ვინც ამ ანექსიას გაამართლებს. ახლა ფაქტობრივად უკვე აქვს რუსეთს შეერთებული სამხრეთ ოსეთი და რაღად უნდა გაფორმებული ანექსია?! მე არ ვარ იდეალისტი და არ მგონია, პუტინის ლოგიკაში ახლა ვინმე ერკვეოდეს, მაგრამ ამ თემით ვაჭრობა და შანტაჟი უფრო ეფექტურია რუსეთისთვის, ვიდრე ანექსიის რეალური გადაწყვეტილება“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. 

რუსეთის გადაწყვეტილებების ალოგიკურობის შესახებ საუბრობს ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის დირექტორი, უჩა ნანუაშვილიც. მისი თქმით, რუსეთი რას და როგორ გადაწყვეტს, წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია. მაგალითად, არარეალურია და არ მგონია, ასე მოხდეს, მაგრამ რადგან არაპროგნოზირებად ფსიქოპატთან გვაქვს საქმე - პუტინთან და რადგან უკრაინაში მარცხდება და უკან იხევს, შესაძლოა, ამის საპირისპიროდ შეუერთოს რუსეთს სამხრეთ ოსეთი და ეს შეასაღოს რუს ხალხს „გამარჯვებად“. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველა შესაძლო სცენარისთვის.

უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის მისაღები არ არის, რაც ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც აისახა. საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა სამხრეთ ოსეთიდან უკრაინის ომში ოსი მებრძოლების წაყვანას. ცხინვალის ქუჩებში ანტისაომარი პროკლამაციებიც გავრცელდა, რაც იქ არსებული რეჟიმის პირობებში იშვიათი მოვლენაა. 

„რუსეთთან შეერთების შესახებ მოწოდებები, მათ შორის - რეფერენდუმის მეშვეობით, ცხინვალში რამდენიმე ათეული წელია, პერიოდულად გაისმის. ეს საკითხი დე ფაქტო პრეზიდენტის ბიბილოვის პროგრამაში ყოველთვის პრიორიტეტული იყო, მაგრამ რამე კონკრეტული განვითარება არ მოჰყოლია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ საკითხის კვლავ წამოწევა ბიბილოვს დასჭირდა კრემლისგან შემდგომი უპირობო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამასთანავე, მისი ერთგულების ხაზგასასმელად და ცხინვალში დაგროვებული პრობლემების რუსეთის მიერ მოგვარების ერთგვარ საშუალებად. მეორე მხრივ, რუსეთს ახლა საქართველოსთან კიდევ უფრო ვითარების დაძაბვა ხელს არ უნდა აძლევდეს და ამიტომ ბიბილოვი და მისი იდეები, მათ შორის - რეფერენდუმი, დიდი ალბათობით, ე. წ. მეორე ტურის მერე აქტუალური აღარ იქნება“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სამოქალაქო ფორუმის თავმჯდომარე, ზურაბ ბენდიანიშვილი იხსენებს არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში 2014 წლის ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ანატოლი ბიბილოვმა სწორედ რუსეთთან მიერთების ლოზუნგით მოიგო და მეტი დამაჯერებლობისათვის თავის პარტიას „ედინაია ოსეტია“ (ერთიანი ოსეთი) დაარქვა პუტინის პარტია „ედინაია როსიას“ ანალოგით: „ბიბილოვმა ჯერ კიდევ მაშინ წამოწია რეფერენდუმის საკითხი. იგივე მეთოდით მოიგო 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც. შეიძლება ითქვას, საკუთარ საზოგადოებაში საკმაოდ არაპოპულარული ბიბილოვი პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნას რუსეთთან მიერთების თემით ახერხებდა. იგივე თემა წამოწია 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, მაგრამ ამჯერად უფრო შორს წავიდა - რეფერენდუმის ჩატარების კომისია შექმნა, რომლის გაფართოებულ სხდომას არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაესწრნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და რუსეთის სამხრეთ რეგიონების ლიდერები, რუსეთის სენატორები და სახელმწიფო სათათბიროს წევრები. ასე ჩანდა, რომ ოფიციალური მოსკოვი მხარს უჭერდა როგორც ბიბილოვის კანდიდატურას ამ არჩევნებზე, ასევე - რეფერენდუმის ჩატარების იდეას. თუმცა, ოსურ ელექტორატზე ამან არ იმოქმედა, და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური უნდა გაიმართოს, ამომრჩევლის განწყობიდან ჩანს, რომ ბიბილოვმა ეს არჩევნები წააგო“. 

ზურაბ ბენდიანიშვილი ყურადღებას ამახვილებს სეპარატისტთა ლიდერის იდეის პარადოქსულობაზე - ანატოლი ბიბილოვი ამომრჩეველს სთხოვდა მისთვის ხმის მიცემას, რათა არჩევნების შემდეგ „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი“ გაეუქმებინა. მრავალ სხვა ფაქტორთა შორის, შესაძლოა, ესეც გახდა მისი დამარცხების მიზეზი. 

საინტერესოა, რომ 1992 წელს, ქართულ მხარესთან სამხედრო დაპირისპირების პირობებში, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მის კონტროლ ქვეშ მყოფ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ნაწილზე უკვე ჩაატარა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და რუსეთთან მიერთების საკითხებზე, რა დროსაც მხარდაჭერამ 97 % და 99 % შეადგინა. ამიტომ, ბევრი ცხინვალში ფიქრობს, რომ ახალი რეფერენდუმის ჩატარება ზედმეტია და მოსახლეობამ თავის ნება უკვე გამოხატა. 

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის და სისხლისმღვრელი ომის პირობებში საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე და „რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა“ ვერ უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პრევენციას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად აღარ ლაპარაკობს დეოკუპაციაზე და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის სამხედრო ნაწილების გაყვანაზე: „დეოკუპაციაზე და შეთანხმების შესრულებაზე საუბარი შეწყდა. რუსეთს ხელი აქვს მოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაზე და მისი შესრულების ვალდებულებაც აქვს. შეთანხმების მე-5 პუნქტში წერია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს ცოცხალი შეთანხმებაა, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს. ამაზე ახლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ. არადა, ამაზე ლაპარაკობს მთელი მსოფლიო. ადრე ჩვენც ვლაპარაკობდით და ახლა დავდუმდით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი და ბერკეტი, რომ მსოფლიოს ვუთხრათ - ახლა რომ აწერს ხელს უკრაინა რუსეთთან შეთანხმებაზე, რა გარანტია გაქვთ, რომ რუსეთი შეასრულებს ამ შეთანხმებას?! აგერ, იგი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებას!“

რუსეთის ხელისუფლების მთელი ყურადღება ამჟამად უკრაინისკენაა და ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ნაკლებად სცალია. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სამხრეთ ოსეთის ანექსიის საფრთხეს ქართული საზოგადოება გამძაფრებული ემოციით ხვდება. ომი პირდაპირ შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს. ექსპერტების აზრით, ბიბილოვის დამარცხება ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სამხრეთ ოსეთიდან ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეების უკრაინაში საომრად იძულებით წაყვანამაც გამოიწვია, რასაც ოსების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პროტესტის გამოხატული ფორმაა ისიც, რომ ცხინვალის რუსული ბაზიდან უკრაინაში საომრად გაგზავნილი 300-მდე ჯარისკაცი შინ დროზე ადრე, რამდენიმე დღეში დაბრუნდა, რაც რუსეთის მხრიდან დეზერტირობად შეიძლება ჩაითვალოს, რეალურად კი გამოჩნდა, რომ ოსები საოკუპაციო რეჟიმს ასე ბრმად არ ემორჩილებიან. ეს კი ნიშნავს, რომ ნდობის აღდგენის რესურსები ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაც და სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად უნდა ცდილობდეს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან, თუნდაც - დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს და მათთვის ევროპული პერსპექტივების გაზიარებას. 

ახალი ამბები