კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინის სიტუაციის გამოძიება ჰააგის სასამართლოს უადვილებს საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას და მთავარი დამნაშავეების დასჯას

3 მაისი, 2022
ალეკო ცქიტიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი სიახლეა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ დაკავების განჩინებების გამოცემის მოთხოვნა. პროკურორმა კარიმ ხანმა სასამართლოს წინაშე სამი ყოფილი ოსი მაღალჩინოსნის დაკავება იშუამდგომლა. შეძლებს თუ არა ჰააგის სასამართლო მათ დაკავებას და გასამართლებას? საკმარისი იქნება კი მათი დასჯა მართლმსაჯულების აღსასრულებლად? რატომ არ მოითხოვა ჰააგის პროკურორმა რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების დაკავება, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებლები რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე? 

მიხაილ მინძაევი აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ჰამლეტ გუჩმაზოვი - ცხინვალის წინასწარი დაკავების დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო დავიდ სანაკოევი - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ომბუდსმენი. ასევე, ICC-ს პროკურორის ოფისმა საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვა 2008 წლის ომის დროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის წინააღმდეგ. თუმცა, ამასობაში ბორისოვი გარდაიცვალა და ამ მარტივი, ადამიანური მიზეზით, მისი გასამართლება უკვე შეუძლებელია. 

როგორც ICC-ს პროკურორი მიუთითებს თავის საჯარო განცხადებაში, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაატყვევეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეები, ძირითადად - მოხუცები და ავადმყოფები, რომლებსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ დაეტოვებინათ სახლები და გაქცეოდნენ საბრძოლო მოქმედებებს. დაკავებისას მათ არ განუმარტეს დაკავების მიზეზები და არც რაიმე სახის პროცედურული უფლებით უსარგებლიათ. პროკურორის განმარტებით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო ჩაკეტილი ანტისანიტარიულ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში, სადაც მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ. პროკურორი ცხადად მიუთითებს, რომ ეს დანაშაულები რუსეთის ოკუპაციის რეჟიმის პირობებშია ჩადენილი. 

ICC-ს გამოძიება საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით მოიცავს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის: ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, და ომის დანაშაულებს: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმა, ქონების განადგურება და ძარცვა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია (GCICC) აცხადებს, რომ საქართველოში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე უპირველესი პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს ეკისრებათ. ფაქტია, რომ 2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციებს რუსეთი ხელმძღვანელობდა. თუკი მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის მაღალჩინოსნები იქნებიან პასუხისმგებელი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს შორის დაუსჯელობის განცდას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, პრობლემური იქნება იმ სამი პირის დაკავებაც, ვისზეც პროკურორმა კარიმ ხანმა სასამართლოსგან დაკავების განჩინებების გამოცემა მოითხოვა. 

GCICC-ის თავმჯდომარე, საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, თამარ ონიანი Humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი სასამართლო ამ პირთა დაკავების განჩინებებს გამოსცემს, მსხვერპლთა უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის, მნიშვნელოვანია, ეს განჩინებები აღსრულდეს და სამართალი პრაქტიკულად ხელშესახები გახდეს: „ამ სამი პირის დაკავება გამოწვევა იქნება, რადგან რუსეთი 2016 წლიდან აღარ არის რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფო. შესაბამისად, რუსეთი და მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გახდება თავშესაფარი დამნაშავე პირებისთვის. ვიდრე რუსეთში არსებული ფორმის მმართველობაა, იქნება ეს პუტინის თუ სხვა ხელისუფალის მეთაურობით, მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება. ამდენად, გუჩმაზოვის, მინძაევისა და სანაკოევის დაკავების რეალურობა პირდაპირ უკავშირდება რუსეთის ფაქტორს. რუსეთი თუ არ ითანამშრომლებს სასამართლოსთან, ის დამნაშავეთა თავშესაფარი იქნება. დამნაშავეები თუკი გადაკვეთენ რუსეთის ან მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვარს, განჩინებების აღსრულების პერსპექტიულობა უფრო გაიზრდება, რადგან, რომის სტატუტის წევრ 123 სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს სასამართლოსთან განჩინებების აღსასრულებლად“.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ICC-ს პროკურორი პარალელს ავლებს უკრაინის სიტუაციასთან და განმარტავს, რომ  ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების არსებობა, ასევე, ნათლად იკვეთება უკრაინის სიტუაციაშიც
კოალიციის წევრი ორგანიზაციის - „საერთაშორისო სამართლიანობის“ ხელმძღვანელი, ნიკა ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან პარალელის გავლებით ჩნდება შანსი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის და საქართველოს სიტუაციები ერთმანეთს დაუკავშიროს. თუკი ICC ამ გზით წავა, უფრო ლოგიკურად მოხდება რუსეთის მაღალჩინოსნების, მათ შორის - ხელისუფლების პირველი პირების მხილება იმ დანაშაულებში, რაც 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 და 2022 წელს უკრაინაშია ჩადენილი.  ლოგიკურადაც, ვინაიდან ერთი სტილის დანაშაულებია ჩადენილი, ჩანს, რომ ერთნაირად გაიცემოდა ბრძანებები და შესაბამისად, დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება, რომელიც 2008 წელსაც და 2014 წელსაც იყო სათავეში, პასუხისმგებელია ორივე ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულებზე. ამიტომ ჩნდება შესაძლებლობა, ჰააგის სასამართლომ გააერთიანოს უკრაინის და საქართველოს სიტუაციების გამოძიებები.

„ICC-ს პროკურორმა, კარიმ ხანმა ადვილად აუღო ალღო უკრაინის სიტუაციას. 2022 წლის თებერვლამდე, ვიდრე რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, ისე ჩანდა, რომ პროკურორი  საერთოდ არ აპირებდა თითქოს უკრაინის სიტუაციაზე გამოძიების გახსნას და 2014 წლის კონფლიქტზე გამოძიების დაწყებას, მაგრამ ახლა მან მთლიანად შეიცვალა პოზიცია და პროცესი ისე მიდის, რომ ალბათ, მოითხოვს დაკავების განჩინებების გამოცემას. შეიძლება პუტინამდეც კი მივიდეს. ამის დიდი იმედი მაქვს. ადრე ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა აქეთკენ მიდის ყველაფერი. კარიმ ხანი თვითონვე ხშირად ჩადის კიევში. მისი თანამშრომლები იქ არიან ბაზირებული. კარგი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. შანსი ჩნდება, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პარალელურად, საქართველოს სიტუაციასაც ეშველოს“, - ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი Huamanrights.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს და ყოფილი სამი ოსი სეპარატისტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს, ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, ჰააგის სასამართლოს პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როგორც წესი, ამა თუ იმ სიტუაციის, კონფლიქტის გამოძიებისას სულ რამდენიმე პირზე გაიცემა დაკავების ორდერები. საქართველოს სიტუაციაც არ იქნება გამონაკლისი და არ უნდა ველოდოთ, რომ ათობით დაკავების ორდერი გაიცემა: „ჰააგაში ყველამ იცის, რომ დანაშაულებია ჩადენილი, მაგრამ პრობლემა არის მტკიცებულებების ნაწილი. მით უფრო, როცა დანაშაულებიდან დიდი დროა გასული, ბევრი მტკიცებულება დაიკარგა ან განადგურდა, ბევრი მოწმე გარდაიცვალა ასაკის გამო ან ავადმყოფობით. შესაბამისად, მტკიცებულებებით ძალიან რთულია, პროკურორი გავიდეს რუს მაღალჩინოსნებზე, თორემ ჰააგაშიც იციან და გასაგებია, ვინ გასცემდა ბრძანებებს 2008 წლის ომის დროს. ჰააგის გამოძიება მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული. თუკი ჰააგა მტკიცებულებების გარეშე იტყვის, რომ პუტინი არის ყველაფერში დამნაშავე, ეს არ იქნება დასაბუთებული იურიდიული განაცხადი. პუტინი რომ დამნაშავეა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ჰააგის სასამართლოსთვის მტკიცებულებებია საჭირო, რომ პუტინს დაუმტკიცო, რა კონკრეტული ბრძანება გასცა, რასაც მოჰყვა კონკრეტული დანაშაულები. რაც შეეხება მინძაევს, გუჩმაზოვს და სანაკოევს, ძირითადად ჩვენი (არასამთავრობოების) მასალების დიდი ნაწილიც უკავშირდებოდა ცხინვალის საპყრობილეში არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. შესაბამისად, ყველაზე მეტი მასალა, რაც ჰქონდა პროკურორს, იყო სწორედ ამ საპყრობილეში მომხდარი დანაშაულები. საბოლოო ჯამში ჩათვალა, რომ ვისზეც ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, მათი დაკავების მოთხოვნაც შესაძლებელია, თუნდაც - იმ იმედით, რომ თუკი ისინი წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე, მათ შეიძლება დაასახელონ ის პირები უფრო ზემოთ, ვის ბრძანებებსაც ასრულებდნენ და ამის მერე იქნება შესაძლებელი, უფრო მაღალი რანგის დამნაშავეთა დაკავებაც“.

როგორც GCICC-ს თავმჯდომარე, თამარ ონიანი ამბობს, ICC-ს, როგორც სასამართლო ინსტიტუციას, არ აქვს საკუთარი საპოლიციო ძალა და იგი სრულად დამოკიდებულია მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოების თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი - მაშინ, როდესაც საქმე ეხება დაკავებას ანდა უკვე დაკავებული პირების გადაცემას ჰააგაში, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას. დაპატიმრების ორდერი ძალაში რჩება მანამ, სანამ სასამართლო სხვაგვარად არ მიუთითებს. დაპატიმრების ორდერის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, მოითხოვოს პირის წინასწარი დაპატიმრება ან პირის დაკავება და გადაცემა. თუკი ყველაფერი ისე წავიდა, რომ ეჭვმიტანილი პირები დააკავეს, მაშინ, რომის სტატუტის 61-ე მუხლის თანახმად, პირის სასამართლოსათვის გადაცემის ან სასამართლოში მისი ნებაყოფლობითი გამოცხადების შემდეგ სათანადო ვადაში, წინასასამართლო პალატა გამართავს საქმის მოსმენას იმ ბრალდებათა დადასტურების თაობაზე, რომელთა საფუძველზე პროკურორი აპირებს ბრალდებულის გასამართლებას. საქმის მოსმენა უნდა მოხდეს პროკურორის და ბრალდებული პირის, ასევე - მისი დამცველის თანდასწრებით. ამის შემდეგ, სასამართლო განიხილავს ბრალდებულ პირთა საქმეს. ამ პროცესში, გარდა, ბრალდებისა და დაცვის მხარის მონაწილეობისა, ასევე, უზრუნველყოფილია მოწმეთა და დაზარალებულთა ჩართულობა. თუმცა, სასამართლო იღებს სათანადო ზომებს, რათა დაიცვას მსხვერპლთა და დაზარალებულთა უსაფრთხოება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. გარდა დამნაშავეობის საკითხის გადაწყვეტისა და სასჯელის შეფარდებისა, სასამართლო აწესებს პრინციპებს დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მათ შორისაა - რესტიტუცია, კომპენსაცია და რეაბილიტაცია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია (GCICC) ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატას მოუწოდებს, გონივრულ ვადაში განიხილოს პროკურორის მოთხოვნა განჩინებების გამოცემასთან დაკავშირებით; ასევე, დაზარალებულებთან მიმართებით სამართლის აღსრულების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, კოალიცია სასამართლოს პროკურორის ოფისს მოუწოდებს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, აქტიურად განაგრძოს გამოძიება, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 

ახალი ამბები