კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელი ამბულატორიის და სარწყავი წყლის გარეშე - ცხოვრება მავთულხლართების მიღმა

2 აგვისტო, 2022
გიორგი დვალიშვილი, შიდა ქართლი 

„გვეშინია, აქაც რამე უბედურება არ მოხდეს", - ამბობს 72 წლის ციური დვალიშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან ახლოს, სოფელ ციცაგიანთკარში ცხოვრობს. მისი თქმით, მეზობელ სოფელში - კარბში სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 33 წლის მამაკაცი, რომელსაც 70 წლის ქალმა თავში ქვა ჩაარტყა. ციცაგიანთკარის მოსახლეობა ამბობს, რომ სარწყავი წყლის გამო, კონფლიქტები მათ სოფელშიც ხშირად ხდება.

„პირდაპირ მეტირება ხოლმე, როცა ვუყურებ ჩემს ნარგავ-ნათესებს. გასახმობად მენანება. ჩემს ბიჭს არც ვუშვებ ხოლმე. მეშინია რამე უბედურებას არ გადაეყაროს“, - ამბობს ციური დვალიშვილი.

ციცაგიანთკარელების შემოსავლის დიდ ნაწილს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა მიწის დამუშავებას ვეღარ ახერხებს. ნაწილი იძულებული გახდა, პირუტყვი გაეყიდა, რადგან საძოვრები ფაქტობრივად, აღარ დარჩა სოფელს.

„რითი ვირჩინოთ თავი?!.. მიწაა და ვერ ვამუშავებთ იმის შიშით, რომ ნარგავ-ნათესებს ვერ მოვრწყავთ და გაგვიხმება. მეცხოველეობაა და საძოვრები ფაქტობრივად, აღარ დაგვრჩა. ერთი მხრივ, ეს მცოცავი ოკუპაცია და მეორე მხრივ, გაყიდული და გასხვისებული მიწები. სოფელი სულს ღაფავს, პატრონი კი არსაიდან არ ჩანს", - ამბობს კობა ციცაგი.

სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიწის დამუშავება დარჩა თავის რჩენის ერთადერთ საშუალებად. აქედან გამომდინარე, მათთვის სარწყავი წყლის პრობლემა ყველაზე აქტუალურია.

„სოფლის ერთ ნაწილს მიეწოდება წყალი, ხოლო მეორე ნაწილს - არა. ბევრჯერ იარაღით ვმდგარვარ და ესე მომირწყვია ჩემი ბაღი. კი არ ვესვრი, მაგრამ შიში ექნებათ, სხვანაირად არ გამოდის", - ამბობს ციცაგიანთკარის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

სოფელში აქტუალურია ამბულატორიის პრობლემაც. კოტეჯი ამბულატორიისთვის ზამთარში დაიდგა, მაგრამ ობიექტი დღემდე უფუნქციოა.

„წნევა მქონდა მაღალი, სოფელში ექიმი ვერ ვნახეთ, სასწრაფო კი 40 წუთის შემდეგ მოვიდა. ისედაც სულ მოხუცები დავრჩით სოფელში და რის იმედად ვიყოთ, არ ვიცით. აგერ, კი დადგეს კოტეჯი ამბულატორიისთვის, მაგრამ ჯერ გაღებული არ გვინახავს. რაში დაიხარჯა ათასობით ლარი, არ ვიცით", - აცხადებს 75 წლის ბაგრატ ციცაგი.

ბაგრატ ციცაგი ამბობს, რომ სოფელში მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხუცი თაობაა. მისი თქმით, ციცაგიანთკარში წლებია, დაწყებითი კლასის სკოლა დაკეტილი და უფუნქციოა: „ბავშვთა სიმცირის გამო, სკოლა, წლებია, დაკეტილია. რამდენიმე ბავშვია და ისინი მეზობელ სოფელში დადიან. სოფელში მოხუცები ვართ დარჩენილი. ამბულატორიის ამუშავება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო გორის მერიისგან დაპირება, რომ ციცაგიანთკარში ამბულატორია ამოქმედდებოდა. თუმცა, 3 წლის შემდეგაც ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

„ადგილზე მისულებს ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ კოტეჯი 2022 წლის ზამთარში ჩადგეს, მაგრამ დღემდე უფუნქციოა და მისი კარიც კი არ გაღებულა. სამწუხაროდ, პროექტები, რომლებიც ხორციელდება ამა თუ იმ დასახლებაში, როგორც წესი, ვერ ემსახურება ხოლმე ადგილობრივების რეალურ საჭიროებებს და კეთდება მხოლოდ პიარისთვის, სათქმელად, რომ ციცაგიანთკარში, მაგალითად, ამბულატორია არის. საბოლოოდ, ეს ყოველივე აჩენს ეჭვებს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას ძირითადი მოტივაცია არის არა მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება, არამედ გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩაწერა საზოგადოებაში და ხშირ შემთხვევაში არ გამოირიცხება კორუფციის ნიშნებიც", - აცხადებს ლექსო მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.

Humanrights.ge საკითხის შესწავლის მიზნით, ახალუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში (რომლის შემადგენლობაშიც არის ციცაგიანთკარიც) გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, ტარიელ ვათიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პრობლემების შესახებ უწყება ინფორმირებულია.

„სარწყავი წყლის პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდება აუცილებლად, რაც შეეხება ამბულატორიას, კოტეჯი დგას, მაგრამ ელექტროენერგია არ არის ჯერჯერობით შეყვანილი და არც ინვენტარია შეტანილი. მერია ჩავაყენე საქმის კურსში და ვიცი, რომ დღის წესრიგში დგას ამ პრობლემის მოგვარება", - განმარტა ტარიელ ვათიაშვილმა.

ციცაგიანთკარის მოსახლეობა ასევე საუბრობს ნაგვის ურნების სიმცირეზე და სტიქიური ნაგავსაყრელის პრობლემაზე: „ნაგვის ურნები არასაკმარისია და განთავსებულია მხოლოდ ცენტრალურ გზაზე. მათი ნაწილი დაზიანებულია. სოფლის შესასვლელში მოწყობილია სტიქიური ნაგავსაყრელი. აქ ნაგავს მეზობელი სოფლის მაცხოვრებელები ყრიან. არაერთხელ მივმართეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მის წარმომადგენელს პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ მათ ამ საკითხის მეზობელი სოფლის მოსახლეობასთან მოლაპარაკებით გადაწყვეტა გვირჩიეს. პრობლემა კი დარჩა პრობლემად“.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ გასულ წელს 20 სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელა სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები. ციცაგიანთკარში ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

„მაგაზე მე რა გიპასუხოთ, თუ მეზობელი სოფლის მოსახლეობა ყრის ნაგავს?! ურნების დამატება ჯერჯერობით არ იგეგმება, მაგრამ ნარჩენები გარკვეული პერიოდულობით გაგვაქვს“, - განაცხადა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარჯაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისა და კონფლიქტის რეგიონებში განგრძობადი უფლებადარღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა", რომლის ფარგლებშიც ხდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ვიზიტები, პრობლემების იდენტიფიცირება და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზების ადვოკატირება.

ახალი ამბები