კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

12 აგვისტო, 2004

მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს
(უფლებადამცველებზე ზეწოლასთან დაკავშირებით)

ბოლო პერიოდში ჩემი და ჩემი ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების მხრიდან  დაწყებული შეტევების გამო იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი:

ახალი ხელისუფლების პირობებში დღითი-დღე შეუძლებელი ხდება ჩვენი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება. ე.წ “ვარდების რევოლუციის” დროს ამჟამინდელი მმართველი ძალის სატელიტი ორგანიზაციებისაგან განსხვავებული, მიუკერძოებელი პოზიციის დაკავებას და შემდგომში უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის აქტიურ და ობიექტურ შესწავლასა და განსაკუთრებით საგანგაშო ფაქტების გამოვლენა-გახმაურებას მოყვა აშკარა დევნა-შევიწროვება ჩვენი ორგანიზაციის და პირადად ჩემს წინააღმდეგ. კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით კეთდება არაორაზროვანი მინიშნებები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან “ჩვენი საქმიანობის არა უმწიკვლოების“, ჩვენს მიმართ არსებული შეკითხვების შესახებ და ა.შ. ადგილი აქვს აშკარა შანტაჟს თითიდან გამოწოვილი საბაბით, რაშიც, სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში ჩართული არიან ხელისუფლებასთან მეტისმეტად დაახლოებული და მისგანვე მართვადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფონდების ცალკეული წარმომადგენლები.

ხელისუფლების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რევოლუციის შემდეგ ჩვენს მიერ დაფიქსირებული იქნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დაკავებულთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის 100-მდე კონკრეტული შემთხვევა (მათ შორის დაკავებულთა გარდაცვალების 2 ფაქტი), აგრეთვე პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ ფიზიკური ზემოქმედების ფაქტების აღმოჩენა. გარდა ამისა, ჩვენს მიერ სისტემატურად ხდებოდა მწვავე რეაგირება ხელისუფლების მხრიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ზეწოლისა და ჟურნალისტების დევნის ფაქტებზე, რამაც ფართო გამოხმაურება ჰპოვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებში. ჩემი შანტაჟირება-დაშინება განსაკუთრებით გაძლიერდა ჩვენს მიერ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წამების შესახებ შემაძრწუნებელი ფაქტების გამოვლენის და მის საქმეში ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის ჩართვის შემდეგ მათიას იორშის ხელმძღვანელობით. ქალაქის პროკურორმა სულხან მოლაშვილის წამების ფაქტის გახმაურებასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა ჩემი პერსონით დაინტერესების შესახებ. გარდა ამისა, ჩემს მიმართ ადგილი აქვს ანონიმურ სატელეფონო მუქარებს და „კეთილისმსურველთა“ რჩევებს ფიზიკური განადგურების მუქარით „თუ არ გავჩერდები“! ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენი ადგილი არც პრეზიდენტის მიერ ახლახან შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციათა საბჭოში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ჩვენი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო პატიმრების უფლებების დაცვასთან, ხოლო ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ძალიან მალე საპატიმროთა კარები ჩვენთვის დახურული აღმოჩნდა. რასაკვირველია, სრულიად ბუნებრივია, რომ მე და ჩემი ორგანიზაცია არ აღმოვჩნდით პრეზიდენტის „ნდობით აღჭურვილ პირთა“ შორის და არ გავხდით პენიტენციურ სფეროში მისი წარმომადგენელი (როგორც ჩანს, ამისათვის  პენიტენციურ სფეროში მომუშავე, მისი აზრით, უფრო „გამოცდილი, კვალიფიციური და ავტორიტეტული“ პირები შეარჩია), თუმცა, სიმპტომატურია, რომ ამის მიზეზების ახსნისას ხელისუფლების არაოფიციალური წარმომადგენლები საბჭოური პროპაგანდის სულისკვეთებით გაჟღენთილ ბინძურ ინსინუაციებს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. 
 
სრულიად აშკარაა, რომ ახალ ხელისუფლებას მხოლოდ იმ „არასამთავრობოთა“ არსებობა და ფუნქციონირება აწყობს, რომლებიც ფაქტიურად ერთიან სახელისუფლო გუნდს წარმოადგენენ, მათთვის დასაშვებ ფარგლებში მოქმედებენ და საერთაშორისო მასშტაბით უხერხულ მდგომარეობაში არ აგდებენ ხელისუფლებას მათთვის არასასურველი ფაქტების გახმაურებით. თუმცა, ჩვენ ვპირდებით მათ, რომ ხელოვნური ბარიერების  მიუხედავად, კვლავაც უკომპრომისოდ გავაგრძელებთ ადამიანის (მათ შორის პატიმართა) უფლებების დაცვისათვის ბრძოლას. რაც შეეხება ბინძურ ცილისწამებებს, ჩვენ ამას შეჩვეული ვართ კომუნისტური და პოსტ-კომუნისტური ხელისუფლებებისაგან, ამიტომ შეგვიძლია გავაფრთხილოთ მისი ავტორები, რომ საბოლოო ჯამში ასეთი მცდელობები მხოლოდ პირადად მათი დისკრედიტაციით დასრულდება.

ნანა კაკაბაძე
12.08.04.

ახალი ამბები