კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკარგული ნდობის აღდგენა აფხაზეთის დასაბრუნებლად

18 იანვარი, 2005

დაკარგული ნდობის აღდგენა აფხაზეთის დასაბრუნებლად

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხზე ღია წერილით მიმართეს და ხელისუფლებას დღემდე არსებული პოლიტიკური ფორმულის - „შემირიგდი, ჩემთან იცხოვრე, თორემ დაგსჯი“  - გაუქმება ურჩეს. არასამთავრობოთა აზრით, ქართულმა მხარემ აფხაზურს უნდა შესთავაზოს პრიორიტეტულ საწყისებზე აგებული ღონისძიებები, რაც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას, კომუნიკაციების, რკინიგზის აღდგენას, ინვესტიციების დაბანდებასა და აფხაზეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მიზნით, ქართველმა ექსპერტებმა რამოდენიმე პროექტი მოამზადეს.

საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე მუშაობენ და აქტიურად თანამშრომლობენ აფხაზ კოლეგებთან, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხზე ღია წერილით მიმართეს.

არასამთავრობოთა რეკომენდაციების თანახმად, ქართულმა მხარემ უნდა მოახდინოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ამომწურავი შეფასება. უნდა მოხდეს აფხაზეთში ომის დაწყების, მისი მიმდინარეობის, დასრულებისა და ომის შემდგომი განვლილი 11 წლის ანალიზი.

ქართველებისაგან „მტრის ხატის“ შექმნას 1992-1993 წლების ომის, გალისა და კოდორის მოვლენების გარდა, ხელი შეუწყო დღემდე არსებულმა პოლიტიკურმა ფორმულამ: „ჩვენ მზად ვართ, კონფლიქტი გადავწყვიტოთ მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკების გზით, მაგრამ თუ არ გამოგვდის, მაშინ სამხედრო ძალას მივმართავთ.“

აუცილებელია ქართულმა მხარემ განაცხადოს, რომ იგი არ შეეცდება ქართულ-აფხაზური პრობლემის შეიარაღებული გზით გადაჭრას. „ქართველთა მხრიდან ძალის არ გამოყენების ნების გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ქვეყანაში პრიორიტეტად ჯარის გაძლიერებაა დასახელებული. დამაჯერებლად უნდა გამოცხადდეს, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს გაძლიერებულ ჯარს აფხაზ ხალხთან დასაპირისპირებლად. ძალით შესაძლოა ტერიტორია დაბრუნდეს, მაგრამ პრობლემა თაობებს გაჰყვება და აფხაზეთში ვერ შეიქმნება უსაფრთხოების შესაბამისი გარემო,“- ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ქართულმა მხარემ აფხაზურს უნდა შესთავაზოს პრიორიტეტულ საწყისებზე აგებული დიალოგის პროცესი. პირველ რიგში, საქართველო უნდა გამოვიდეს ინიციატივით, რათა აფხაზეთს მოეხსნას ეკონომიკური სანქციები და ამით გაუქმდეს აქამდე მოქმედი წინააღმდეგობრივი ფორმულა „შემირიგდი, ჩემთან იცხოვრე, თორემ დაგსჯი.“ საქართველომ აქტიურად უნდა იზრუნოს კომუნიკაციების, რკინიგზის აღდგენაზე, აფხაზეთში ინვესტიციათა დაბანდებაზე, აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ყოველივე ამას ეფექტი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ქართულ-აფხაზური დიალოგი განვითარდა ნდობის მშენებლობის ზემოთ აღწერილი გზით.

5 იანვარს ქართველ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ განხილულ იქნა პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. პროექტის მიხედვით, აფხაზეთი არის საქართველოს ფედერალური სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, ქართულთან ერთად აფხაზური ცხადდება სახელმწიფო ენად, ადგილობრივ, აფხაზეთის ხელისუფლებას აქვს უფლება, თავად მიანიჭოს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, საუბარია აგრეთვე ეროვნულ ვალუტაზე - ლარზე ორენოვანი, ქართულ-აფხაზური წარწერის გაკეთებაზეც და სხვა მნიშვნელოვანი
უფლებამოსილებების მინიჭებაზე.

აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მომზადებული პროექტის განხილვას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთიდან დევნილობაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ პროექტს და რომელთა აზრითაც, პროექტის მიხედვით, აფხაზეთს საქართველოს ფედერალური სახელმწიფოს შემადგენლობაში იმდენად დიდი უფლებები აქვს მინიჭებული, რომ მისი განხორციელება არა თუ აფხაზეთის დაბრუნებას, მის საბოლოოდ დაკარგვას გამოიწვევს, რადგან ამ გაზრდილი უფლებების გამო, აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოს  ცენტრალური ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული თითქმის აღარ იქნება.

არასამთავრობოების მიერ მომზადებული პროექტი მიუღებელია აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციასიისათვის და მას ანტიქართულად მიიჩნევს. „ ამ კონცეფციაში არასამართლებრივად და არასწორად არის გააზრებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, კერძოდ მასში ნათქვამია, თითქოს აფხაზეთში 1992 წელს ქართველებმა წამოიწყეს ომი და რომ ჩვენ ბოდიში მოვუხადოთ მათ,“- განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კერვალიშვილმა და დასძინა, რომ ომი შევარდნაძის ანტიქართულმა რეჟიმმა განაპირობა და ქართველი ხალხი ამაზე პასუხისმგებელი არ არის.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით კი, ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია და პროექტის ყურადღებით წაკითხვის შემთხვევაში ყველა პრეტენზია გაბათილდება.

მისივე თქმით, აფხაზები მუდმივად გამოთქვამენ საყვედურს, რომ ქართული მხარე მას არაფერს სთავაზობს, აღნიშნული პროექტი სწორედ ერთ-ერთი შეთავაზებაა და აფხაზები იძულებულნი იქნებიან, მის განხილვას დათანხმდნენ.

გარდა აღნიშნულისა, ქართველმა ექსპერტებმა მოამზადეს კიდევ ერთი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც 11 იანვარს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა.

პროექტის სახელწოდებაა „ეკონომიკური ფაქტორების ამოქმედება - აფხაზეთის ერთიან საქართველოში ინტეგრაციის გზა“. იგი კონფლიქტის ზონაში, კერძოდ, გალისა და ზუგდიდის რაიონებში ადმინისტრაციულ საზღვართან ეკონომიური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, საუბარია ამ ზონაში ინვესტიციეების, მათ შორის უცხოური კაპიტალის, ჩადებაზე. პროექტის ინიციატორია გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი დავით უსუფაშვილი აცხადებს, წინასწარ იმის თქმა თუ როგორ მიიღებენ მხარეები ამ ინიციატივას, ძნელია. პროექტის კიდევ ერთი ავტორის ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, პროექტი დიდი ხანია მთავრობას წარედგინა, თუმცა მათი პოზიცია ჯერ უცნობია.


მიმოხილვა მომზადებულია ნინო ბესტავაშვილის მიერ „მედია-ნიუსის“
ინფორმაციაზე დაყრდნობით

ახალი ამბები