კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიატრიული საავადმყოფო - ვისთვის სამკურნალო დაწესებულება, ვისთვის თავშესაფარი!

2 ნოემბერი, 2005

ფსიქიატრიული საავადმყოფო - ვისთვის სამკურნალო დაწესებულება, ვისთვის თავშესაფარი!


რემონტი სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობაში თითქმის დასრულდა, თუმცა ანტისანიტარიის სუნი, რომელიც შენობაში დგას, გაუსაძლისს ხდის იქ გაჩერებას. მიუხედავად ამისა, ამ შენობაში ცხოვრობს პაციენტთა უმეტესი ნაწილი. გისოსებს მიღმა არამარტო პატიმრები, არამედ პაციენტებიც ცხოვრობენ, თუმცა ბევრი მათგანისათვის ფსიქიატრიული დაწესებულება თავშესაფრადაა ქცეული. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავისი მოქალაქისათვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს.


სად და როგორ ცხოვრობენ საზოგადოებისაგან იზოლირებული ადამიანები, ზრუნავს თუ არა მათზე სახელმწიფო და რატომ იქცა ფსიქიატრიული დაწესებულება ზოგისთვის თავშესაფრად? რით იმართლებს თავს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ანტისანიტარიაზე ხელმძღვანელობა? რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო ერთ ავადმყოფზე და არის თუ არა საკმარისი იგი? ირღვევა თუ არა ფსიქიკურად დაავადებულთა უფლებები?

პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მრავლადაა. პირველი, რაც მსგავს დაწესებულებაში შესვლისას თვალში გხვდება და მძაფრად აღიქმება, არის ანტისანიტარია და გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები. ალ. ქაჯაიას სახელობის სურამის  ფსიქიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თითოეულ პაციენტზე საშუალოდ 15 ლარია საჭირო მაშინ, როცა ისინი მხოლოდ  6.70 ლარს იღებენ. ეს ის თანხაა, რასაც დღესდღეობით სახელმწიფო გამოყოფს დღიურად თითოეულ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანზე, რომელიც გადის სტაციონალურ მკურნალობას. აღნიშნულ თანხაში შედის პაციენტის დღიური საკვები ულუფა, მათი მოვლა (მედ-პერსონალის ხელფასი), ტანსაცმელი და პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ამ ისედაც მწირ ფინანსებს ემატება დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავადმყოფოს მიმართ 1996 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში მკურნალობის ვადა 3 დან 6 თვემდეა, ზოგიერთი ადამიანისათვის სურამის ფსიქიატრიული კლინიკა მუდმივ თავშესაფრადაა ქცეული.

განსაკუთრებით მძიმედ დგას პაციენტთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა. აღმოჩნდა, რომ არ არსებობს სოცმუშაკთა სამსახური, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებდა. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ მოძიებული  ინფორმაციის თანახმად, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისთვის არ არსებობს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რაიმე სტრატეგია თუ გეგმა და საერთოდ მათი პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ საკითხთა სიაშიც კი არ დგას.

იურისტი გიგა გიორგაძე, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა უფლებებზე ბოლო ორი წელია ინტენსიურად მუშაობს, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფული, რომელიც იხარჯება სახელწიფოს მხრიდან, განკუთვნილია პაციენტის იზოლაციისათვის და არა მკურნალობისათვის. „აღნიშნული თანხა არანაირად არ არის საკმარისი მათი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისა და მედიკამეტებით უზრუნველყოფისათვის. ამიტომ ხშირად ისინი მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილნი. ამით კი პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციციის 37-ე მუხლი, სადაც ლაპარაკია ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა უმაღლესი სტანდარტებით მკურნალობაზე“,- აცხადებს გიორგაძე. იგი ასევე აღნიშნავს, რომ პაციენტთა მიმართ ხშირად ხდება არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, ამას ემატება იძულებითი შრომა, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვეციას. მსგავსი დარღვევების მოწმე თავად გავხდით სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტუმრობისას. აღნიშნული დაწესებულების რემონტი ძირითადად პაციენტების შრომის გამოყენებით მიმდინარეობს. მაგრამ, რამაც ყველაზე მეტად შეგვძრა, იყო ხელმძღვანელობის მხრიდან პაციენტებისადმი დამამცირებელი და უღირსი მოპყრობა.

აღსანიშნავია ასევე, რომ არ არსებობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებს. ეს საკითხი კვლავაც დახურულ და, შეიძლება ითქვას, შეუღწეველ სფეროდ რჩება.

ახალი ამბები