კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო - წამება და არაჰუმანური მოპყრობა ვარდების რევოლუციის ორი წლის თავზე

24 ნოემბერი, 2005

საქართველო - წამება და არაჰუმანური მოპყრობა ვარდების რევოლუციის ორი წლის თავზე

Amnesty International კვლავ იღებს მოხსენებებს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ საქართველოდან. ბევრი შემთხვევა მაინც ვერ ახერხებს გამოაშკარავებას, რადგან პოლიცია ახერხებს ამ კრიმინალის შენიღბვას და დაკავებულები შესაძლო დევნის შიშით ერიდებიან პრეტენზიის გამოთქმას ან დამნაშავეთა დასახელებას. Amnesty International -მა გამოთქვა საკუთარი შეშფოთება თავის ანგარიშში “საქართველო – წამება და არაჰუმანური მოპყრობა – ისევ შემაშფოთებელი თემა ვარდების რევოლუციის შემდეგ; ორი წლის თავზე იმ მოვლენებიდან, რომელმაც ახალი მთავრობა მოიყვანა ხელისუფლებაში”.

“მთავრობისთვის წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის აღმოფხვრა პრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, ჯერ ისევ გრძელი გზაა გასავლელი” – განაცხადა Amnesty International -ის მკვლევარმა საქართველოს შესახებ, ანნა სუნდერ-პლასმანმა.

Amnesty International -ის მიერ ვარდების რევოლუციის ორი წლის თავზე მიღებული ანგარიშების თანახმად, დაკავებულთა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მეთოდები მოიცავს ელექტროშოკს, დაკავებულთა თავზე ცელოფანის პარკის ჩამოცმას, დაკავებულის ორ მაგიდას შორის ბოძზე მიბმას, სიგარეტითა და სანთლით მიყენებულ დამწვრობას, დაკავებულის პირთან იარაღის ლულის მიტანას და გასროლით დამუქრებას, დაკავებულის ოჯახის ცემით მუქარას, დაკავებულის პირის ნაჭრით დახშობა, რათა მას არ შეძლებოდა ყვირილი, ცემა – მათ შორის ხელკეტით და იარაღის კონდახით, და ფეხით ცემა.

ელდერ კონენიშვილმა, რომელიც თბილისში იხდის სასჯელს, და რომელიც, როგორც აცხადებს, პოლიციამ სცემა, Amnesty International -ს უამბო: “პოლიციელებმა ცემა დამიწყეს. მათ სკამის ფეხი აიღეს და მარცხენა ხელის თითებში ჩამარტყეს. ცემის დროს მეორე პოლიციელი და პროკურორი შემოვიდნენ და მკვლელობაში დამადანაშაულეს. ცემის დროს მე რამდენიმეჯერ დავკარგე გონება. პირიდან სისხლი მომდიოდა და კარგად ვეღარ ვხედავდი. განძრევა არ შემეძლო. . . თავიდან ექიმის დახმარება არ მოვითხოვე, რადგან მეშინოდა.”
       
წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის აღმოფხვრისათვის საჭირო სამართლებრივი დაცვის მექანიზმი ჯერ ბევრ სერიოზულ ნაკლს შეიცავს.

“ხელისუფლებამ ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოქმედებაზე. განცხადებები ამ საშუალებების დარღვევის შესახებ სერიოზულად იქნება აღქმული და დროულად და მიუკერძოებლად გამოძიებული” – აღნიშნა ანნა სუნდერ-პლასმანმა.

“წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის დაუსჯელობა დიდ პრობლემად რჩება. ათობით შემთხვევაში, როდესაც პროკურატურამ საქმე აღძრა, დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ. Amnesty International -ს ბევრად აქვს ისეთი მაგალითები, სადაც ცხადად არის დემონსტრირებული, რომ წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის საფუძველზე აღძრული საქმეები არ იქნა დროულად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გამოძიებული.”

იმისათვის, რომ გადაიდგას ნაბიჯები წინ, Amnesty International ურჩევს მთავრობას, შესრულდეს რეკომენდაციების სერია, რომელთა შორის არის შემდეგი:
     ჩამოყალიბდეს პოლიციის, პროკურატურისა და იუსტიციის სისტემისაგან დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დეტალურად შეისწავლის საგამოძიებო ღონისძიებების მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომელთა მიერ შესაძლო წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ამ ორგანოს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოაქვეყნოს აღმოჩენილი მასალა, გააკეთოს რეკომენდაციები შესაბამისი სტრუქტურებისათვის და ჰქონდეს უფლება გამოსცეს საჯარო ანგარიში.
     შესაძლო წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ გაკეთებული ყველა განცხადებება გამოძიებულ იქნას დროულად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად დაზარალებულისა და ყველა მოწმის დაკითხვით.
     ჩატარდეს დროული სპეციალური სამედიცინო გამოკვლევა ყველა შემთხვევაში, სადაც არსებობს განცხადება წამების ან არაჰუმანური მოპყრობის შესახებ – განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ხასიათის დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში.
     მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება რომ აღმოიფხვრას წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევები საქართველოს რეგიონებში დედაქალაქის გარეთ, რადგან ამ დროისთვის ყველა პროგრამა თბილისშია კონცენტრირებული.
     აიკრძალოს ნიღბებისა და სხვა პოლიციის ოფიცრის პირადობის დამფარავი საშუალებების გამოყენება. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აუცილებლობა აიხსნება ოფიცრის უსაფრთხოების დაცვის მოსაზრებით. ამ შემთხვევაში თითოეულ ოფიცერს, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადი განმასხვავებელი ნიშანი, როგორიცაა პირადი ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პირის ამოცნობა.
 
საქართველო წევრია ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებს საჯარო მოხელეთა მიერ წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი გამოძიების ჩატარებას და კომპენსაციის უზრუნველყოფას.

არსებული ფონი

როდესაც 2003 წლის ნოემბერში ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლების სათავეში ვარდების რევოლუციის შედეგად, მან მემკვიდრეობად მიიღო სისტემა, რომელშიც წამება და არაჰუმანური მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული და დამნაშავენი მუდმივად დაუსჯელი რჩებოდნენ. მთავრობის შეცვლიდან რამდენიმე თვეში სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა. თუმცა, გასული წლის მეორე ნახევარში მთავრობამ გააცნობიერა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის საკითხების მოგვარების აუცილებლობა.

წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. გასული რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებული განცხადებების პასუხად შეიმუშავა და განახორციელა რამდენიმე ღონისძიება. ვარდების რევოლუციის შემდეგ ათი პოლიციელი დაისაჯა და იხდის სასჯელს წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ეგიდით ჩატარდა საფუძვლიანი მონიტორინგი და რიგი სამართლებრივი ინსტრუმენტები გაძლიერდა.

მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები სხვადასხვანაირია. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არის წინგადადგმული ნაბიჯები, Amnesty International, შეშფოთებულია პროკურატურისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან სასამართლოზე წარმოებული ზეწოლის, სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან მედიის – განსაკუთრებით ტელევიზიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ განცხადებებისა და ასევე იმ განცხადებების გამო, რომ პოლიცია ხშირ შემთხვევაში თხზავდა სისხლის სამართლის საქმეებს, განსაკუთრებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების შემთხვევაში. ორგანიზაცია ასევე შეშფოთებულია იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების რამდენიმე მონაწილე დაისაჯა, ასობით ასეთი ადამიანი დაუსჯელი დარჩა.
ასევე შეშფოთების მიზეზებს შორის არის ექსტრადიციის მუდმივი რისკი ან ადამიანების ძალით დაბრუნება იმ ქვეყნებში, სადაც მათ დაბრუნების შემთხვევაში ემუქრებათ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა, როგორიც შეიძლება იყოს წამება. რიგი საკითხებისა რჩება გადაუწყვეტელი საერთაშორისოდ არაღიარებული გამოყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარეებთან დაკავშირებით.

იხილეთ: “საქართველო – წამება და არაჰუმანური მოპყრობა –  ისევ შემაშფოთებელი თემა ვარდების რევოლუციის ორი წლის თავზე”. (AI Index: EUR 56/001/2005)

http://web.amnesty.org/library/index/engeur560012005

ახალი ამბები