კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„წარმატებულმა“ სპეცოპერაციებმა 2005 წელს 37 ადამიანი იმსხვერპლა

21 მარტი, 2006

„წარმატებულმა“ სპეცოპერაციებმა 2005 წელს 37 ადამიანი იმსხვერპლა

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 2005 წელს სპეცოპერაციებს 18 პოლიციელი და 19 დამნაშავე შეეწირა. მიუხედავად ამისა, მინისტრი სპეცოპერაციებს წარმატებულს უწოდებს და თანამშრომლებს უფლებას აძლევს, დამნაშავეთა ლიკვიდაცია ადგილზე მოახდინონ. საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის წინააღმდეგ გამოდიან და შს მინისტრს კანონით აღიარებულ ადამიანთა სიცოცხლის ხელშეუხებლობას ახსენებენ...       
 
2004 წლის 20 იანვარს გურჯაანის რ-ნის სოფელ კარდენახში ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დაკავებისას განხორციელებული ოპერაციის დროს პოლიციის მიერ ლიკვიდირებულ იქნა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი – 30 წლის ოთარ გველუკაშვილი. მეორე ეჭვმიტანილი – კობა მჭედლიშვილი მძიმედ დაიჭრა;

2004 წლის 17 მარტს ზუგდიდის რაიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ოპერაციისას მოკლა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ზაზა ფანცქელაძე და დიკო ბარქაია;

2004 წლის 22 ივლისს კახეთის პოლიციის მიერ დაკავებისას ლიკვიდირებულ იქნა 21 წლის ალექსანდრე გუმაშვილი;

2004 წლის 25 ნოემბერს საპატრულო პოლიციისათვის გაწეული წინააღმდეგობისას მოკლულ იქნა 19 წლის ამირან რობაქიძე;

2005 წლის 29 აგვისტოს სოფელ მარანში (აბაშის რაიონი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს პოლიციელების მიერ მოხდა შემდეგი პირების ლიკვიდაცია: ნესტორ ესებუა (22 წლის), გია ოკუჯავა (22), თემურ ცეკვავა (30 წლის);

2005 წლის 11 ნოემბერს თბილისში გამსახურდიას გამზირზე, ბინის მძარცველთა დაკავებისას, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულ იქნა ძარცვაში ეჭვმიტანილი, ლევან გულუა.

2004 წლის 9 მარტს შსს-მ ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციისას 5 ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინა. ამ ოპერაციას ფეხმძიმე ქალიც შეეწირა, რომელიც რიგითი გამვლელი იყო. ის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

სამწუხაროდ, ჩამოთვლილი შემთხვევები არსებულ რეალობასთან შედარებით მხოლოდ მცირე ნაწილია. საქართველოს პრეზიდენტი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი პოლიციელებს დამნაშავეთა ლიკვიდაციისკენ ღიად მოუწოდებენ.

“მე მინდა, ვუთხრა დამნაშავეთა სამყაროს, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, ჩვენ არავის ტყუილად არ გამოვეკიდებით, მაგრამ, თუ რომელიმე კრიმინალი შეუქმნის მოქალაქეებს ან პოლიციელს საფრთხეს, პოლიციას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გარისკოს არც მოქალაქეების არც პოლიციელების სიცოცხლე და თუ სხვა გამოსავალი არ არის, ყველა კრიმინალი გაანადგუროს ადგილზე”, – ციტატა პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებიდან.
 
მსგავსი ტექსტით პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრმაც მიმართა: „მოვუწოდებ საქართველოს პოლიციის შემადგენლობას, არავითარ შემთხვევაში არ აგიკანკალდეთ ხელი, თუ დაინახავთ, რომ საფრთხე ემუქრება ადამიანს, პოლიციელის სიცოცხლეს – გამოიყენეთ იარაღი“.

ვანო მერაბიშვილმა იგივე გაიმეორა, როცა ის დეპუტატებმა გარკვეულ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში დაიბარეს: „ამას ვაკეთებ მე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და ვიტყვი კიდევ ერთხელ, ამ ბრძანებას ვაძლევ საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველას, ვისი ვალია დაიცვას საქართველოს საზოგადოება. თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გამოიყენეთ იარაღი. მე ქედს ვიხრი იმ სპეცნაზელების წინაშე და იმ პოლიციელების წინაშე, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს კრიმინალები, რადგანაც, რომ არ მოეკლათ ეს კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიციელები სწორედ პრეზიდენტისა და შს მინისტრის განცხადებებმა გააგულიანა.  

„ვფიქრობთ, ამგვარი შემთხვევების გახშირებული ხასიათი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებით შეგულიანებული სამართალდამცავი ორგანოების არაკომპეტენტურობითა და სათანადო მომზადების არქონით აიხსნება. შედეგი დამღუპველია არა მხოლოდ პოტენციური სამართალდამრღვევებისთვის, არამედ პოლიციელთათვისაც. უფრო მეტიც, სამართალდამცავთა არასწორი ქმედებებით ხშირად უდანაშაულო მოქალაქეებიც ზარალდებიან, რომელთაც კრიმინალთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მაგალითისთვის 2004 წლის 4 მარტს ქუთაისის შემთხვევაც საკმარისია” – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია წარმომადგენელი თამარ გურჩიანი. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სიცოცხლის უფლება ხელშეუვალია, კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს აგრეთვე უფლება სამართლიან სასამართლოზე. იურიტი ანა დოლიძე ამბობს, რომ ზემოთ განხილული პრაქტიკა აღნიშნულ საკანონმდებლო გარანტიებს იგნორირებას უკეთებს  და აზრს უკარგავს სისხლის სამართლის პროცესის ისეთ პოსტულატებს, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და კანონიერების პრინციპი.
  
საქართველოს კონსტიტუციის გარდა, არაერთი საერთაშორიშო აქტი არსებობს (მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია - 2-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც, სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უპირატესი უფლება და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. 

ეკა გულუა

ახალი ამბები