კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილები სპეცნაზით გამოყარეს

30 ივნისი, 2006

სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილები სპეცნაზით გამოყარეს

29 ივნისიდან სასტუმრო „მესხეთიდან” ლტოლვილთა გამოსახლება ძალის გამოყენებით დაიწყეს. მობილიზებულმა სპეცნაზმა და კრიმინალურმა პოლიციამ მოსახლეობა ძალით გამოიყვანა სასტუმროდან და ზევით ასვლის ნებას აღარ აძლევდა. 28 ივნისს მინისტრთა საბჭოს წინ, ერთ-ერთმა დევნილმა ნავთი თვითონაც და შვილიშვილსაც გადაასხა და თავის დაწვას ცდილობდა.

ხელისუფლების მიერ დევნილებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა 28 ივნისს ამოიწურა. კრიმინალური პოლიციის მუშაკებმა მობილიზება სასტუმროებთან სამი დღის წინ დაიწყეს. თითოეულ სართულზე დადიოდნენ და დარჩენილ ოჯახებს აღწერდნენ. მოგვიანებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მამუკა ნაკაშიძე დევნილებს ვადას უგრძელებს და  ალტერნატიულ შენობასაც სთავაზობდა მახინჯაურში. მთავრობის მიერ შეთავაზებულ შენობაში - სასტუმრო „მზიური“ (რომელშიც დევნილები ცხოვრობდნენ და შენობა გაათავისუფლებინეს), დემონტაჟი შეაჩერეს. შენობას არც კარი და არც ფანჯარა არ გააჩნია.

სასტუმროებში „მედეასა“ და „მესხეთში“ 100 ოჯახი იყო დარჩენილი. ძირითადში ეს ის ოჯახებია, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ საოჯახო ნომრების გაერთიანების გამო და თანხის მომატებას ითხოვდნენ. მოსახლეობას ინვესტორების წარმომადგენლობის დანაპირებების იმედი ჰქონდათ. „ნუთუ არ შეიძლებოდა ეთქვათ პრობლემა გაქვთ, მაგრამ ვერაფერს გიშველითო. ისინი გვეუბნებოდნენ, დღეს მოდით, ხვალ მოდით, ყველაფერი დადებითად გადაწყდებაო. ამ დრომდე მოგვიყვანეს და ახლა თავზე გვამტრევენ ყველაფერს”, - ამბობს დევნილი ლამარა ლიპარტია.

დევნილებს იმედი ჯერ პრეზიდენტმა გაუცრუა: „ჩვენ პრეზიდენტის იმედი გვქონდა, მაგრამ არ მოგვხედა... გერმანელი ფაშისტებიც არ იქცეოდნენ ასე. რად წამოვედი აფხაზეთიდან, აქ რა მინდოდა“, - ამბობს შორენა მალანია.

„აფხაზეთში უაზროდ არ დავღუპულვართ და აქ დავიხოცებით! არ დავემორჩილებით პოლიციას და სისხლის დაღვრაზეც კი წავალთ”, - აცხადებდა ერთ-ერთი დევნილი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანიას განცხადებით, „საკუთარ სამშობლოში ულტიმატუმის ენაზე რომ გელაპარაკებიან, ძალიან ცუდი მოსასმენი და მოსათმენია. ეს მოსახლეობა სამართალს ითხოვს, მათ მიმართ ხელისუფლების ადამიანური მიდგომა კი ვერ დავინახე. როგორ შეიძლება ადამიანს ასე ძაღლურად მოექცე, მითუმეტეს დევნილს“.

დევნილი მოსახლეობა საკომპენსაციო თანხის არასწორად განაწილებას და ხელისუფლების მხრიდან დუმილს აპროტესტებს. „ოფიციალური წერილებით მთავრობის 21 წარმომადგენელს მივმართეთ. ჩვენ პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ენგურის ხიდზე წავალთ. ჩვენ იმ თანხით ისედაც ქუჩაში ვრჩებით“, - აღნიშნა დევნილმა ნანი არახამიამ.
არახამიას განცხადებით, „აჭარის კურორტების“ ხელმძღვანელი ნოდარ ანდღულაძე თავისი სურვილის მიხედვით ანაწილებს თანხებს: „700 დოლარი დაუმატა რუსიკო შველიას ოჯახს. ვიღაცას 50 დოლარის დამატებას დაჰპირდა. მე კი მითხრა, რომ ჩემი გადასაწყვეტია და საერთოდ არ მოგცემო“.

ლევან ვარშალომიძე დევნილებსა და მათ წარმომადგენლებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას ოთხი დღის მანძილზე თხოვნის მიუხედავად არ შეხვდა. ადა მარშანიამ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს პირადად სთხოვა, რომ მოსახლეობა არ დაერბიათ. ბათუმში სახალხო დამცველ სოზარ სუბარსაც ელოდებოდნენ, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი სოფო ხორგუანი ჩამოვიდა. ის მიმდინარე მოვლენებზე ასეთ განცხადებას აკეთებს: „მე შევხვდი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ, მამუკა ნაკაშიძეს. როგორც მან მითხრა, ინვესტორმა გამოიჩინა კეთილი ნება, რომ ცალკე განიხილავს ამ საკითხს და კონკრეტული ოჯახებისთვის თანხების დამატება იქნება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ის ნამდვილად ირღვევა. მთავარია ირღვევა კანონი, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ავალდებულებს, რომ უნდა განახორციელოს ამ ადამიანების განსახლება”.

მოსახლეობის ნაწილი სასტუმროებიდან მთავრობის შენობის წინ კარვების გაშლას, ნაწილიც - ენგურის ხიდთან პოლიტიკური დევნილის სტატუსით მისვლას აპირებს. დაახლოებით 50 დევნილი 28 ივნისს საღამოთი ფეხით დაადგა ენგურისკენ გზას. ისინი ღამით სასტუმრო „აისში“ გაჩერდნენ, დილით კი გზა გააგრძელეს.

გუშინ დაახლოებით 18 საათისთვის, ერთ-ერთ დევნილმა, გული დანელიამ თავისი შვილისშილი შორენა ჩაბრავა, რომელიც დაბადებიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია (მას მხოლოდ ერთი ნეკნი აქვს) და რომელსაც ლტოლვილის სტატუსი გაუგებარი მიზეზების გამო მოუხსნეს და, შესაბამისად, არც კომპენსაციას აძლევენ, ბებიამ თვითონაც და შვილისშვილსაც ნავთი გადაასხა და თავის დაწვას ცდილობდა მინისტრთა საბჭოს შენობის წინ. კრიმინალურმა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცეს. მოსახლეობას და კრიმინალური პოლიციის შეჯახება ნინო ქირიას, ერთ-ერთი დევნილის დაკავებით დასრულდა. ის ბათუმის #3 პოლიციის ქვეგანყოფილებაში წესრიგის დარღვევისთვის გადაიყვანეს და ქირიას ბედი ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია. რამდენიმე დევნილი სასტუმრო „მესხეთიდან“ გამოსახლებისასაც დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს. პოლიცია მათზე კომენტარს არ აკეთებს.

შემთხვევის ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების მანქანები და რამდენიმე დევნილი მოქალაქე საავადმყოფოში გადაისვანეს.

სასტუმრო „მესხეთში“ გუშინ ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ბათუმის კორესპონდენტმა მაინც მოახერხა შენობის 13 სართულზე ასვლა. სასტუმროს თითოეულ სართულზე 5-6 სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის 10-10 პოლიციელები იყვნენ განლაგებული. კრიმინალური პოლიცია მოსახლეობას ნივთების სართულებიდან ჩამოყრაში ეხმარებოდნენ. სპეცრაზმელთან საუბრისას, მათ თქვეს, რომ თბილისიდან არიან ჩამოსული და ნაწილი ბათუმის სპეცრაზმელიცაა. სასტუმრო „მესხეთში“ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ გუშინ არ უშვებდნენ.

დევნილთა ადვოკატი გელა სირაძე გენპროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს: „მოსახლეობის გამოსახლება უკანონოდ ხდება. სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია კანონს არღვევს, მათ შემოსვლის ბრძანება არ ჰქონდათ. ისინი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.“

ამ დროისთვის სასტუმრო ”მესხეთიდან” ყველა გამოასახლეს. მოსახლეობის ნაწილს უკვე მოძებნილი აქვს სახლები, მაგრამ ნახევარს წასასვლელი არ აქვს და ჯერჯერობით სასტუმროს წინ უწყიათ ნივთები. სასტუმრო „მედეადან“ მოსახლეობა თვითონ გამოდის. სასტუმრო „აისში“, რომელიც ქობულეთში, სოფელ ციხისძირშია, დაახლოებით 50 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათ უკვე  გაუთიშეს შუქი და წყალიც.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები