კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოკლულის მამას დანაშაულის ჩადენას აიძულებენ?

14 ივლისი, 2006

მოკლულის მამას დანაშაულის ჩადენას აიძულებენ?

კახეთის საოლქო პროკურატურისა და სიღნაღის პოლიციის გამომძიებელთა შეთანხმებულმა მუშაობამ, სასურველი შედეგი გამოიღო. 19 წლის ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ აბულაშვილი, სიღნაღის პოლიციაში ინსპექტორად მუშაობას განაგრძობს და გავრცელებული ინფორმაციით, მალე ის შესაძლოა პოლიციის უფროსიც გახდეს.

19 წლის ზვიად ბაღაშვილი, დაბა წნორში მცხოვრებ ნანა თანდილაშვილს, მეგობარ დავით ნასყიდაშვილთან ერთად, 1999 წლის 11 დეკემბერს ესტუმრა. ნანას ოჯახი, სტუმრებს არაკეთილგანწყობით შეხვდა. ბებიამ შვილიშვილის დახმარებით სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილებიდან ნოდარ აბულაშვილი დაიბარა, რომელიც მეზობლების თქმით და გავრცელებული ინფორმაციით, არა მარტო თანდილაშვილების ხშირი სტუმარი იყო, არამედ იგი კურირებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მიერ წარმოებულ ბიზნესსაც.
 
თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, ადგილზე პოლიციელების მისვლისას, ბაღაშვილის მანქანა თანდილაშვილების სახლიდან უკან გამოდიოდა, თუმცა ნოდარ აბულაშვილმა ზვიად ბაღაშვილს მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, რასაც ბაღაშვილი არ დაემორჩილა. აბულაშვილმა ტაბელური იარაღიდან ბაღაშვილს ესროლა და სიცოცხლეს გამოასალმა.

გამოძიება სიღნაღის რაიონის პროკურატურამ დაიწყო. ნოდარ აბულაშვილი მკვლელობის დღესვე დაიკითხა. ინსპექტორის ჩვენებით, როდესაც იგი ზვიად ბაღაშვილის ავტომობილს მიუახლოვდა, ეს უკანასკნელი მის დანახვაზე გაქცევას შეეცადა. მაშინ აბულაშვილმა ავტომობილიდან გასაღების გამოძრობა სცადა, ბაღაშვილმა კი მინა ასწია, ავტომობილი სასწრაფოდ დასძრა და უკუსვლით დააპირა გაქცევა. „ხელი მანქანის კარსა და მინას შორის მომყვა. ამიტომაც ამოვიღე იარაღი, ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა გავაკეთე, შემდეგ საბურავს ვესროლე, ბოლოს კი ფანჯრის მინას მივადე. იარაღი შემთხვევით გამივარდა“- ამბობს ნოდარ აბულაშვილი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ პოლიციელს ბაღაშვილი შემოაკვდა.

აბულაშვილმა ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაღაშვილის ავტომობილის მინების ასაწევ-დასაწევი მექანიზმი, ოთხივე კარზე მოშლილი იყო და მინების აწევა შეუძლებელი იქნებოდა.

„ბაღაშვილის შეჩერება მსურდა და მანქანის კარს ამ მიზნით ჩამოვეკიდე. მანქანამ რამდენიმე მეტრზე მათრია და მოულოდნელად ამ დროს გამივარდა“- განაცხადა აბულაშვილმა, თუმცა ექსპერტიზამ მისი ეს ჩვენებაც გააბათილა, რადგან დადგინდა, რომ მსგავს ვითარებაში უნებლიე გასროლა შეუძლებელი იყო.

პროკურატურამ 1999 წლის 11 დეკემბრიდან, 2000 წლის 7 აპრილამდე ნოდარ აბულაშვილი დამნაშავედ არ სცნო და შესაბამისად არც დაუკავებიათ. მას ბრალი მხოლოდ 7 აპრილს წაუყენეს განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელი გარემოებების გარეშე და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. აბულაშვილისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურამ შუამდგომლობით თელავის რაიონის სასამართლოს მიმართა.

8 აპრილს სასამართლომ დაპატიმრების ბრძანება გასცა, თუმცა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იური გაბისონიამ, თელავის სასამართლოს ბრძანება დაპატიმრების შესახებ გააუქმა, ხოლო ნოდარ აბულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

იურისტების ინფორმაციით, გამოძიებას უფლება ჰქონდა, აბულაშვილი ხელახლა დაეპატიმრებინა და 104-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში) თანახმად, ბრალი დაედო, რაც გამოძიებამ არ გააკეთა. გამომძიებელი ჯანიაშვილი აცხადებს, რომ აბულაშვილის ჩადენილ ქმედებაში 104-ე მუხლის შესაბამის დანაშაულს ვერ ხედავდა. პროკურატურამ აბულაშვილს მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდა.

ბაღაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტის თაობაზე დადგენილება რამდენჯერმე იქნა გამოტანილი. მოკლულის მამა ვაჟა ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ საოლქო და უზენაესი სასამართლოების მიერ საქმე ხუთჯერ იქნა დაბრუნებული ხელახალ ძიებაში, მაგრამ გამოძიებამ სასამართლოს ყველა მითითება უგულებელყო. „ყველანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულში ნოდარ აბულაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა, გამომძიებელთა მიერ შეცვლილ იქნა ბრალდებულის სასარგებლოდ. აბულაშვილები გვატერორებდნენ ჩივილისთვის თავი დაგვენებებინა, მაგრამ არაფერი დაგვრჩენია იმაზე მეტი, ჩვენი შვილის მკვლელის დასჯას მოვესწროთ. თუ პროკურატურა ძალიან მალე, მკვლელ აბულაშვილს არ დააპატიმრებს, გეტყვით, რომ არაერთხელ შემოთვლილ პროვოკაციას, მიდი და თავად გაუსწორდიო, სისრულეში მოვიყვან.  ...იძულებულს მხდიან“- ამბობს ვაჯა ბაღაშვილი და იმასაც დასძენს, რომ დამნაშავის დაპატიმრების იმედი არ აქვს, რადგან ამ უკანასკნელს პარლამენტარი ძმა ნუგზარ აბულაშვილი, ნათესავი - გურჯაანის პროკურორი ვანო მხარგრძელი და სხვა გავლენიანი პირები მფარველობენ.

მოკლულის მამის ბრალდებებთან დაკავშირებით კახეთის საოლქო პროკურატურაში კომენტარს არავინ აკეთებს, სიღნაღის პოლიციაში კი ამბობენ, რომ ნოდარ აბულაშვილის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ იციან, მაგრამ პოლიციიდან მისი განთავისუფლება, მათ კომპეტენციას აღემატება.

13 ივლისს, 12 საათზე, სიღნაღში, რაიონული პოლიციის წინ, ბაღაშვილის ახლობლებმა, მეგობრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, მკვლელობის საქმეზე გამოძიების განახლების, ნოდარ აბულაშვილის სასწრაფოდ დაპატიმრებისა და მკაცრად დასჯის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გამართეს. აქციის მონაწილეები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთთა დაპატიმრებასაც მოითხოვდნენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები