კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელელი ჟურნალისტები გამგებელმა ღია ცის ქვეშ დატოვა

25 ივლისი, 2006

ქარელელი ჟურნალისტები გამგებელმა ღია ცის ქვეშ დატოვა

ქარელის რაიონული, თავისუფალი გაზეთის „ქართლის ქრონიკები“-ს ჟურნალისტები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ერთი კვირის წინ, ქარელის რაიონის გამგეობამ ის შენობა, სადაც გაზეთის რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული, ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე გაყიდა. შენობის მეპატრონემ გაზეთის თანამშრომლებს მოულოდნელად განუცხადა, რომ ორსართულიანი შენობა უკვე მის საკუთრებაშია და ჟურნალისტებს მისი დაცლა კატეგორიულად მოსთხოვა.

ქარელის რაიონული გაზეთ „ქართლის ქრონიკების“ რედაქტორი ლია ჯახველაძე აცხადებს, რომ ქარელის რაიონის გამგეობამ და ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ნანეტაშვილმა მას სამაგიერო გადაუხადა იმისთვის, რომ გაზეთში აქტიურად შუქდებოდა მასალები დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილსა და ადგილობრივ მთავრობას შორის არსებულ უკანონო გარიგებების შესახებ ჯერ კიდევ მანამ, სანამ მას უფლებამოსილებას ჩამოართმევდნენ. დეპუტატი ნანეტაშვილი 21 ივნისს, სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზე, პარლამენტიდან გააძევეს. მოტივად სამეწარმეო საქმიანობასთან მისი უფლებამოსილების შეუთავსებლობა დასახელდა.

ლია ჯახველაძე: „სამაგიეროს მიხდიან რაიონის გამგებელი გია ზანარდია და ყოფილი დეპუტატი ბადრი ნანეტაშვილი იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს დავუპირისპირდი და ვამხილე მთელ რიგ უკანონო საქმიანობაში. ჩვენი გაზეთი პირველი იყო, რომელმაც ხმა ამოიღო რაიონის ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ფაქტზე. ამჟამინდელი გამგებელი ზანარდია თავის დროზე დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა რაიონის გამგებლად. ეს იმის გამო მოხდა, რომ დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის ტელევიზიის ანგარიშზე სოლიდური თანხები გადარიცხულიყო რაიონის ბიუჯეტიდან, რაც ასე მოხდა. თვეში რამდენიმე ათასი ლარი ირიცხებოდა ნანეტაშვილის ტელევიზია „თრიალეთში“. ჩვენი რაიონის ბიუჯეტი საკმაოდ დეფიციტური ბიუჯეტია. შემოსავლებს ძირითადად ტრანსფერიდან იღებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის და ჩვენი რაიონის მაცხოვრებლებისთვის ყოვლად დაუშვებელი იყო დეპუტატს თავისი მდგომარეობა ბოროტად გამოეყენებინა.“

გაზეთის ჟურნალისტები იხსენებენ, რომ მას შემდეგ რაც ბადრი ნანეტაშვილი პარლამენტიდან გამოაგდეს, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნა. რაიონის გამგებელმა გია ზანარდიამ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა გაზეთის რედაქტორს. ლია ჯახველაძის თქმით, გამგეობის შენობაში შელაპარაკებას უამრავი ადამიანი შეესწრო, თუმცა იმ ეტაპზე ამჯობინა, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა. „ვგრძნობდი, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდნენ, რაც ასრულდა“, - ამბობს ლია ჯახველაძე.

გაზეთის თანამშრომლები უახლოეს დღეებში სახალხო დამცველთან აპირებენ შეხვედრას.

ჩვენ ქარელის რაიონის გამგებელს გია ზანარდიას დავუკავშირდით. გამგებლის თქმით, შენობის გაყიდვის თაობაზე გაცხადება და კონკურსი გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოცხადა.

გია ზანარდია (რაიონის გამგებელი): „შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, გამგეობამ და პრივატიზების სამმართველომ მიზანშეწონილად ჩათვალა მომხდარიყო მისი გაყიდვა. მოგეხსენებათ, ჩვენი ბიუჯეტის პირობები და თითოეული თეთრი ძვირფასია. აბსოლუტურად, ყველა თანამშრომელმა იცოდა ამის შესახებ. არავისთან პიროვნული ინტერესი არ მამოძრავებს. ვინც გადაიხადა ფული მას მივყიდეთ.“

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები