კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა კავშირია გიორგი სანაიასა და ვეფხია მარგოშვილის მკვლელობებს შორის

26 ივლისი, 2006

რა კავშირია გიორგი სანაიასა და ვეფხია მარგოშვილის მკვლელობებს შორის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. ჟურნალისტის მკვლელობას თავიდანვე პანკისის ხეობაში არსებულ მძიმე კრიმინალურ ვითარებას და იმ ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ, რაზედაც შს და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები ნარკობარონებთან ერთად იყვნენ აღბეჭდილნი. გამოძიების მიერ ოფიციალურად უარყოფილ ვერსიას „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პანკისის ხეობაში მცხოვრები, 2001 წლის 17 ოქტომბერს ლიკვიდირებული ქისტი ავტორიტეტის, ვეფხია მარგოშვილის ოჯახის ახლობლები, ხუთწლიანი დუმილის შემდეგ ადასტურებენ და მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ.

ვინ იყო ვეფხია მარგოშვილი

ვეფხია მარგოშვილი – ჩოფანაშვილი (მარგოშვილი - დედის გვარით) 1964 წელს, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაიბადა. ჰყავდა ორი და, დარიკო და ელიკო ჩოფანაშვილები და ერთი ძმა, ბადრი მარგოშვილი - ჩოფანაშვილი. სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნისას მარგოშვილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ცემისათვის, ოფიცრებს ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც სასამართლომ ხუთი წელი მიუსაჯა. თავდაპირველად სასჯელს რუსეთში, მურმანსკის ციხეში იხდიდა, რაც მოგვიანებით რუსთავის კოლონიაში განაგრძო. ოფიციალური ინფორმაციით, მეორედ თბილისში, „პირიმზიდან“ ოქროულობის გატაცების ბრალდებით დააკავეს და 10 წლით დააპატიმრეს. 1991 წელს მარგოშვილი, სხვა პატიმრებთან ერთად, გეგუთის შრომა-გასწორების კოლონიიდან გაიქცა, რის გამოც მასზე ძებნა გამოცხადდა. რამდენიმე წლის განმავლობაში გროზნოში სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა, რა დროსაც ჩეჩნეთის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მარგოშვილი 1998 წელს საქართველოში, მშობლიურ სოფელში მეუღლესთან, ლიდა სალტაევასთან ერთად დაბრუნდა.

რატომ დაუპირისპირდნენ ერთამენთს პანკისელი ავტორიტეტები

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ძებნილი იყო, 3 წელი ისე ცხოვრობდა, რომ მისთვის არავის არაფერი უთქვამს. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები გაიტაცეს, ვეფხია მაშინ გაახსენდათ. ბევრი ურეკავდა და დახმარებას სთხოვდა. დაპირდნენ, გატაცებულებს თუ გვაპოვნინებ, პრეზიდენტი შევარდნაძე შეგიწყალებსო. მოიფიქრა... ისიც გაიგო გატაცებულები ვის ჰყავდა, მათ დაუკავშირდა და არსებული პირობები შესთავაზათ. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, მასთან კაცი მოვიდა და უთხრა, რომ გამტაცებელი თანახმა იყო გატაცებულების თანხის გადახდის გარეშე დაბრუნებაზე იმ პირობით, თუ ვეფხიასთან ერთად მასაც შეიწყალებდნენ“,- ამბობს ვეფხია მარგოშვილის ახლობელი და გაზეთში ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისაგან თავს იკავებს. (რესპონდენტის ჩანაწერის შინაარსი დაცულია. ავტ.)

ჟურნალისტი: ვის ჰყავდა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები მძევლებად აყვანილი?

რესპოდენტი: კრიმინალურ ავტორიტეტს შოთა ჭიჭიაშვილს, რომელიც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ ლარს ითხოვდა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ვეფხია მოლაპარაკებას მასთან დიდხანს აწარმოებდა. დაწვრილებით ვერ გეტყვით როგორ, ოღონდ მოლაპარაკება შედგა. რომ იცოდეთ, ქისტებს წესად გვაქვს - ქალებს მამაკაცების საქმეებში ჩარევა კატეგორიულად გვეკრძალება.

- როგორც ვიცით, პრეზიდენტმა მარგოშვილი არ შეიწყალა...

- ვეფხიას შეწყალების ყალბი დოკუმენტი მისცეს, შევარდნაძის ხელმოწერით, მაგრამ როდესაც საბუთი ახმეტის პოლიციას წარუდგინა, უთქვამთ, ეგ საბუთი ყალბია და მოგატყუესო. მახსოვს, ძალიან შეურაცხყოფილი იყო, თუმცა აღშფოთებას ხმამაღლა არ გამოთქვამდა. ისიც ვიცით, რომ ჭიჭიაშვილი გაწბილების სანაცვლოდ დიდ თანხას სთხოვდა, რაც მარგოშვილს არ გადაუხდია. სწორედ ამის შემდეგ გაიტაცეს პანკისში პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი და შემდეგ სხვებიც. როგორც ვიცით, ასევე ვეფხიას სახლიდან გაიტაცეს 300 ათასი დოლარიც. მარგოშვილმა დიდი მცდელობის შემდეგ, სიცოცხლის ბოლო დღეებში გაიგო თანხა ვის ჰქონდა, მაგრამ დაბრუნება ვეღარ მოასწრო.

- ხომ არ იცით, რატომ ჩადიოდა ხოლმე ცისკარიშვილი მაშინ პანკისში?

- ხეობაში ცისკარიშვილის გარდა სხვა ბევრი თანამდებობის პირიც ჩამოდიოდა. აქ წამალი სხვა ადგილებთან შედარებით გაცილებით იაფი ღირდა. დუისის ბაზართან ყოველკვირას მანქანა ჩერდებოდა, სადაც მოხარშულ წამალს 10 ლარად ყიდდნენ, რასაც ადგილობრივი პოლიციაც ხედავდა.

მარგოშვილმა სანაიას ვიდეოკასეტა ნამდვილად მისცა

"არ უარვყოფთ, რომ იმ დროს ნარკოტიკს მარგოშვილიც ყიდდა. ვეფხია ანგელოზი კი არ იყო, მაგრამ ნარკობიზნესში უშუალოდ შს სამინისტროს და უშიშროების მაღალჩინოსნები, კახა თარგამაძე, კენჭაძე, ბაკურაძე და სხვები, ასევე ადგილობრივი და სამხარეო პოლიციის თავკაცებიც იყვნენ ჩაბმულნი. ძებნილ მარგოშვილს ამიტომაც არ ეხებოდა არავინ. ახმეტის პოლიციის მაშინდელი უფროსი გოჩა ნაზღაიძე ომალოში თავად მოდიოდა სხვა მამაკაცებთან ერთად და წამალი მიჰქონდათ. ერთხანს ახალგაზრდებს ჰეროინს უფასოდ, შემდეგ კი ნისიადაც აძლევდნენ. თითქმის მთელი პანკისი ნარკოტიკებზე დასვეს, რის შემდეგაც ბიზნესი კიდევ უფრო გაუფართოვდათ, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მარგოშვილს პარტნიორებთან ურთიერთობები დაეძაბა. დალაპარაკებას ორივე მხარე ცდილობდა, მაგრამ ვერ გამოვიდა, რის შემდეგაც ვეფხიას დაემუქრნენ. 

...მარგოშვილმა ჟურნალისტებისთვის ინტერვიუების მიცემა დაიწყო, სადაც ხელისუფლებას პანკისის ხეობაში სიტუაციის შეგნებულად დაძაბვაში ადანაშაულებდა. რამდენიმე ისეთი ინფორმაციაც გაახმოვანა, რისი გავრცელებაც მის უკვე ყოფილ პარტნიორებს არ აწყობდათ.

გადაწყვიტა ნარკობიზნესისთვის თავი დაენებებინა. საქონელი მოაშენა, ომალოში პარკეტის ქარხნის ამუშავება და ხალხის დასაქმებაც სცადა, მაგრამ არ აცლიდნენ.
...ხეობაში ჟურნალისტები ყოველდღიურად ამოდიოდნენ. კარგად მახსოვს 2001 წლის ივლისში, ომალოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და ოპერატორიც იყვნენ ამოსულნი. მაღალი, გამხდარი და ახალგაზრდა კორესპონდენტი მარგოშვილის ცოლს ლიდას და მის ორივე ახლობელს გიორგიდ გაგვეცნო. ვეფხიამ ჟურნალისტები ხეობაში გაიყვანა, შემდეგ სახლში იქეიფეს. ქეიფამდე ვეფხიასთან სახლში რაღაც კასეტებსაც უყურეს. ზუსტად ვიცი, რადგან იმ დროს ოთახში შესვლა მომიწია, გიორგი ვეფხიას ეკითხებოდა, ეს შეხვედრა რა ადგილზე და როდის შედგაო. ძალოვნებს მარგოშვილი ძირითადად ფიჩხოვანში, დათქმულ ადგილზე ხვდებოდა და აბსოლუტურად ყველა შეხვედრას ფარული ვიდეოკამერით იღებდა. მას უამრავი ინფორმაცია გააჩნდა. მარგოშვილმა სანაიას ერთ-ერთი ვიდეოკასეტის ასლიც მისცა. ამ კასეტას მათ ხეობაშიც უყურეს, თუმცა ჟურნალისტმა ასლი თბილისშიც წაიღო. ვეფხიას დეიდაშვილისგან გავიგეთ, რომ ტელევიზიაში უნდა ეჩვენებინათ კასეტაზე აღბეჭდილი გარკვეული მომენტები".

- და რა იყო ამ კასეტაზე გადაღებული?

- გადაღებული იყო ძალოვნების, მარგოშვილისა და ნარკობარონების ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც დაწვრილებით საუბრობდნენ ნარკობიზნესის წილებსა და კონკრეტული თანხების გადაცემაზე. ჩანს, როგორ ვერ თანხმდებიან რაღაცეებზე და ა.შ. ვეფხიამ ეს კასეტა სანაიას ვიზიტამდე პანკისში ჩამოსულ პარლამენტარ ელენე თევდორაძესაც გადასცა, რომლის შესახებაც მან მოგვიანებით „ღამის კურიერშიც“ განაცხადა და ჩვენებაზე იმ შემთხვევაში დასთანხმდა, თუ გენერალური პროკურატურა გამოძიებას დაიწყებდა. სანაია სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა აღნიშნული კასეტით. პანკისში ყოფნის დროს ის იმ ჩეჩნებსაც შეხვდა, რომლებმაც მას ხეობაში არსებული ნარკოტიკების ცეხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მას ისიც უთხრეს, რომელი თანამდებობის პირები მფარველობდნენ ამ საქმეს. ერთ-ერთ მუშას ისიც უთქვამს, მართალია ნორმალურად მიხდიან, მაგრამ ამ საქმეს თავს დავანებებდი, თუმცა არ გამახარებენო. ხსენებული კასეტის სულ სამი ასლი არსებობდა, ორიგინალის გარდა და არა შვიდი, როგორც ამას ამბობდნენ. აქედან, მარგოშვილმა ერთი თევდორაძეს გადასცა, მეორე სანაის, მესამე -  ხეობაში მცხოვრებ მის ერთ-ერთ მეგობარს დღესაც აქვს, მეოთხე კი მარგოშვილის სახლიდან, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. როგორც გითხარით, ეს კასეტა დღესაც არსებობს და ძალიან მალე, მისი ასლი ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიაში მოხვდება. ვნახოთ თუ გააშუქებენ და იმ ბობოლებს ამხელენ, რომელიც მაშინდელ ჩინოვნიკებთან ერთად ადამიანების გატაცებას თბილისში გეგმავდნენ, ფულს პანკისში იღებდნენ, ყველაფერს მარგოშვილს აბრალებდნენ და დღესაც მაღალ თანამდებობებზე სხედან.

...მას შემდეგ რაც გიორგი სანაიას მკვლელობის ამბავი გავიგეთ, ვეფხოს ვეკითხებოდით რატომ მოკლეს ჟურნალისტი. არ ვიციო, გვპასუხობდა. საგულისხმოა, რომ მომხდარის შემდეგ ძალიან გულჩათხრობილი გახდა. მისგან ხშირად ვიგებდით, ისე გადამეკიდნენ, რაღაცას გამიჩალიჩებენო. იმასაც ამბობდა, თუ რამე მომივა, აუცილებლად შინაური მიღალატებსო. ...მალევე ვეფხიას მეუღლე, ლიდა სალტაევა დააკავეს.

- რატომ დააკავეს სალტაევა?

-  როგორც ვიცით, ლიდა მოსკოვში მიდიოდა, შვილს უნდა მოელოგინებინა. პანკისიდან თბილისში ვინმე მამუკელაშვილის ტაქსით წავიდა. გზაზე მიმავალი ვეფხიას პერიოდულად უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ მშვიდობით მგზავრობდა, თუმცა კავშირი შეწყდა. მარგოშვილი ამაოდ ცდილობდა სალტაევას ადგილსამყოფელის დადგენას. მხოლოდ მომდევნო დღეს გაირკვა, რომ აეროპორტში ლიდა შს სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. მეუღლის დაპატიმრებამ ვეფხოზე ძალიან იმოქმედა. მისი გათავისუფლების თხოვნით ბევრს მიმართა, მათ შორის სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც, მაგრამ ვერაფერი მოხერხდა. ლიდამ ვეფხიას ციხიდან ნამდვილად დაურეკა. რა უთხრა არ ვიცით, რადგან ჩვენთვის ვეფხიას არაფერი უთქვამს, თუმცა ძალიან ფრთხილობდა. ყველაფრის შესახებ ყველაზე მეტად და უკეთ მისმა ძმამ ბადრიმ და მისმა ბიძაშვილმა თამაზიმ იცოდნენ. ბადრი ამბობდა, ვეფხიას მოშორება გადაწყვეტილია, მის ლიკვიდაციაზე თანხმობა შს მინისტრის მოადგილემ გასცა, ფულიც გადახდილია და სახლში ფრთხილად იყავითო. ვფრთხილობდით, მაგრამ ტულეტის უკან ორმო ისე ამოთხარეს და ასაფეთქებელი ისე დაამონტაჟეს, რომ ვერაფერი გავიგეთ. დარწმუნებულები ვართ ეს შინაურმა გააკეთა. ის ჩეჩენი, რომელიც ამაში მონაწილეობას იღებდა, უკვე მკვდარია, თორემ არ ვაპატიებდით. ცოცხლებიც არიან დარჩენილები. მათ სამაგიეროს აუცილებლად მივუზღავთ...

მარგოშვილის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მისი ძმის სახლს თავი ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა ლუიზა ხამზათოვამ შეაფარა. როდესაც მარგოშვილი ააფეთქეს, ეს უკანასკნელი აფეთქების ადგილიდან ათიოდე მეტრში არსებულ სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა. „2001 წლის 17 ოქტომბერი იყო. ხუთს თხუთმეტი წუთი აკლდა. ვეფხია პარკეტის ქარხნიდან ახალი მოსული იყო. ტუალეტში გავიდა თუ არა, მოულოდნელად ძალიან დიდი ხმა გაისმა. ირგვლივ ყველაფერი დაიმსხვრა. ცაში შავი ბოლი ავარდა. გავიხედე თუ არა, დავინახე ვეფხია ტუალეტის გვერდით ეგდო. ცალი მხარე მთლიანად დაფლეთილი ჰქონდა. სუნთქვა უჭირდა. ეს რა მიყვესო, იძახოდა და იაქურობას გაცლას გვთხოვდა, სახლშიც რამე არ იყოს დამონტაჟებული, არ აგაფეთქონო. მთელი სოფელი შეიყარა. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. აფეთქების ხმა მეზობელ სოფლებშიც გაუგიათ და ხალხი იქიდანაც მოვიდა. დაჭრილი ვეფხია ტახტზე დავაწვინეთ და დიდი მანქანით დუისში, ჩეჩნების საავადმყოფოში წავიყვანეთ, თუმცა გზაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია იმავე საღამოს გადაიცა, პოლიცია მომხდარით არ დაინტერესებულა“,- აღნიშნავს ხამზათოვა.

აფეთქებამდე ორი დღით ადრე მარგოშვილი მთაში ყოფილა წასული, ფერმაში. მის ძმას, ბადრის უთქვამს, შეიძლება ასაფეთქებელი სწორედ ამ დროს ჩაამონტაჟესო. „მკვლელი ნამდვილად შინაური იყო, რადგან ძალიან დიდი ძაღლები გვყვავდა და არც კი დაუყეფიათ. აფეთქების შემდეგ სახლის ზემოთ, გორაზე ხეების ძირში ნაცეცხლარი და ორი პატარა კუნძი ვნახეთ, რაზედაც ალბათ ისხდნენ და აფეთქების მომენტს პულტით მართავდნენ, რადგან ტუალეტში ვეფხიას შესვლამდე ბავშვებიც შევიდნენ, მაგრამ არავინ აფეთქებულა“,- აცხადებენ მარგოშვილის ახლობლები.

ვეფხიას დაკრძალვიდან მალევე ლიდა ციხიდან გამოუშვეს, რის შემდეგაც ის გროზნოში გაემგზავრა. მარგოშვილის ძმა ბადრი და ბიძაშვილი თამაზი კი დააკავეს. მათ ბრალად, ადამიანის გატაცებაში თანამონაწილეობა და დანაშაულის დაფარვა დასდეს და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ლუიზა ხამზათოვას თქმით, ვეფხიას სიცოცხლეში პოლიციის ცნობილი ინფორმატორი ზურაბ მაისურაძე ჰყავდა „დატყვევებული“. „კარგს აჭმევდა და კარგს ასმევდა. უბრალოდ ვალის დაბრუნებას სთხოვდა. მაშინ მაისურაძემ უთხრა, მე რომ აქ ვიყო, არავინ არაფერს მოგიტანს, მძევლად დედაჩემსა და ჩემს ცოლს დაგიტოვებ, მე კი წავალ, ვიმუშავებ და ფულს მოგიტანო. მაისურაძის ცოლსა და დედას საკუთარი ოჯახის წევრებივით ვინახავდით. აქედან წასვლაც აღარ უნდოდათ. ვეფხიას დაკრძალვაშიც ჩამოვიდნენ და დაიტირეს. სწორედ ზურა მაისურაძემ დაადო ხელი ბადრისა და თამაზის, - როცა მარგოშვილს ვყავდი გატაცებული, პურს სწორედ ეგენი მაჭმევდნენო“, - ამბობს ხამზათოვა.

მარგოშვილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ პატიმრებს ბადრი მარგოშვილსა და თამაზ ბორჩაშვილს თავისუფლებას სასჯელის მოხდის შემდეგაც არ აღირსებენ. უფრო მეტიც, მათი თქმით, შესაძლოა ისინი რუსთავის #1 კოლონიაში „გაასაღონ“ კიდეც. „მათ ყველაფერი იციან. ამიტომაც დააპატიმრეს. ისინი ცოცხლები არავის სჭირდება“,- აცხადებენ პატიმრების ოჯახის წევრები.
 
ჩვენთან საუბარში ხეობაში მცხოვრებ ქისტებს არ დაუმალავთ, რომ მარგოშვილის მკვლელობის გამო შურს აუცილებლად იძიებენ. ისინი არ ფარავენ, რომ სისხლის აღებას რამდენიმე კვირაში გეგმავენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები