კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში 200-მდე უმწეო საოჯახო დახმარების გარეშე დარჩა

20 აგვისტო, 2006

20_agv_umceo.gifლაგოდეხის რაიონის საპასპორტო, მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის საპასპორტო განყოფილების თანამშრომელთა უყურადღებობისა და უთავბოლობის შედეგად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200-მდე ოჯახი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სოციალური (საოჯახო) დახმარების გარეშე დარჩა.

აღნიშნულმა „რეფორმირებულმა“ სამსახურმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პიროვნებებზე პასპორტები და პირადობის მოწმობები ერთი და იგივე პირადი ნომრებით გასცა, რის გამოც სახელმწიფომ გაორებული პირადი ნომრის მქონე, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ფულად დახმარებებზე უარი განუცხადა.
ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების სამსახურის უფროსი გიორგი იაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ მან პრობლემის მოსაგვარებლად საპასპორტო განყოფილებას მიმართა და შეცდომის გამოსწორება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. „ჩვენს სამსახურში აღრიცხვაზე 1400 უმწეო ადამიანი იმყოფება. დასაქმებისა და დახმარების სახელმწიფო სააგენტომ მოქალაქეთა რეგისტრაციის პირადი საქმეების გაგზავნა მოგვთხოვა, რის შემდეგაც დახმარება მხოლოდ 900 პიროვნებაზე მოვიდა. დანარჩენმა მათგანმა კი დახმარება, როგორც გაირკვა, საპასპორტო განყოფილების მიერ დაშვებული შეცდომის გამო ვერ მიიღო. მათ პირადობის მოწმობებში გაორება მოხდა, ანუ ორ სხვადასხვა პიროვნებას ერთი და იგივე პირადი ნომერი აღმოაჩნდა. ამიტომ საპასპორტო სამსახურს მივმართეთ და შეცდომების სასწრაფოდ გამოსწორება მოვთხოვეთ. პასუხად კი მივიღეთ, რომ ამ პიროვნებებმა განმეორებით უნდა აიღონ პირადობის მოწმობები. ამას გარკვეული დრო და პროცედურები სჭირდება. ამჟამად მათზე ივნისი-ივლისის სოციალური (საოჯახო) დახმარების გაცემა შეჩერებულია. სანამ ეს პიროვნებები ახალ პირადობის მოწმობებს არ წარმოადგენენ, მანამდე დახმარებას ვერ მიიღებენ,“- ამბობს ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების სამსახურის უფროსი გიორგი იაშვილი.

რაიონის საპასპორტო, მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის საპასპორტო განყოფილების უყურადღებობამ მოსახლეობა გააღიზიანა. ლაგოდეხელები მომხდარზე პასუხისმგებლობას სამსახურის უფროსს ზურა ნატროშვილს აკისრებენ და მის წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში სარჩელის  შეტანას გეგმავენ. „თანამდებობებზე რომ სხედან, ელემენტარული ხომ მაინც უნდა იცოდნენ. შეიძლება ორ-სამ პიროვნებას ერთი და იგივე პირადი ნომერი ჰქონდეს? მომხდარზე პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებს და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მაინც მოგვიხადონ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვიყვირიან და საბუთებს სახეში გვაყრიან. ეს არის ტესტირებაგავლილი კადრი? მხოლოდ ერთსა და იმავეს გაიძახიან, არაფერი გეშველებათ, პირადობის მოწმობები ხელახლა უნდა აიღოთო. უმრავლესობა უმწეო ადამიანები ვართ. სახელმწიფომ გაითვალისწინა ჩვენი სოციალური მდგომარეობა და ელექტრო ენერგიის გაზრდილი ტარიფის ანაზღაურების ვაუჩერი და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ბარათი მოგვცა, ზოგიერთს შსს საპენსიო მოწმობა აქვს და პენსიას ბანკში იღებს. ყველა საბუთში ჩვენი პირადი ნომრებია დაფიქსირებული. თუ ახალ პირადობის მოწმობებს ვიღებთ, პირადი ნომრებიც შეიცვლება. ეს ყველაფერი კი გარკვეულ დროს და თანხებს მოითხოვს, რისი საშუალებაც არ გვაქვს. არადა ამ ეტაპზე ყველანაირი დახმარებები შეჩერებული გვაქვს,“ - აღშფოთებას ვერ მალავენ ლაგოდეხელები და დახმარებას ზემდგომი ინსტანციისგან ითხოვენ.

საპასპორტო, მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის საპასპორტო განყოფილების თანამშრომელთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე კომენტარისათვის ზურა ნატროშვილს მივმართეთ:

- ბატონო ზურა, როგორ მოხდა თქვენს მიერ გაცემულ პირადობის მოწმობებში პირადი ნომრების გაორება?

- სარეგისტრაციო ჟურნალში მოწმობების რიცხვი რომ 699-მდე მივიდა, რეგისტრატორმა ლალი ბოჭორიშვილმა ნუმერაცია 700-ის ნაცვლად, ისევ 600-ით დაიწყო. ასეთი გაორების შემთხვევები ძალიან ბევრია. არის ისეთი ფაქტიც, როცა, მაგალითად, ლაგოდეხში მცხოვრებ მანანა გოგოლაძის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული პირადი ნომრით უზუნთალაში მცხოვრებ ვუგარ გასანოვზე პასპორტი გაიცა. მე რა შუაში ვარ?

- ანუ თქვენ პასუხისმგებლობას იხსნით?

- მე არაფერ შუაში არ ვარ. წადით და პასუხი ბოჭორიშვილს მოსთხოვეთ! (ლალი ბოჭორიშვილი საპასპორტო განყოფილებაში რეგისტრატორად ლაგოდეხელი ნაციონალების პროტექციით დაინიშნა. - ავტ)

- ბატონო ზურა, თქვენ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელი ბრძანდებოდით. ხალხმა უნდა ეძებოს თქვენი ყოფილი თანამშრომელი, თუ თქვენ უნდა მოსთხოვოთ მას ახსნა-განმარტება მაინც აღნიშნულის შესახებ?

- რაღაც სისულელეებს მეუბნებით. რა გინდათ რომ მათქმევინოთ, ვერ გავიგე. დაკითხვაზე ვარ თუ რა? მე რა შუაში ვარ? ხალხმა უნდა შეცვალოს პირადობის მოწმობები და მორჩა!

ლაგოდეხის საპასპორტო განყოფილებაში გამეფებული განუკითხაობისა და უამრავი დარღვევის არსებობის დასადასტურებლად იმ ფაქტის გახსენებაც კმარა, როცა 2005 წლის 20 მარტს, ყვარელში მოკლულ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ანანაურში მცხოვრებ ნინო გაჩეჩილაძეს, თავისი დის, თეა გაჩეჩილაძეს და სოფელ გვიმრიანში მცხოვრები სოფიო კაპანაძის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობები აღმოაჩნდა, რომლებიც ლაგოდეხის რაიონის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილების მიერ იყო გაცემული. მოგვიანებით გაირკვა, რომ სოფიო კაპანაძის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა გურჯაანის რაიონში მცხოვრებ მაია ხალილოვას ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები