კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღატაკი ადამიანები სოცაგენტებს არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ

20 აგვისტო, 2006
20_agv_gatakebi.gifსოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების აღრიცხვა გასული წლიდან დაიწყო. დღეისათვის, დახმარების მიღების მსურველი მოსახლეობის პირველადი რეგისტრაცია დასრულდა და სიღატაკის ზღვრად 40001 ქულა განისაზღვრა. გაჭირვებული ადამიანები, რომელთაც დაგროვილი ქულებით ზღვარს გადააჭარბეს, რის გამოც პირველ ეტაპზე დახმარებას ვერ მიიღებენ, სოცაგენტებს არაკომპეტენტურებს უწოდებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ. 

ის ადამიანები, ვინც 40001 ქულაზე ნაკლები დააგროვეს, სოციალურ დახმარებას სექტემბრიდან მიიღებენ. უკიდურესად გაჭირვებული ერთსულიანი ოჯახი თვეში 38 ლარს მიიღებს, ორსულიანი - 55 ლარს, სამსულიანი - 70 ლარს, ოთხსულიანი - 85 ლარს, ხუთსულიანი - 100 ლარს, ექვსსულიანი - 115 ლარს, შვიდსულიანი - 125 ლარს, 8 და მეტსულიანები კი ყოველ მომდევნო წევრზე 10 ლარს.

ოფიციალური ინფორმაციით, რეგისტრაცია გავლილი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო მაჩვენებელმაც ზღვრულ ქულას გადააჭარბა, სოციალურ დახმარებას პროგრამის მეორე და მესამე ეტაპზე მიიღებენ, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში დადგენილი ზღვრული ქულის შემცირებაზე მუშაობენ, რასაც სახელმწიფო დასაქმების სააგენტოში უარყოფენ. მათი თქმით, შემცირების ნაცვლად, მოსალოდნელია ზღვრული მაჩვენებლის გაზრდა. „დღეისათვის, რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. სიღატაკის ზღვრულ მაჩვენებლად 40001 ქულა დადგინდა. უამრავ ოჯახს მონაცემთა ბაზაში საკმაოდ მაღალი სარეიტინგო მაჩვენებელი მიენიჭა. ასეთი ოჯახები სოციალურ დახმარებას ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დახმარების გარეშე დარჩებიან. როგორც ვიცი, სიღატაკის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება. ასევე, განხორციელდება შემდეგი ეტაპები“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსი ხათუნა პაპუნაშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა დახმარება ვერც იმ ოჯახებმა მიიღონ, ვინც 40001 ქულის ქვემოთ იმყოფებიან, რადგან დასაქმების სახელმწიფო სააგენტო სიების გადახედვას აწარმოებს და შესაბამისად მათი ცხოვრების პირობების გადამოწმებას გეგმავს. „ოჯახები, რომლებიც 40001 ქულის ქვემოთ იმყოფებიან გარანტირებულნი არ არიან, რომ დახმარებას აუცილებლად მიიღებენ. უახლოეს მომავალში, მათი ცხოვრების დონის გადამოწმება მოხდება. ჩვენი სამსახური სოფლის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა თითოეული ოჯახი დახმარებას. ანუ ასეთი ოჯახები მიიღებენ თუ არა სოციალურ დახმარებას ჯერ კიდევ გადასაწყვეტია“, - ამბობს ხათუნა პაპუნაშვილი.
ოფიციალური მონაცემებით, გურჯაანის რაიონში რეგისტრაცია 7 ათასმა ოჯახმა გაიარა. აქედან ბევრი ღატაკი ადამიანი, რომელთა სარეიტინგო მაჩვენებელიც მაღალი აღმოჩნდა, სოც. აგენტების მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს, მათ არაკომპეტენტურებს უწოდებს და კორუფციაში ადანაშაულებს.

„ჩემნაირი ღატაკი რაიონში კიდევ თუ არის ვინმე, არ ვიცი. შეიძლება ითქვას, მიწიან ოთახში ვცხოვრობ და ორ შვილს ვზრდი. მეუღლე დიდი ხანია გარდამეცვალა. სახლში მხოლოდ ორი საწოლი და მაგიდა მაქვს. როცა ჩემთან სოც. აგენტი მოვიდა, ყველაფერი შეამოწმა. მითხრა, შენ თუ არა, დახმარებას სხვა ვინ მიიღებსო. გაუგებარია, რატომ მომენიჭა მაღალი ქულა. სამაგიეროდ, ისეთი ოჯახები მოხვდნენ იმ სიაში, ვინც დახმარებას ივნისიდან მიიღებენ, რომ ყველას გაუკვირდა. როგორ, თუ საქმე არ ჩააწყეს და სოც აგენტმა მონაცემები შეგნებულად არ დაამახინჯა?  ზედამხედველი ყველა ოჯახს ხომ ვერ ჩამოუვლის და შეამოწმებს, ბევრს შერჩება, მე კი მშიერი როდის მოვკვდები, კაცმა არ იცის. ამას ასე არ დავტოვებ“, - აღშფოთებულია სოფელ ველისციხეში მცხოვრები მანანა ჩითავიშვილი.

სოც. აგენტების მიმართ უკმაყოფილებას სხვებიც გამოთქვამენ. „სოც. აგენტების არასწორი და მიკერძოებული მუშაობის გამო, ბევრი უკიდურესად ღარიბი ოჯახი დახმარებას ვერ მივიღებთ. სოც. აგენტმა ოფიციალური დოკუმენტი არ წაგვაკითხა და ხელი ისე მოგვაწერინა. უკან დახევას არ ვაპირებთ, თუ ასეთ დარღვევას არ გამოასწორებენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებთ“, – ამბობს მერი ლაზაშვილი და მას სხვა გაჭირვებულებიც ეთანხმებიან.

მოსახლეობის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსი. „დარწმუნებული ვარ, სოცაგენტების ობიექტურობაში და, უბრალოდ, ეს ყველაფერი უხერხულია. თუ ვინმეს პრეტენზიები გააჩნია, შეუძლიათ გადახედონ შევსებულ დეკლარაციას, რომელიც თელავში - რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრში ინახება“, - აცხადებს ხათუნა პაპუნაშვილი და აღნიშნავს, რომ უპირატესობა იმ ოჯახებს მიენიჭათ, რომლებიც შესაძლოა სხვაზე უკეთ ცხოვრობენ, მაგრამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ინვალიდია.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები