კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდებს ჯარში ძალით იწვევენ

5 ოქტომბერი, 2006

gazvwva.jpgარასამთვრობო ორგანიზაციები წვევამდელთა უფლებების დასაცავად გამოდიან. ისინი ხელისუფლებას ჯარში უკანონოდ, ძალით წაყვანის აკრძალვისკენ მოუწოდებენ და კანონმდებლობის იმ მუხლებს ახსენებენ, რითაც წვევამდელთა უფლებები ხშირად ირღვევა. 

ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა 2006 წლის 9 სექტემბერს ახმეტის რაიონში მოხდა. დაახლოებით დილის  6 საათზე საპატრულო პოლიციის დუისის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა ჩეჩენი ლტოლვილი ვახიდ ბორჩაშვილი სახლიდან ძალით გამოიყვანეს და რაიონის სამხედრო კომისარიატში წაიყვანეს.

მას შემდეგ, ვახიდ ბორჩაშვილის მამა ვალიკო ბორჩაშვილი შვილის სახლში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მან დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ მიმართა. ცენტრის ადვოკატმა დავით მანაგაძემ კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა შეისწავლა და უამრავი დარღვევა აღმოაჩინა.

მისი თქმით, „საქართველოს კანონის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობოს შესახებ“ მიხედვით, უცხოელი მოქალაქეები ვალდებულნი არ არიან, საქართველოს სამხედრო ძალებში იმსახურონ; „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, ლტოლვილს უფლება აქვს: „ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლით: „საქართველოს დაცვა ქვეყნის თითოეული  მოქალაქის ვალდებულებაა“, უცხოელებს კი ეს ვალდებულება არ ეხებათ. სამხედრო კომისარიატი ვალდებული იყო, ყველა დოკუმენტი გადაემოწმებინა, რაც ბორჩაშვილთან იყო დაკავშირებული და ადვილად დარწმუნდებოდა რომ ის სამხედრო სამსახურში გაწვევას არ ექვემდებარებოდა.“

ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ვახიდ ბორჩაშვილი კიევში დაიბადა, რეგისტრირებულია გროზნოში, არ არის საქართველოს მოქალაქე და არ გააჩნია საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობა. ის საქართველოში 1999 წლიდან ცხოვრობს როგორც ჩეჩენი ლტოლვილი. ამას ადასტურებს მისი ლტოლვილის მოწმობა ნომრით 0143-01.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, სახლიდან იძულების წესით წაყვანის შემდეგ ვახიდ ბორჩაშვილი ორხევის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს: „იმის მაგივრად, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაერკვიათ, ის ყალბი დოკუმენტაციების საფუძველზე გაიწვიეს. კომისარიატმა 5 სხვადასხვა კანონი დაარღვია. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევბი საკმაოდ ხშირია. სამწუხაროა ისიც, რომ წვევამდელთა უფლებებზე არავინ ზრუნავს.“

ცენტრმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წერილით მიმართა, სადაც აღწერილია ყველა წვრილმანი და თან ერთვის დოკუმენტაცია. ჯერჯერობით ცენტრს წერილზე პასუხი არ მიუღია. ცენტრის და დაზარალებულის ოჯახის მოთხოვნაა, ვახიდ ბორჩაშვილი სახლში დაბრუნდეს და კანონდარღვევისთვის სამხედრო კომისარიატის წინააღმდეგ სათანადო ღონისძიებები გატარდეს.

როგორც დაზარალებულის მამა აცხადებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე დღის წინ მისი შვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, სოფელ ჯოყოლოს საკრებულომ მისი შვილის დაბადების მოწმობაც გააყალბა. ამ დოკუმენტში მითითებული არ არის მისი დედის ვინაობა და არც ის, როდის არის ცნობა გაცემული. გარდა ამისა, ავტობიოგრაფიას არა აქვს თარიღი. მითითებულია მხოლოდ ის, რომ დაიბადა სოფელ ჯოყოლოში, რომ მამამ შეიყვანა პირველ კლასში და ამჟამად არის მე-10 კლასში. სხვა აუცილებელი კრიტერიუმები არ ფიქსირდება.

ეკა გულუა

ახალი ამბები