კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

`ბადაგონი` სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივლებს

17 ნოემბერი, 2006

vine.gif`ღვინის კომპანიაში ჩატარებული  სპეცოპერაციის შემდეგ ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებაზე უარს ამბობენ`

14 ნოემბერს ქართულ - იტალიური კომპანია `ბადაგონის` ღვინის ქარხანაში  ე.წ. ფალსიფიცირებული ღვინის საჯაროდ დაღვრამ დაპირისპირება გამოიწვია. ღონისძიებას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული, ინვესტორებმა, ბიზნესის დამოუკიდებლად განვითარების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია უწოდეს.

კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში, შპს `ბადაგონის’ ღვინის ქარხანა საქართველოს პრეზიდენტმა, რეიდამდე სამიოდე კვირით ადრე, 27 ოქტომბერს, პრემიერ–მინისტრთან და კახეთის იმჟამინდელ გუბერნატორთან, პეტრე ცისკრიშვილთან ერთად გახსნა: `შეხედეთ ამ ქარხანას და დარწმუნდებით, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები. რუსეთი ვერასოდეს დაგვამარცხებს ეკონომიკური სანქციებით. რუსეთის ნაცვლად ქართული ღვინით იტალია დაინტერესდა, სხვებიც დაინტერესდებიან. ემბარგომ ჩვენ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქციის გამოშვება გვასწავლა`- განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.

`ამ ინვესტიციის განხორციელება იმ დროს, როდესაც მეღვინეობაში პრობლემებია და ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ვერ გადის, მეტად მნიშვნელოვანია. ახლა ამ საწარმოს გახსნას ბევრად მეტი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრეს ნებისმიერ სხვა დროს ექნებოდა. მნიშვნელოვანია ინვესტორის წარმოშობაც. ის სოხუმელი კაცია და `ბადაგონს’ ჩვენ აუცილებლად მის სახლში დავლევთ’ - აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.

მაშინ მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს. სამაგიეროდ, მან თავისი სათქმელი 14 ნოემბერს თქვა. ერთ დღეში საგამოცდო ლაბორატორიამ `მულტი – ტესტი`, `ბადაგონის’ ღვინოებიდან ჯერ კიდევ 5 მაისს აღებული სინჯებიც შეამოწმა, იმავე დღეს დასკვნაც დაწერეს და `სამტრესტსაც’ მისწერეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ამ ორგანიზაციამაც მაშინვე აცნობა მინისტრს `ბადაგონის’ ღვინის ფალსიფიცირებულობის  შესახებ.. ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოშიც იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და რეიდის ჩატარებაც გადაწყდა.

`შემოცვივდნენ. გვითხრეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ფინანსური პოლიციიდან და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან ვართ, შემოგვიშვით და ხელმძღვანელობას დაუძახეთო’ - აცხადებს ღვინის ქარხნის თანამშრომელი ოთარ მარუქაშვილი.

`სამტრესტის’ თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან ჟღენტმა წარმოგვიდგინა ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს დადგენილება, ღვინის ფალსიფიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ. დოკუმენტს თან ერთვოდა ლაბორატორია `მულტი – ტესტის` დასკვნა, სადაც მოცემულია, რომ ერთ-ერთ ცისტერნაში აღმოჩნდა ქიმიური საღებავებით დამზადებული ღვინო. პირდაპირ იმ შენობაში შევიდნენ, სადაც ღვინო ინახება ცისტერნებით, საიდანაც ჟურნალისტების თანდასწრებით ღვინის დაღვრა დაიწყეს. ვუთხარით, რომ ღვინო არ დაეღვარათ, წინააღმდეგობაც გავუწიეთ, მაგრამ ამაოდ’- ამბობს შპს `ბადაგონის` ღვინის ქარხნის ტექნიკური დირექტორი გია შენგელია.

ჩვენთან საუბარში საწარმოს გენერალური დირექტორი პაატა დარცმელია კატეგორიულად უარყოფს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, რეიდისას 20 ტონა ღვინო დაღვარეს. `ავზი, რომლიდანაც 150 ლიტრამდე ღვინო გადმოღვარეს და შემდეგ დალუქეს, სულ 10 ტონიანია და 20 ტონას როგორ დაღვრიდნენ?.. ეს იყო შავი პიარი, ჩვენი, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საუკეთესო ღვინის ქარხნის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორებს ჩვენ მაშინვე ვუთხარით, რომ მომხდარს ისე არ დავტოვებდით და `ბადაგონის` ღვინოს რომ ფალსიფიკაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს, დავამტკიცებდით. ამისათვის აღვნიშნეთ, რომ თავის დროზე თითოეული ავზიდან სინჯების აღებისას, აიღეს ოთხ-ოთხი ბოთლი ღვინო, აქედან სამი ბოთლი `სამტრესტის’ თანამშრომლებმა წაიღეს, თითო კი ჩვენ დაგვრჩა დალუქულ მდგომარეობაში, რომლის შემოწმებაც ალტერნატიული ექსპერტების მიერ სრულიად შესაძლებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა მოგვთხოვეს ჩვენთან არსებული სინჯები მათთვის გადაგვეცა და თავად შეამოწმებდნენ კიდევ ერთხელ, რაზეც, ბუნებრივია არ დავთანხმდით.
კომპანიის პარტნიორია მსოფლიოს მეღვინეთა ათეულში შემავალი ცნობილი მეღვინე, დოქტორი დონატო ლანატი, რომლის ლაბორატორია “ენოზისში” (იტალია), ყოველკვირეულად ტარდება კომპანია `ბადაგონის` პროდუქციის ლაბორატორიული ექსპერტიზა.
ვაცხადებ, რომ კომპანიას, რომლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის გამოსაშვებად ჩადებულია დაახლოებით 12 მილიონი ევროს ინვესტიცია, არ აქვს ინტერესი, მისი სახელისა და პროდუქციის იმიჯის შებღალვისათვის მოახდინოს ღვინის, თუნდაც მინიმალური ნაწილის ფალსიფიცირება’- აცხადებს ღვინის ქარხნის გენერალური დირექტორი.

`ბადაგონის’ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნული მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი `სამტრესტის~ მოხელეებმა შეცდომაში განგებ შეიყვანეს.

`ეს აქცია მოაწყო `სამტრესტის` თანამშრომელთა ნაწილმა, რომლებსაც სურდათ ახალი მინისტრის წინაშე თავის გამოჩენა. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს, პეტრე ცისკარიშვილს პირადი ინტერესები აქვს `ბადაგონის` მიმართ, იმ მიზეზით რომ მას არცერთი პროცენტი წილი არ დაუთმეს და ხარკს არ უხდიან, სიმართლეს არ შეესაბამება. კითხვაზე, რატომ შეცდა ასე ადვილად და შეცდა თუ არა საერთოდ ბატონი ცისკარიშვილი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენი ქარხნის მუშაობას, ვერაფერს გეტყვით. საგულისხმოა, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში, `ბადაგონის` პროდუქციით დაინტერესდნენ კანადის, აშშ-ს, ჩეხეთის, თურქეთის, იტალიის მეღვინეები და დისტრიბუტორები. `ბადაგონის’ ყველა პროდუქტი გაიგზავნა ამ ქვეყნებში და მან ყველა შესაბამისი ტესტი გაიარა’- ამბობს გია შენგელია და არ გამორიცხავს, რომ პროვოცირება შესაძლოა, `ბადაგონის` კონკურენტი ღვინის კომპანიებიდან მოდიოდეს.

- ბატონო გია, ვის განიხილავთ ძლიერ ღვინის კომპანიებში?

- ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ რაც რუსეთის ბაზარი დაიკეტა, პროდუქცია სადმე ხომ უნდა წაიღონ. რეალურად, ჯერ-ჯერობით ერთადერთი საქართველოს ბაზარია, რომელიც ძალიან მცირეა, შესაბამისად სერიოზული კონკურენციაა. ჩვენ ქართულ ბაზარზე ძალიან მცირე რაოდენობით შევიტანეთ პროდუქცია და დიდი მოწონება და გამოხმაურება ვპოვეთ. ბუნებრივია ამ ფაქტორმა დააფიქრა ვიღაც-ვიღაცეები.

- ღვინის რომელ კომპანიებს მოიაზრებთ ქართულ ბაზარზე თქვენს კონკურენტებად?

- დიდი კომპანიები, მაგალითად: `თბილღვინო’, `თელიანი ველი’, ‘თელავის მარანი’ და ა.შ. ხელს არავის ვადებ, მაგრამ არის ვიღაც, ვისაც  ჩვენთვის კარგი არ უნდა. რეიდის შემდეგ რუსეთის საინფორმაციო არხები გადმოსცემენ, რომ `ბადაგონში`დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ღვინო აღმოაჩინეს, რომ რუსეთის ემბარგოს მიზეზები გამართლდა და ა.შ. მორალურად ძალიან დავზარალდით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენი ინვესტორები მომხდარით შეშფოთებულნი არიან და ამას ბიზნესზე ზეწოლად ხსნიან. ისინი აპირებდნენ ინვესტიციების ჩადებას სხვა სფეროებშიც, მაგრამ ამ სპეცოპერაციის შემდეგ ფიქრობენ, რომ საქართველოში ინვესტირება არ ღირს, რადგან თავისუფალი ბიზნესი სრულიად დაუცველია`.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ `სამტრესტში`, თუმცა ოფიციალური კომენტარისაგან თავს იკავებენ. `სამტრესტის` ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე, საწარმოში რეიდის განხორციელებისას, საქართველოში არ იმყოფებოდა. `ბადაგონის` დირექტორის განცხადებით, მას დაუკავშირდნენ, თუმცა მისთვის ეს ფაქტი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი, მანაგაძემ განაცხადა, რომ `ბადაგონში` ფინანსური პოლიციის შესვლა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე განხორციელდა, რომლის სიზუსტეშიც დარწმუნებულია.

`ბადაგონთან` დაპირისპირებას და პირად ინეტერესებს უარყოფს სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი. მისი თქმით, ღვინის ფალისიფიცირებასთან დაკავშირებით მას გარკვეული ინფორმაცია კახეთის გუბერნატორად მუშაობის პერიოდშიც გააჩნდა, თუმცა დაწვრილებით ამის შესახებ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეიტყო.  

ღვინის ქარხანაში ჩატარებულ რეიდს საქართველოში თავისუფალი ბიზნესის დამოუკიდებლად განვითარების წინააღმდეგ მიმართულ აქტს უწოდებს კომპანია `ბადაგონის` პრეზიდენტი თემურ უბილავა. `ეს ღონისძიება იყო პროვოკაცია, რომელიც მიმართულია საქართველოში ბიზნესის განვითარების წინააღმდეგ, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლის მოწინააღმდეგეთა და კონკრეტულად `ბადაგონის` არაკეთილისმოსურნეთა მიერ. ამ აქციამ შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ქარხნის განვითარებას, ასევე ქვეყნის იმიჯს. კატეგორიულად მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას. მზად ვართ საკუთარი ხარჯებით დავაფინანსოთ ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტიზა `ბადაგონის` ნებისმიერი პროდუქციის შემოწმების მიზნით. კომპანიის ადვოკატები უახლოეს ხანში შეიტანენ სარჩელს პროკურატურაში და შესაბამის ორგანოებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ’- ნათქვამია კომპანია `ბადაგონის` პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

`ბადაგონში’ ჩატარებულ რეიდს საპარლამენტო ოპოზიციაც გამოეხმაურა. `ბადაგონი` ჩინოვნიკების მიერ მხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ უარი თქვა სააკაშვილისთვის, ოქრუაშვილისთვის და კეზერაშვილისთვის ფული პირდაპირ გადაეხადა. ეს ადამიანები ოჯახის წევრებთან ერთად ამ ფორმით აკონტროლებენ ყველა ბიზნეს – კომპანიას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში წილი ვერ მიიღო პეტრე ცისკარიშვილმა და ამიტომაც შეუშვა ფინანსური პოლიცია ღვინის ქარხანაში. ცისკარიშვილმა გადაწყვიტა ბიზნესს საქართველოში ველური მეთოდებით ებრძოლოს’- განაცხადა ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტის` ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

ამ აზრს იზიარებს საქართველო პარლამენტის წევრი, `მემარჯვენე`  ფიქრია ჩიხრაძეც. იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან დატერორებულია ბიზნესი და უცხოური ინვესტორები.. `დატერორებული ბიზნესი ვერასოდეს გახდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი`- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჩვენ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოსაც დავუკავშირდით. უფროსის მოადგილის ზურაბ თომაძის ინფორმაციით, ღვინის ფალსიფიკაციის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 197-ე მუხლით. ამჟამად დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა. დასკვნის მიღებისთანავე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ `ბადაგონის` მიერ ღვინის ფალსიფიცირება არ დადასტურდა, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ფინანსური პოლიცია საკუთარ თავზე, ბატონმა თომაძემ კონტრშეკითხვით გვიპასუხა: ‘თქვენ რა, ტელევიზორს არ უყურებთ? ბატონ პრეზიდენტს არ უსმენთ? არ იცით, რომ ფინანსურ პოლიციას პასუხისმგებლობას ვერავინ დააკისრებს?..’

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები