კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეტერანი დოკუმენტების არქონის გამო პენსიას და დახმარებას ვერ ღებულობს

23 ნოემბერი, 2006

ismael.pngმეორე მსოფლიო ომის ვეტერან 79 წლის ისმაილ ბერიძეს ვეტერანთან გათანაბრებული 45 ლარიანი პენსია და შეღავათები ელექტროენერგიასა და გაზზე შეუწყვიტეს. ბრეგაძე ზემოაღნიშნულ შეღავათება ვეტერანთა ახალი აღრიცხვის [ზაფხულის] შემდეგ აღარ იღებს.

 „ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი ფრონტზე, ვაი-ვაგლახში მაქვს გალეული. იქ რაც გადამხდა, იმის გახსენებაც კი აღარ მინდა, ცუდად ვხდები“, - ამბობს მოხუცი. თუმცა, ჩვენი თხოვნის შემდეგ, ერთ-ერთ შემთხვევას მაინც იხსენებს: „გერმანელებმა ტყვეები შემოღობილ ეზოში შეგვყარეს და დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ პურს შემოგვიყრიდენ ხოლმე. 10 დღე თავზე გვაწვიმდა, იქ გვეძინა ღამით და დღისითაც იქ ვიყავით“.

ისმაილ ბერიძე ქედის რაიონ, სოფელ ახოში ფიცრულ სახლში ცხოვრობს.
„ჩემი გულისტკივილი ასეთია: ამდენი წვალების შემდეგ, სიბერეში პენსია შემიწყვიტეს. სხვა მხრივ, ბედნიერი ვარ. ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი დედაბერი [მეუღლე] მიცოცხლოს დიდხანს და მეც იმდენხანს ვიცოცხლო, სანამ ჩემით გავიარ-გამოვიარ“.

ვეტერანის პენსიის შეწყვეტის გამო შეურაცხყოფილია მისი მეუღლე, აიშე კეკელიძე. „გული მწყდება, ამდენი ნაწვალები წყალში რომ ჩაუყარეს, თურმე რაღაც დოკუმენტი აკლია. ტყვედ ჩავარდნილი კაცი დოკუმენტებს როგორ მოაწესრიგებდა? ასე ექცევიან ნაომარ ხალხს? ჩემი ქმარი ამ მთავრობის იმედად არ არის, მაგრამ ის რაც ეკუთვნის, რატომ უკარგავენ? ტყვეობაში მიღებული ჭრილობებიც არაა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ ომში იბრძოდა?“ - კითხულობს ბერიძის მეუღლე.

რაიონის ვეტერანთა სამსახურის ინფორმაციით, ისმაილ ბერიძეს სრულყოფილი დოკუმენტები არ აქვს პენსიის და დახმარებების მიღებისთვის: „ეს კაცი მართლაც არის ვეტერანი, ტყვეობაშიც არის ნამყოფი, მაგრამ ამის რაიმე დამამტკიცებელი დოკუმენტი არ აქვს. რაიონის სამხედრო კომისარს ზებურ ანანიძეს ვთხოვე, მოსკოვის არქივში მასზე იქნებ რაიმე დოკუმენტი არსებობდეს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია“,- განაცხადა სატელეფონო საუბარში ქედის რაიონის ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ზაქარაძემ.

სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილის თენგიზ ძნელაძის განცხადებით, „ჩვენ პენსიებს ისე გავცემთ, თუკი ვეტერანთა საბჭოს ვეტერანზე კატეგორია მინიჭებული არაა“.

ისმაილ ბერიძეს მხოლოდ სასამართლოს გზით დარჩა პენსიისა და შეღავათები მიღების შესაძლებლობა. თუმცა, მან ვინმე თანამებრძოლი უნდა იპოვოს, ვინც მის ომში ყოფნას და ტყვეობას დაამტკიცებს.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან 

ახალი ამბები