კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

27 ნოემბერი, 2006

shadrevani.gifზუგდიდის გარეუბანში ე.წ. ფაიფურის დასახლებაში თითქმის 2 600 დევნილი ცხოვრობს სხვადასხვა შენობაში. რაიონის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ ორსართულიან სახლში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს. ზოგიერთი 7-8 სულიანი ოჯახი ერთ ოთახშია შეყუჟული. შენობა არ გარემონტებულა გასული საუკუნის 80 –იანი წლების შემდეგ. ამჟამად შენობის სახურავი მთლიანდ გამოსაცვლელია. აწვიმს მთელ სახლს.

23 ნოემბერს, მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ზუგდიდის დრამატულ თეატრში "ვარდების რევოლუციის" მესამე წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავდა, ფაიფურის დასახლებაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ქუჩაში სწორედ ის ხალხი გამოვიდა, ვინც ავარიულ სახლში ცხოვრობს. აქციის მონაწილეთა უმეტესობას ბავშვები და მცირეწლოვანი ბავშვები შეადგენდნენ, რომლის მიზანიც შემდეგი იყო: „ქუჩაში კაცები რომ გამოვიდნენ, აუცილებლად დაიჭერს პოლიცია. ადრეც გვქონდა აქცია და მაშინ გვითხრა პოლიციამ, გაბედეთ და კიდევ გააკეთეთ აქცია, ყველას დაგიჭერთო,"- აცხადებს აქციის ერთერთი მონაწილე ვენერა ფონია. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში სამხარეო პოლიციის შეფი მერაბ გერგაია იყო).
 
რაც შეეხება 23 ნოემბრის აქციას, დევნილთა მოთხოვნები ასეთი იყო:
1. დაუყონებლივ გადაიხუროს საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.
2. თუ არ მოხერხდება გადახურვა, მოუძებნონ შესაბამისი ფართის საცხოვრებელი ბინები.
3. იმ შემთხვევაში, თუკი მათი ორი პირობიდან ერთი მაინც  არ შესრულდება, დევნილები, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე განთავსებულ გალის გამგეობის ოფისის გადაწვით იმუქრებიან.
 
დევნილი მარინა შონია, რომელსაც 4 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, აცხადებს: "გვაწვიმს, გვათოვს. რამდენჯერ მივმართეთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ რად გინდა, არანაირი შედეგი არა გვაქვს, ხედავთ რაც ხდება. კატეგორიულად მოვითხოვთ იმ მინისტრის ჩამოსვლას, საერთოდ რომ არ აინტერესებს როგორ ვცხოვრობთ. სირცხვილია, 21–ე საუკუნეში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები რომ არა გვაქვს."

უფრო მძაფრი იყო კიდევ ერთი მრავალშვილიანი დედის გამოსვლა: „14 ლარს, სამათხოვრო თანხას გვაძლევენ. სახლი ჩვენ არა გვაქვს და კარი, სადაც ვართ, ეს ხომ ბოსელია საერთოდ. აწვიმს, ტაშტებით ხელში დავდივართ დღედაღამ წვიმაში. არც სამინისტრომ მოგვხედა, არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გალის გამგეობას ხომ საერთოდ სძინავს. თუ ჩემს შვილებს შესცივდებათ, ეშიებათ, წიგნი არ ექნებათ, რად მინდა ასეთი ყოფნა აქ. წავალ გადავალ და აფხაზად ჩავეწერები. მომკლავენ აფხაზები? ამაზე მეტი რა უნდა მიყონ რაც აქ მჭირს“? ამ ქალბატონმა არ ისურვა თავისი ვინაობის გამჟღავნება. მეტიც, მან ჟურნალისტები ტენდენციურობას და ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა. აქცია ერთ საათს გაგრძელდა, მაგრამ დევნილებთან ხელისუფლებიდან არავინ არ მოსულა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან არსებული დევნილთა სამსახურის უფროსმა ნუგზარ გარდავამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „შენობის გადახურვა დააპირა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მაგრამ ვინაიდან, შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში იყო, აღარ გაარემონტა. ჩვენ ბიუჯეტით არ გვაქვს გათვალისწინებული იმ შენობის გადახურვა. სხვათა შორის, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ შენობა არ გაიყიდა, შესაძლოა ვიფიქროთ ამაზე.“

რას შესთავაზებენ დევნილებს, თუკი შენობა გაიყიდა, ამაზე ნ. გარდავას პასუხი არ გააჩნია. გალის რაიონის გამგეობაში კომენტარის  გაკეთება არავინ არ ისურვა, თუმცა, პირად საუბრებში ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ფაიფურში მცხოვრებ დევნილთა მოთხოვნები სამართლიანია.

არც 23 და არც 24 ნოემბერს აქციის მონაწილე დევნილებს არ დაკავშირებია დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობა.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი 

ახალი ამბები