კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ათასობით საწარმოს თანამშრომელი უხელფასოდ დარჩა

18 დეკემბერი, 2006

chek.gifმიცვალებულების შემდეგ კახეთში ცოცხალ მეწარმეებს აწიოკებენ. ამჯერად თელავის საგადასახადო ინსპექციამ შეტყობინებები მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დაუგზავნა და საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ აცნობა. კერძო ორგანიზაციების თანამშრომლები წინასაახალწლოდ ხელფასის გარეშე დარჩნენ.

„შეტყობინება საბანკო ანგარიშიდან საინკასაციო დავალებით გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის თაობაზე, გუშინ მივიღეთ. ანგარიშზე 2200 ლარი მქონდა. „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში მისულ ბუღალტერს კი განუცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ანგარიშზე დარიცხული თანხა, საგადასახადო ინსპექციის ოფიციალური წერილის საფუძველზე ჩამოწერილია და ჩარიცხულია ბიუჯეტში. 16 თანამშრომელი მყავს. ამ დღეებში ხელფასები უნდა გაგვეცა, მაგრამ თანხები აღარ გვაქვს. ახალ წლამდე არც სხვა შემოსავალს ველოდები. ისე რომ მეც და ჩემი თანამშრომლებიც წინასახალწლოდ ხელფასის გარეშე დავრჩით“- აცხადებს ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი და ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. „თელავის საგადასახადო ინსპექციის გურჯაანის ადმინისტრირების სამსახურში მითხრეს, მომხდართან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიებს თუ გამოთქვამ, ფინანსური პოლიცია კიდევ უფრო უარეს პრობლემებს შეგიქმნისო“- აღნიშნავს მეწარმე და დასძენს, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ბიუჯეტის მიმართ არავითარი დავალიანება არ ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში კახეთის მასშტაბით ათასამდე შპს, სპს, ს/ს და ათასობით ინდ. საწარმოა, ამ საკითხზე საუბარს რამდენიმე მათგანი თუ ბედავს. „ძალიან ბევრნი დაგვიკავშირდნენ და იურიდიული კონსულტაცია გვთხოვეს, მაგრამ რეალურად რომ დავხმარებოდით ამის სურვილი მხოლოდ ორმა გამოთქვა. მათაც გვთხოვეს, რომ ამ ეტაპზე ვინაობა საჯაროდ არ გაგვემჟღავნებინა“- ამბობენ ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

მეწარმეთა ბრალდებებს თელავის საგადასახადო ინსპექციაში უარყოფენ. მათი თქმით, ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად მოხდა და კანონდარღვევებს ადგილი არ აქვს. „რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა კონკრეტულ ორგანიზაციებს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ერიცხებოდათ და თანხები ისე ჩამოვაწერეთ, სიმართლეს არ შეესაბამება“- გვითხრა საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს გურჯაანის განყოფილების ინსპექტორმა გოგიტა ჯადუგიშვილმა.

შეტყობინებები, საგადასახადო გირავნობის – ჰიპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ საჯარო რეესტრის ადგილობრივმა სარეგისტრაციო სამსახურებმაც მიიღეს. როგორც გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტები აცხადებენ, ბევრი გადამხდელი  მისი კუთვნილი საწარმოს მიმართ, სახელმწიფოს სასარგებლოდ წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის შესახებ, ინფორმაციას მაშინ იგებს, როცა საჯარო რეესტრიდან გარკვეული ცნობების აღება სურს. „ამონაწერს კი ვიძლევით, მაგრამ ბევრ მეწარმეს იმხელა დავალიანებები აქვს დარიცხული, რომ ქონების გაყიდვა რომ უნდოდეს, როგორც თვითონ აცხადებენ, აზრი ეკარგება, რადგან დავალიანება, რეალიზაციის შედეგად მისაღებ თანხაზე გაცილებით დიდია. მარტო გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს 2006 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში 649 ასეთი შეტყობინება გვაქვს დარეგისტრირებული“- ამბობს სამსახურის უფროსი დავით რაქვიაშვილი.

„ამავე შეტყობინებაში, რომლის ერთი ეგზემპლარიც, საგადასახადო ინსპექციამ კანონით გადამხედელებსაც უნდა გაუგზავნოს, აღნიშნულია, რომ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადამხდელის მიმართ განხორციელდება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები, რაც გულისხმობს ქონების დაყადაღებას, გაყიდვას და ა.შ, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში გადამხდელებს მსგავსი შეტყობინებები არ მიუღიათ და საბანკო ანგარიშებიდან თანხები საგადასახადომ ისე მოხსნა. არსებული მონაცემებით მარტო კახეთში, ათასობით ინდსაწარმო და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები წინასაახალწლოდ უხელფასოდ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდება“- აღნიშნავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლია ხუროშვილი.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია, იმ გადამხდელებს, რომლებსაც ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნდათ, სარჩელს უმზადებს თელავის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ, რომელსაც თელავის რაიონულ სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ. უფლებადაცვით ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ მოსარჩელეებს, ვინაობის გახმაურების შემდეგ, ფინანსური პოლიციის მხრიდან სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები