კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალ წელს 72 მასწავლებელი უმუშევარი შეხვდა

4 იანვარი, 2007

garden.gifბათუმის ხუთ საბავშვო ბაღში პატარებმა ბოლო საახალწლო ზეიმი გამართეს. მერიის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან ქალაქში ხუთი საბავშვო ბაღის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ახალი წლისთვის 251 ბავშვი საბავშვო ბაღის, 72 ბაღის მასწავლებელი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

თამუნა ჩანტლაძეს თავისი შვილი, ოთხი წლის ცოტნე ბათუმის #41 საბავშვო ბაღში დაჰყავდა. თამუნამ ბაღის დახურვის თაობაზე ლიკვიდაციამდე ერთი დღით ადრე შეიტყო: „დღეს საახალწლო ზეიმი გვქონდა. გუშინ კი გავიგეთ, რომ ხვალიდან ბაღი აღარ იფუნქციონირებს. ჩვენს უბანში ორი ბაღი იყო. ეს გააუქმეს, მეორეში ბევრი ბავშვია და სხვებს აღარ ღებულობენ. თუ გაუქმება უნდოდათ, მაისში გაეუქმებინათ. ზამთარში, სწავლის პროცესში, მუშაობის შეწყვეტა როგორ შეიძლება?“.

მანონი კალანდაძეც მშობელია. ისიც ბაღის დახურვას აპროტესტებს: „პირობები არ ვარგა ამ ბაღში და იმიტომ იხურებაო. ამაზე წლის დასაწყისში ეზრუნათ. გაუფრთხილებლად გაგვიშვეს, ბავშვები ქუჩაში დარჩნენ“.

ქუჩაში რჩებიან ლიკვიდირებული ბაღის პედაგოგებიც. ბაღის დახურვამდე მათი თვიური ანაზღაურება 52 ლარს შეადგენდა. ნაზი თელია ამბობს, რომ უკანონოდ მოექცნენ: „წინასწარ არ უთქვამთ, რომ ბაღს აუქმებდნენ. აგვისტოში საუბრობდნენ ლიკვიდაციაზე, მაგრამ შემდეგ მუშაობის დაწყების უფლება მოგვცეს. გასულ პარასკევს კი მერიაში ასეთი გადაწყვეტილება მიუღიათ. სხვა თუ არაფერი, უფლება გვქონდა ამის თაობაზე ადრე გაგვეგო და მშობლებიც გაგვეფრთხილებინა.“

იურისტის ბაკურ ბაკურიძის განცხადებით, „საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად, ბაღის თანამშრომლები ლიკვიდაციის თაობაზე მერიას ერთი თვით ადრე უნდა გაეფრთხილებინა.“

მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი გელა სურმანიძე ამბობს, რომ ბაღების გაუქმების შესახებ პედაგოგებს ინფორმაცია ჰქონდათ. რაც შეეხება ოფიციალურ გაფრთხილებას, ლიკვიდაციის პროცესს ერთი თვე მაინც სჭირდება და ახლა ვეტყვითო.
 
მერიაში ბაღების გაუქმების მოტივად ბავშვებისთვის პირობების გაუმჯობესებას ასახელებენ. მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ნათია სურგულაძე აცხადებს, რომ მშობლებს ბავშვების ბაღებში განთავსების პრობლემას გადაუწყვეტს: „ბაღის გამგეები ურჩობენ და ამბობენ, რომ ბავშვებს არ მიიღებენ. არსებული ბაღის გამგეებთან შეხვედრა გვაქვს დაგეგემილი და თუ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, უფლებამოსილებას გამოვიყენებთ და სამსახურიდან გავათავისუფლებთ.“

მუნიციპალიტეტში იმასაც ირწმუნებიან, რომ მომავალში პედაგოგების დასაქმებაზეც იზრუნებენ. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მხოლოდ 30 პედაგოგისთვის არსებობს ვაკანსია. ამის ნაკლებად სჯერა #41 ბაღის გამგეს, რუსიკო გიგინეიშვილს: „სიცრუეა, 52 ლარს გვიხდიდნენ და მაინც დაგვითხოვეს, გასამმაგებული ხელფასის პირობებში ვინ დაგვასაქმებს. ეს უბრალოდ მოტივია, რომ უხმაუროდ წავიდეთ.“

                                ბათუმი სოფო ჟღენტი

ახალი ამბები