კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშენებლობის წესები მკაცრდება

16 იანვარი, 2007

mshenebloba4.gifსაქართველოს კანონში “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” ცვლილებები შედის. კანონის მიხედვით, მშენებლობაზე კონტროლი მკაცრდება. შემოღებული წესების დარღვევა კი 200-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიები მშენებლობის ფასებსაც გაზრდიან.

ცვლილებების მე-2 მუხლით ისჯება სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი წესების დარღვევა: შენობის დანგრევა სათანადო ნებართვის გარეშე, ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა, ობიექტის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად. მე-5 მუხლით, ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მშენებარე ობიექტის გაყიდვა.

ამავე მუხლით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევა განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში - 5 000 ლარის ოდენობით;  განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში კი 10 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებების 52-ე მუხლი უნებართვო მშენებლობასა და დემონტაჟს ეხება. მის მიხედვით, ობიექტის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის წარმოება ან ობიექტის დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე შეუძლებელი ხდება. აღნიშნული ნორმების დარღვევა კი 200-დან 20 000 ლარამდე დაჯარიმებას იწვევს.

54-ე მუხლით,  უსაფრთხოების ღობის ან დამცავი ბადის დადგენილი წესის დარღვევით განთავსება 200-დან 3 000 ლარამდე ჯარიმდება; ობიექტის ექსპლუატაციაში მიუღებლად ფუნქციონირება კი - 200-დან 10 000 ლარამდე; მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება 200-დან 30 000 ლარამდე. სანქციები ასევე ეხება კეთილმოწყობითი სამუშაოების შეუსრულებლობას და ის 200-დან 10 000 ლარამდე ჯარიმდება. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიწის ნაკვეთის დაყადაღება.

პარალელურად, ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“ შედის. მის მიხედვით,  სამშენებლო კომპანიებს პასუხისმგებლობა დასუფთავების წესების დარღვევისთვისაც ეკისრებათ. უფრო კონკრეტულად კი: „სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების,  მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით.“

სამშენებლო კომპანიის „ცენტრ-პოინტი“ წარმომადგენელი თიკა რუხაძე ამბობს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება აუცილებელი იყო, თუმცა არ უარყოფს, რომ წლის ბოლოს ფასების ზრდა მოხდეს: „საჭიროა, ყველა სახის სამშენებლო დარღევავაზე ცალკე გაიწეროს - რა ხდება და როგორ ხდება, რომ კანონი კანონს დაემაგავსოს. როცა წესებს კანონი დაარეგულირებს, კომპანია არ იქნება ვალდებული, მშენებლებს გარკვეული სტანდარტები მოსთხოვოს. თუ ადრე ობიექტური მიზეზებით კორპუსის ჩაბარების დაგვიანებაზე თვალს ვხუჭავდით და მთელი დარტყმა ჩვენზე მოდიოდა. ახლა მშენებელს ეცოდინება, რომ ამისთვის მას კონკრეტული სასჯელი დაეკისრება და თავად აგებს პასუხს.“

რაც შეეხება ფასებს, ტარიფები მშენებლობაზეც ისევე გაიზრდება, როგორც სხვა დანარჩენზე. ფასების ზრდა ყოველი წლის ბოლოს საკმაოდ აქტუალური თემაა: „წლის ბოლოს ყველაფერი ძვირდება. როგორც წესი, ჩვენ სამშენებლო მასალებით დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე და ასევე მიწის ფასზე, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერმა საბოლოოო პროდუქტის ფასზე ზეგავლენა იქონიოს,“ ამბობს თიკა რუხაძე.

თბილისის მოსახლეობა პარკებსა და სკვერებში მშენებლობებს სასტიკად ეწინააღმდეგება და ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვს. მათ შორის ერთ-ერთი უბანი გელოვანის გამზირია, რომლის მაცხოვრებელთა საჩივრებს ყურადღებას არავინ აქცევს. „გელოვანის გამზირზე „ავეჯის სახლის“ მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობ. ეზოში მშვენიერი პარკი იყო, სადაც ბავშვები ერთობოდნენ. ერთ დღეს კი პარკში მშენებლობა წამოიწყეს და ადგილი არ დაგვიტოვეს. გაგვცენ პასუხი, ამ მშენებლობაზე რატომ გასცეს ნებართვა. ეს ხომ დღევანდელი მთავრობის პერიოდში მოხდა და არა წარსულში, რომ ყველაფერი სხვას გადააბრალონ?“ - შემოგვჩივლა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.   

კანონპროექტის ავტორები კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შესაბამისი უწყებები თითოეულ უკანონო მშენებლობას მოსთხოვენ პასუხს. 

ეკა გულუა

ახალი ამბები