კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლა - პროფილს, პედაგოგები კი ხელფასებს კარგავენ

1 თებერვალი, 2007

instrumentebi.gifრამდენიმე დღის წინ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის პედკოლექტივმა თხოვნით მიმართა. ისინი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასწავლებლის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფას ითხოვდნენ. „ცენტრალურმა ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. ერთადერთი იმედი ადგილობრივი მთავრობაა. უარის შემთხვევაში იძულებული ვხდებით ბავშვებს - სწავლაზე, საკუთარ თავს კი საარსებო მინიმუმზე უარი ვუთხრათ,“ - აცხადებენ პედაგოგები.

ქუთაისის #44 საჯარო სკოლას, რომელიც გასულ წლამდე სამუსიკო სკოლა-ინტერნატის სტატუსით ფუნქციონირებდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლიურად 393 000 ლარით აფინანსებდა. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან მან ეს დაფინანსება 200 000 ლარით შეამცირა. ამ ფაქტმა სკოლაში სამუსიკო დარგის ლიკვიდაცია გამოიწვია, ანუ გაუქმდა პროფილი, რასაც როგორც პედაგოგთა, ისე ბავშვების მეურვეთა განაწყენება მოჰყვა.

„სკოლის ძირითად კონტიგენტს ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები შეადგენენ. გარდა იმისა, რომ ისინი ამ სკოლაში საშუალო განათლებას იღებენ, ეუფლებიან მუსიკასაც და რაც მთავარია, აქ ცხოვრობენ. ბევრია ისეთი, მეურვეც რომ არ ჰყავს და ისეთიც - დედას მისი სახლში წაყვანა არდადეგებზეც რომ არ ახსენდება. რა ვუთხრა ამ ბავშვებს ან მათ აღმზრდელებს, მშობლებივით რომ ექცევიან და მზრუნველობას არ აკლებენ? ვერ ვეტყვი სახლში წადით, სახელმწიფო ვეღარ გაფინანსებთ-მეთქი,“ - ამბობს სკოლის დირექტორი ელვარდ არსენიძე.

ქვეყანაში დაწყებულმა განათლების რეფორმამ უკვე ყოფილი სკოლა-ინტერნატი ჯერ კიდევ გასულ წელს დააყენა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის იანვრიდან აღნიშნულ სასაწავლებელს, სხვა სკოლების მსგავსად, საჯარო სკოლის სტატუსი მიენიჭა, იქ მოსწავლეთა პანსიონური მომსახურება და სტანდარტს ზევით მუსიკის პროფილით სწავლება მაინც გაგრძელდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ დირექციამ მიიღო და ამას დღესაც არავინ ნანობს.  ერთადერთი პრობლემა საშტატო ერთეულის მოსალოდნელი შემცირებაა, რომელზეც სკოლაში უკვე ღიად საუბრობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ სამუსიკო პროფილი გაგვიუქმა და შესაბამისად, დაფინანსება შეამცირა, პედაგოგები მუსიკის გაკვეთილებს მაინც არ აცდენენ. როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობა ძველებურად გრძელდება. ასე იმიტომ იქცევიან, რომ არ სურთ მათი მოსწავლე სხვაგან დარბოდეს ხელში ინსტრუმენტმომარჯვებული. გუშინ სასწავლო ნაწილი შემოვიდა კაბინეტში და მკითხა, რა ვუთხრა ამ ხალხს, იარონ სამსახურში თუ არაო. ვუთხარი, იარონ-მეთქი. არ მინდა ბავშვებმა, რომელთაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ, სხვაგან ეძებონ მუსიკის მასწავლებლები,“ - აცხადებს ელვარდ არსენიძე.

დირექტორი დარწმუნებულია, რომ დიდი ტრადიციების სასწავლებელს ადგილობრივი ხელისუფლება არ გაწირავს და სასწავლო წლის ბოლომდე მაინც დააფინანსებს. აღნიშნულ დახმარებაზე უარს ქუთაისის მერიაში არავინ ამბობს, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება: „ადგილობრივ თვითმმართველობას მიზანშეწონილად მიაჩნია სასწავლო წლის ბოლომდე დააფინანსოს სკოლა. მით უფრო, რომ საუბარია 50 000 ლარზე. თუმცა, ამ ეტაპზე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ თანხა აუცილებლად გამოიყოფა,“ - აცხადებს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის განათლების საქალაქო სამსახურის უფროსი მაყვალა ქობულაძე.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მესამე და 27-ე მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, სკოლისთვის თანხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფა სავსებით შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, ამის კეთილი ნება არსებობს. იმ შემთხვევაში კი თუ მთავრობა დახმარებაზე უარს იტყვის, დირექტორს დაახლოებით 65 თანამშრომლის გათავისუფლება და იანვრის თვის სახელფასო თანხის მოძიება მოუწევს. როცა შტატების შემცირებაზე საუბრობს, ელვარდ არსენიძე ე.წ. კომუნისტურ შტატებს (მაგალითად, სართულის მორიგე, რომელსაც მოსწავლე კლასიდან კლასში უნდა მიეცილებინა და ა.შ.) არ გულისხმობს. ასეთი შტატები სკოლაში დიდი ხნის წინ გაუქმდა.

თუ შარშან მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში 272 მოსწავლე ირიცხებოდა და აქედან პანსიონური მომსახურებით, ისევე როგორც მუსიკალური განათლების მიღებით, 192 მათგანი სარგებლობდა, წელს ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. როგორც დირექციაში აცხადებენ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალში გაცილებით სავალალო მდგომარეობა იქნება. ინსტრუმენტები კი, სავარაუდოდ „ჩამოიწერება“ და „არქივს ჩაბარდება“. არადა, სკოლაში ასზე მეტი დასახელების ინსტრუმენტია და აქედან რამდენიმე მათგანი ერთადერთია საქართველოში. ისევე როგორც,  ერთადერთია ქალაქში სასულე ორკესტრი, რომლის შემოქმედებითაც ადგილობრივი ხელისუფლება ჩამოსული სტუმრების წინაშე თავს ხშირად იწონებს.
  

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან

 

ახალი ამბები