კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი I)

8 თებერვალი, 2007

ჟურნალისტური მოკვლევა

trafficking.gifაშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეიტინგით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მხრივ საქართველო ისევ მეორე კალათაში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ ხდებიან მონობის მსხვერპლნი, ქვეყანა კი მათ დასახმარებლად ბევრს არაფერს აკეთებს. მართალია, ადამიანების ყიდვა-გაყიდვა არა მარტო კავკასიის, არამედ მსოფლიოს პრობლემაა, თუმცა ტრეფიკერები მაინც სოკოებივით მრავლდებიან და შესაბამისად მათ ხელში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვარდება.   

რაც შეეხება საქართველოს, ის ძირითადად „მონების“ მიმწოდებელი და ასევე სატრანზიტო ქვეყანაა.  ექსპერტების დასკვნით, მიმწოდებელი ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ საქართველოში ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია და მოსახლეობა ფულის საშოვნელად უცხოეთში წასვლას ამჯობინებს. ეს ზოგჯერ ლეგალური გზით ხდება, თუმცა, ძირითად შემთხვევაში ადამიანები სამშობლოდან მაინც არალეგალურად ცდილობენ გასვლას. არალეგალური მიგრაცია და არალეგალური შრომა კი ტრეფიკინგის რისკ-კატეგორიას წარმოადგენს.
 ------------------------
სტატისტიკა

 ------------------------
ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არცერთ ქვეყანას არ გააჩნია, მათ შორის არც საქართველოს. მიზეზი კი ყველასათვის ერთია - დაზარალებულები სამართალდამცველებამდე ან ვერ აღწევენ, ან საკუთარი ისტორიის გამომჟღავნებას თავს არიდებენ. როგორც გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამმართველოს უფროსი ქეთი ხუციშვილი ამბობს, ამის ძირითადი მიზეზი ჩვენი კულტურაა: „მაგალითად, იგივე გაუპატიურება რომ ავიღოთ,  რამდენი ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ ის გააუპატიურეს? პრობლემა ის არის, რომ ამ ადამიანებს ლეგიტიმურად უჩნდებათ სურვილი, საკუთარი პრობლემა სხვას არ გაანდონ.“

რაც შეეხება საქართველოს გენერელური პროკურატურის არსებულ, არაზუსტ სტატისტიკას, მის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს 78 მოქალაქე გახდა.  უფრო კონკრეტულად კი: 2003 წელს თურქეთში საქართველოს 4 მოქალაქე გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი; 2004 წელს - თურქეთში 22, გაერთიანებულ ემირატებში - 16, საქართველოში - 2; 2005 წელს - თურქეთში  26, საქართველოში - 6; 2006 წელს თურქეთში - 10, საქართველოში - 2. 

რაც შეეხება ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმომავლობას, ანუ საიდან არიან ისინი,  2003 წელს ტრეფიკინგის 4 მსხვერპლი შიდა ქართლიდან იყო, 1- იმერეთიდან; 2004 წელს - 14 გოგონა უზბეკეთიდან, 3 თბილისიდან, 4 - კახეთიდან, 3 - იმერეთიდან, 6 - ქვემო ქართლიდან, 2 - სამეგრელო -ზემო სვანეთიდან. 2005 წელს - 5 თბილისიდან, 8 კახეთიდან, 2 შიდა ქართლიდან, 2 - იმერეთიდან, 1 - ქვემო ქართლიდან;  2006 წელს 1 უზბეკეთიდან, 1 თბილისიდან, 2 - ქვემო ქართლიდან, 1 - სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.            

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (მსო) ინფორმაციით კი: 2004 წელს 14 მსხვერპლი უზბეკეთიდან იყო, 1 - ნიგერიიდან; 2005 წელს - 2 აჭარიდან, 1 - კახეთიდან, 1 - ყირგიზეთიდან; 2006 წელს 1 - იმერეთიდან და 1 - შიდა ქართლიდან.

რაც შეეხება აღძრულ სს საქმეებს, გენპროკურატურის სტატისტიკა ასეთია:  2003 წელს სს 2 საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო 2 პირის მიმართ, შესაბამისად, განაჩენი დადგა 2 პირის წინააღმდეგ;  2004 წელს სს საქმე აღიძრა 16 საქმეზე  22 პირის წინააღმდეგ, სასამართლოს გადაეცა 6 საქმე 9 პირის წინააღმდეგ, განაჩენი შედგა 2 პირის მიმართ ერთ საქმეზე, ძებნა გამოცხადდა 7 პირის მიმართ 7 საქმეზე;
2005 წელს გამოძიება დაიწყო 25 სს საქმეზე, ბრალდება წარედგინა 23 პირს 13 საქმეზე, შესაბამისად მათ აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ, სასამართლოს გადაეცა 11 საქმე 12 პირის მიმართ, ძებნა გამოცხადდა 2 პირზე; 2006 წელს - გამოძიება დაიწყო 28 საქმეზე, ბრალდება წარედგინა 15 პირს 13 საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 15 პირს 13 საქმეზე, სასამართლოს წარედგინა 16 საქმე 19 პირის მიმართ; 2007 წელს სს საქმე აღიძრა 4 საქმეზე.  
----------------------
სამოქმედო პროგრამა

----------------------
აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის #623 ბრძანებულებით ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ის 7 ძირითადი პუნქტისგან შედგებოდა, რომელიც დაახლოებით 30 ქვეპუნქტს მოიცავდა და დაწვრილებით იყო გაწერილი ის საქმიანობები, რაც აღნიშნული პრობლემის საწინააღმდეგოდ უნდა გატარებულიყო. მართალია, ყველაფერი ვერ შესრულდა, თუმცა, ის, რაც ვერ შესრულდა, როგორც ექპერტები ამბობენ, არარეალიზებადი აღმოჩნდა.

აღნიშნული  ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა თითქმის ყველა სამინისტროს დაეკისრა. მთავრობის თხოვნით მასში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ.  ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც აღნიშნული პროგრამიდან გაკეთდა არის სპეციალური საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც ადრე არ არსებობდა და აქედან გამომდინარე, ტრეფიკერების დასჯა შეუძლებელი იყო. მათ არა კონკრეტულად  ადამიანის ყიდვა-გაყიდვის, არამედ სხვა მუხლით ასამართლებდნენ.  მაგალითად, ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.      

სს კოდექსში შესული ცვლილების 143  (პრიმა) მუხლით ტრეფიკინგის დანაშაულზე მინიმალური სასჯელი 7-დან 12 წლამდე, ხოლო მაქსიმალური 15-დან 20 წლამდე პატიმრობით განისაზღვრა.

გეგმის მიხედვით ასევე გაიხსნა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარი და შეიქმნა „ადამიანით ვაჭრობის (ტეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“. მისი ბიუჯეტი 2006 წელს 80 000 ლარი იყო, წელს კი 300 000 ლარი გახდა. მართალია შარშან თავშესაფრით მხოლოდ ერთმა მსხვერპლმა ისარგებლა, თუმცა როგორც ფონდის ხელმძღვანელი მარინა მესხი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, მსხვერპლთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც კიდევ ერთი  თავშესაფრის გახსნას მოითხოვს.       
    
მარინა მესხი: „შარშანდელთან შედარებით, ფონდის ბიუჯეტი სამჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. წელს 300 000 ლარი გვაქვს. ამან კი იმის საშუალება მოგვცა, რომ თავშესაფარში სიტუაცია საგრძნობლად გაგვეუმჯობესებინა, და გარდა ამისა, ზაფხულში თბილისში მეორე თავშესაფრის გახსნას ვაპირებთ. ამის აუცილებლობა არსებობს, რადგან, როცა სამართალწარმოება თბილისში ხდება, ძალიან ძნელია, იქ  თავშესაფრი არ იყოს. დაზარალებულები სადღაც ხომ უნდა განათავსონ. რადგან თბილისში თავშესაფარი არ არსებობს, მათი დაბინავება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ბათუმის თავშესაფარი 10 ადგილიანია და  თბილისშიც ასე იქნება.

ჟურნალისტი:რამ გამოიწვია ახალი თავშესაფრის გახსნის აუცილებლობა?   
მ.მ. ბათუმში საკმაოდ ბევრი მსხვერპლი გვყავს, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით. იქ  სხვადასახავა სახის  ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან და არა მარტო სექსუალურის. ეს არგუმენტი, რომ მეორე თავშესაფარი აუცილებელია, ყველამ გაიზიარა. ადგილების პრობლემა კი იმიტომ შეიქმნა, რომ ფაქტების გამოვლინება გაიზარდა. ახლა უფრო მეტი ადამიანი მიმართავს სამართალდამცავებს, ვიდრე ადრე.“

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ დებულებით: მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანის ანაზრაურება;
ასევე შუძლია, ფონდიდან მიიღოს კომპენსაცია, თუმცა, თუ მას მორალური,  ქონებრივი და მატერიალური ზიანი აუნაზღაურდა, კომპენსაცია არ გაიცემა. კომპენსაციის გაცემის ოდენობა განისაზღვრება 1000 ლარით. მსხვერპლს თავშესაფარში ცხოვრება 3 თვის განმავლობაში შეუძლია. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მისი ბედი გაურკვეველია.

როგორც მარინა მესხი ამბობს: „3 თვის გასვლის შემდეგ, საინტეგრაციო პროგრამა უნდა ამუშავდეს, თუმცა ეს დღემდე არ გვქონია და ახლა იწყება.“

ამავე საკითხზე გენპროკურატურის წარმომადგენლის ქეთი ხუციშვილის პოზიცია ასეთია: „ამაზე სახელმწიფოს ასეთი მიდგომა აქვს - ყველა კონკრეტული შემთხვევა ნაბიჯ-ნაბიჯ განიხილება. არსებობს გარკვეული ალტერნატივები ამ ადამიანების შესაძლებლობების შესაბამისად დასაქმებისა. ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა“.

2005-2006 წლის სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე მსო-ც იყო. როგორც ამ ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ჰულსტი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, სამოქმედო გეგმის ნახევარზე მეტი შესრულებულია, თუმცა, ის, რაც ვერ შესრულდა, ვერც 2007-2008 წლის გეგმაში მოხვდა, რომელიც პრეზიდენტმა 23 იანვარს დაამტკიცა.

გაგრძელება  http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=587

ეკა გულუა

ახალი ამბები