კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულმა - ინსპექტორებმა დარაჯი სცემეს და შემდეგ დააკავეს

14 თებერვალი, 2007

patruli.gifარასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრული ინსპექტორების ვახტანგ ზატიკაშვილის და გიორგი ნასყიდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

უფლებადაცვით ორგანიზაციას დახმარებისათვის გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ლალი ჭამიაშვილმა მიმართა. მისი თქმით, პატრულმა ინსპექტორებმა 2006 წლის 21 ოქტომბერს საღამოს საათებში, მის მეუღლეს, იგორ ჭამიაშვილს, რომელიც ღვინის საწყობში დარაჯის მოვალეობას ასრულებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

იგორ ჭამიაშვილის ჩვენების მიხედვით, იგი ღვინის საწყობის საყარაულო ოთახიდან სასმელი წყლის მოსატანად იყო გასული. უკან დაბრუნებულს საწყობის ეზოში მანქანა დახვდა. ოთახის კარი კი, რომელიც დარაჯმა გასვლამდე ურდულით ჩაკეტა, ღია იყო. იქ ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ახალგაზრდა ქალბატონები დახვდნენ. მათ მაგიდა გაეშალათ და ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ.

„ერთი ბიჭი მაღალი და გამხდარი იყო, მეორე შედარებით დაბალი და სრული. დაბალმა მთხოვა, ქალთან მინდა განვმარტოვდე და იქნებ საწოლი მომინახოო, რაზედაც უარი ვუთხარი, აქ ასეთი რამ არ შეიძლება-მეთქი. მაგრამ მეორედ რომ მომთხოვა, დავთანხმდი და ისინი ღვინის მარანში გავიყვანე. ჩემს საყარაულო ოთახში კი მაღალი ბიჭი დარჩა, ისიც ქალთან ერთად. ეზოში ველოდებოდი, როდის გამოვიდოდნენ. მანქანაზე ქურთუკი იყო მიგდებული, რომელიც იქვე მდგარ კაკლის ხეზე ჩამოვკიდე. როდესაც გარეთ გამოვიდნენ, ქურთუკი მოიკითხეს. ვაჩვენე სადაც იყო. ნახეს და თქვეს, ფული აღარ არის ჯიბეშიო. რა ფული მეთქი, გამიკვირდა. ამის შემდეგ ხელებით და ფეხებით მცემეს, რაღაცაც დამარტყეს. მერე პოლიცია გამოიძახეს და დამაკავეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ისინი პატრულები ყოფილან,“ - აღნიშნავს იგორ ჭამიაშვილი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში.

ჭამიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დადასტურებულია ექსპერტ კანტროშვილის დასკვნითაც. „დაზიანებები მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,“ - აღნიშნავს ექსპერტი.

საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს პატრული ინსპექტორი ვახტანგ ზატიკაშვილი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, ჭამიაშვილის ბრალდებებს უარყოფს: „21 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე, მე და ჩემი თანამშრომელი, თელავში მცხოვრები გიორგი ნასყიდაშვილი მისი კუთვნილი მანქანით გურჯაანიდან თელავში მივდიოდით. სოფელ ახაშნის შესასვლელთან ვიღაც უცნობმა ბიჭმა გაგვაჩერა. ბიჭმა გვთხოვა, დამარეკინეთო. ჩემი ტელეფონი მივაწოდე. რაღაც ნომერი აკრიფა, მაგრამ არ უპასუხეს. შემდეგ ბიჭმა გზიდან დაახლოებით 30 მეტრში მდებარე საყარაულო ოთახში მიგვიპატიჟა, თითო ჭიქა დაგვილიეთო. ჯერ უარი ვუთხარით, მაგრამ შემდეგ ძალიან შეგვეხვეწა და მას მანქანით გავყევით. საყარაულო ოთახში ორი უცნობი ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ქეიფობდნენ. ეზოში მანქანით შევედით. ძრავა არ გამოგვირთავს, რადგან მალე უნდა გამოვბრუნებულიყავით. ჩვენ თითო ჭიქა ღვინით დავლოცეთ ისინი, მაგრამ სასმელი არ დაგვილევია. ამ დროს საყარაულოში უცნობი მამაკაცი შემოვიდა, რომელიც როგორც შემდეგში გაირკვა დარაჯი ყოფილა. იგი მოგვესალმა, ერთი ჭიქა ღვინო დალია და უკან გავიდა. მე და გიორგიც მალევე გამოვედით და ვნახე, რომ მანქანის წინა მარჯვენა საჯდომზე დადებული ჩემი ქურთუკი აღარ იყო. მანქანის ფარების შუქებზე დავინახეთ, რომ იგორი გარბოდა და ხელში ქურთუკი ეჭირა. ამის გამო სამართალდამცავებს დავურეკეთ და ჭამიაშვილი ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ...მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. როცა გაქცევა სცადა, წაბორძიკდა და მიწაზე პირქვე დაეცა. ეტყობა დაზიანებები მაშინ მიიღო,“ - აღნიშნავს ვახტანგ ზატიკაშვილი.

 - ხომ არ იცით, ვინ იყვნენ ის ქალები საყარაულო ოთახში რომ ნახეთ, ან ის ბიჭი ვინ იყო, დასალევად რომ მიგიწვიათ?

 - იმ ბიჭის და იმ ორი ქალის ამოცნობა, საყარაულო ოთახში რომ დაგვხვდნენ, არ შემიძლია, ვინაიდან დროის მცირე მონაკვეთში ვიყავით მათთან და არ დავკვირვებივარ. შემდეგ ქურდობის ამბავიც მოხდა და მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ისინი დაახლოებით 25-30 წლის ქალები იქნებოდნენ.

გამოძიებამ მოწმის სახით ზატიკაშვილის თანმხლები გიორგი ნასყიდაშვილიც დაკითხა. ჩვენებაში იგი ზუსტად იმავეს მიუთითებს, რასაც დაზარალებული. „საყარაულო ქოხში რომ შევედით ღვინო არ დაგვილევია, რადგან ვახოს ფილტვების ანთება ჰქონდა, ნემსებს იკეთებდა და მისთვის დალევა არ შეიძლებოდა. მე კი საჭესთან ვიჯექი და უარი ვთქვი დალევაზე,“ - აცხადებს პატრული ნასყიდაშვილი და იქვე დასძენს რომ იმ ბიჭის, რომელმაც ისინი საყარაულო ოთახში მიიწვია და გოგონების, რომლებიც იქ დახვდნენ, ამოცნობა არც მას შეუძლია.

განსასჯელის ადვოკატის ინფორმაციით, შს გურჯაანის სამმართველოს გამომძიებელმა გოგიტა ათანელიშვილმა უცნობი ადამიანების დადგენა საჭიროდ არ ჩათვალა და პროკურატურის ნებართვით საქმე სასამართლოში განსახილველად არასრულად გამოძიებული, პრაქტიკულად გამოუძიებელი გაგზავნა. „იგორ ჭამიაშვილი თავის ჩვენებებში მიუთითებს, რომ მზად არის ის გოგონები ამოიცნოს, რომელიც მისი თქმით, მის სადარაჯო ოთახში პატრულის თანამშრომლებმა გასართობად მიიყვანეს. ერთ-ერთ ჩვენებაში ჭამიაშვილი გამომძიებელს კითხვაზე პასუხობს, რომ როდესაც გარეთ გამოვიდნენ, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ქერა თქა ჰქონდა, მას უთხრა, რომ მაღალი ბიჭი მისი მეუღლე იყო. იგი შეეპასუხა, რომ ქმრებს მეუღლეები ღვინის საწყობის საყარაულოებში არ დაჰყავდათ, რაზედაც როგორც ჭამიაშვილი ამბობს, ზატიკაშვილმა მუცელში წიხლი კიდევ ერთხელ ჩაარტყა,“ - აცხადებს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

აღსანიშნავია, რომ პატრულ ზატიკაშვილს სხვა მოქალაქეებიც უჩივიან. ცოტა ხნის წინ მან, ქ. საგარეჯოსთან მოქალაქეებს დიანა ქაჩლიშვილსა და ზურაბ იმერლიშვილს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანიდან გადმოსვლის უფლებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე საპატრულო პოლიციაში აგრძელებს მუშაობას.

გურჯაანის რაიონული სასამართლო იგორ ჭამიაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვას ამ დღეებში შეუდგება.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები