კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს თავისუფლება 3000 ლარი უჯდებათ

6 მარტი, 2007

b.gif

გასულ კვირას, ქუთაისში, სასტუმრო „მთის ბროლში“ მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლების მხრიდან  ე.წ. სახელმწიფო ვალის უკან დაბრუნების მოთხოვნა არ შეწყდება.

ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, კერძოდ კი, თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ აფხაზეთის ომში მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირები გარკვეული წლების მანძილზე უკანონოდ იღებდნენ პენსიას, რომელიც თვეში 12 ლარს შეადგენდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დევნილებს თანხა უკან დააბრუნებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიება გატარდება, გირაოს გადახდის სახით, ან წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდებათ და დანარჩენს კი სასამართლო გადაწყვეტს.

ხელისუფლების პოზიციას დევნილები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ ამ ხნის მანძილზე თანხას უკანონოდ იღებდნენ, ამისთვის ის პირები უნდა დაისაჯონ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიიღეს: „ჩვენ რა შუაში ვართ. თუ ამ ხელისუფლებას სიმართლის გარკვევა სურს, ჩაატაროს გამოძიება და პასუხი იმ პირებს მოკითხოს, ვინც ეს ჩაიდინა. ჩვენ რას გვერჩიან, ისედაც გაუბედურებულები ვართ,“ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი სვეტლანა გოგოხია.

საქართველოს კანონში „ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ“ 1999 წლის 25 ივნისს ცვლილებები შევიდა. რომლის თანახმადაც, სამოქალაქო პირები, რომლებიც ცხელ წერტილებში იბრძოდნენ ან მუშაობდნენ (ჯანდაცვის, კავშირგაბმულობის, საჰაერო, სარკინიგზო თუ საავტომობილო ტრანსპორტის ან ენერგოწყალმომარაგების სფეროებში; პურის საცხობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში; ასევე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებში) და მათი საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბრძოლო ქმედებასთან, ჩაითვალნენ ომის მონაწილეებად. აღნიშნული კანონი 2001 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში და მის საფუძველზე დევნილებმა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება დაიწყეს. მალე მათ პენსია დაენიშნათ.

„ადამიანი ომის მონაწილედ რომ ჩათვლილიყო, რეგისტრაცია უნდა გაევლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შექმნილ კომისიაში. ამის შემდეგ კომისია დაადგენდა იგი ნამდვილად იყო ომის მონაწილე ან მასთან გათანაბრებული პირი თუ არა. ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს სტატუსი პირისთვის იმ სტრუქტურას უნდა მიეცა, სადაც იგი მუშაობდა. მაშინ მოკვლევას ატარებდა „აფხაზეთის მეომართა კავშირი“. სწორედ ის უთითებდა, თუ რომელ ცხელ წერტილში იბრძოდა ან საქმიანობდა პიროვნება. ამის შემდეგ შესაბამისი ცნობით მიდიოდნენ ჯანმრთელობის სამინისტროს შესაბამის სამსახურში, სადაც ენიშნებოდათ პენსია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ არ ეკუთვნოდა ამ ხალხს პენსია, რატომ დაენიშნათ? ან თუ დაენიშნათ, უკან რატომ აბრუნებინებენ? ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ ლეგიტიმურობას, ჰქონდა თუ არა უფლება „აფხაზეთის მეომართა კავშირს“, ჩაეტარებინა ე.წ. საბრძოლო მოკვლევა, რადან ის არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია,“ - აცხადებს იმერეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მომხმარებელთა უფლებების ასოციაცია „საჩინოს“ ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე. იგი არ გამორიცხავს, რომ „მეომართა კავშირს“ ისევ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ჰქონდა მიღებული დავალება, რომელსაც შემდეგში მსგავსი გაუგებრობა მოჰყვა.

გაუგებრობის მსხვერპლი კი დღეს ქუთაისში მცხოვრები დევნილები ხდებიან. აღნიშნული ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის რაიონულ სასამართლოში ფსიქიურად დაავადებული დევნილი ვიტალი გავაშელი დაიბარეს. მის გათავისუფლებას მეზობლები დღემდე ამაოდ ითხოვენ. რამდენიმე დევნილმა კი, უკვე მოაწერა ხელი გირაოს გადახდას. ერთერთი მათგანი ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, ამჟამად ქუთაისის სამუსიკო სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ნუგზარ გვაზავაა.

2007 წლის 12 თებერვლის ბრძანებაში, რომელსაც ხელს ქუთაისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით დვალი აწერს, ვკითხულობთ: „2001 წლის ზაფხულში ნუგზარ გვაზავამ გადაწყვიტა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის სახელით, დაამზადა #990 ყალბი ცნობა, თითქოსდა, იგი აფხაზეთის ომის მონაწილე იყო და ცნობა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალში წარადგინა. 2001 წლის 1 სექტემბრიდან მას აფხაზეთის ომის მონაწილის პენსია დაენიშნა, რომელსაც  ყოველთვიურად 2005 წლის 1 აპრილამდე იღებდა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს...“
 
როგორც ირკვევა, გვაზავამ „დანაშაული აღიარა“, გირაოს თანხა - 3000 ლარიც გადაიხადა და თავისუფლებაც მოიპოვა. იგი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

„ეს დანაშაულის იძულებით აღიარებაა. არადა, არანაირი ბრალი მათ არ მიუძღვით. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს სამარცხვინო პროცესი არ გაგრძელდეს და დევნილები წაგებულის პოზიციაში არ დარჩნენ. ვაგროვებთ დოკუმენტაციას, რომ ეს ადამიანები მართლა არიან ომში მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირები და ცამდე მართლები არიან. დასჯით კი ის ხალხი უნდა დაისაჯოს, ვინც მართლა დამნაშავეა ამ გაუგებრობის შექმნაში,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი გოჩა ბაძგარაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, დევნილთა პროკურატურაში დაბარების და, შესაბამისად,  ბრალის წაყენების პროცესი დროებით შეჩერებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით ძალოვან უწყებაში კომენტარს არავინ აკეთებს.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან 

ახალი ამბები