კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზარ-ზეიმით გახსნილ უფასო სასადილოებში მოხუცებს აშიმშილებენ

14 მარტი, 2007

sasadilob.gif

აუდუღარ წყალში ჩაყრილ, ვითომ გათლილ ნახევრად უმ კარტოფილსა და მაკარონის ნაზავს, წვნიანს ეძახიან. თუ კარგად არ მოიქცევი, ვერც ამ ულუფას მიიღებ. წინასაარჩევნოდ, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, „ნაციონალების“ მიერ ზარ-ზეიმით გახსნილ უფასო სასადილოებში არსებული პრობლემების შესახებ, მოხუცები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც საჭმელი კიდევ უფრო გაუარესდა.

მმართველი პარტიის მიერ, წინასაარჩევნოდ, გურჯაანში გახსნილ უფასო სასადილოში უკვე ორი წელია რაც სამოცამდე მოხუცი სადილობს. ოფიციალური ინფორმაციით, 2007 წლამდე დაწესებულებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია აფინანსებდა, 2007 წლიდან კი  საჭირო ხარჯების გაღება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, რაიონული ბიუჯეტიდან ხდება.

სასადილოს ადმინისტრაციის განცხადებით, რაიონის ბიუჯეტი, ყოველდღიურად ერთი ბენეფიციარის დასაფინანსებლად 0,88 თეთრს ითვალისწინებს. „ამ თანხაში როგორც ერთი ადამიანის კვების, ასევე სასადილოს კომუნალური ხარჯების გადასახადები და მოსამსახურეთა ხელფასები შედის. საბოლოოდ, ერთი ბენეფიციარის კვებისათვის დაახლოებით 0,50 თეთრამდე თანხა რჩება“ - აცხადებს სასადილოს ხელმძღვანელი ლელა შალვაშვილი.

უფასო სადილის მომხმარებლები ძირითადად მოხუცები არიან. ბევრმა მათგანმა კვებასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარი არ ისურვა. „პრეტენზიას თუ გამოვთქვამთ, შესაძლოა იმ მიზეზით, რომ უმწეოები არ ხართო, სასადილოდან გაგვყარონ. შეიძლება ძალიან დაჩაჩანაკებულები არ ვართ, მაგრამ ჩვენი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. 38 ლარი კი იმაშიც არ გვყოფნის, რომ ელექტროენერგიის ფული გადავიხადოთ და შეშა ვიყიდოთ, რათა სიცივით არ დავიხოცოთ,“ - გვითხრეს მოხუცებმა.

შიშის მიუხედავად რამდენიმე მოხუცი მაინც გაგვენდო, ოღონდ „არ თქვათ, რომ მე გითხარითო,“ - დაგვიბარეს.

„დღეში ერთხელ ვსადილობთ. თავიდან მართლაც უკეთესი პირობები იყო, ხორციან წვნიანსაც გვაძლევდნენ, თუმცა, ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება. ნორმალური საჭმელი მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები გვსტუმრობენ. ისინი კი, რაც არჩევნები ჩატარდა, აღარ მოსულან. ურიგოდ ადუღებულ წყალში ჩაყრილი რამდენიმე კარტოფილისა და მაკარონის სუპი, ან უმარილო და უცხიმო ლობიო კი ყელში ამოგვივიდა,“ - აღნიშნეს მოხუცებმა.

„ჯერ შევარდნაძემ, შემდეგ კი სააკაშვილმა ისე გაგვიხადეს საქმე, რომ უფასო სასადილოებში დავდივართ. მათხოვრებად გვაქციეს. სხვა გზა არ გვაქვს, შიმშილით ხომ არ დავიხოცებით? კვების ხარისხი და პირობები ნამდვილად გაუარესდა. ზოგჯერ ისეთი პირობებია, რომ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოვთქვამთ. იქნებ ვინმემ მოგვხედოს,“ - მორიდებით ითხოვს ვალენტინა ხრულოვა.

მოხუცები განსაკუთრებით მას შემდეგ აღშფოთდნენ, რაც ადგილობრივ  ხელისუფლებას ისინი არც საახალწლოდ, არც დედის დღისთვის და არც სარვამარტოდ გახსენებია. „რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ არავის გავხსენებივართ. არჩევნებამდე ხშირად მოგვინახულებდნენ ხოლმე. მაშინ არც ახალი წელი იყო საჭირო და არც სხვა დღესასწაული.  წელს კი დედის და ქალთა დღეებიც არ მოგვილოცეს. ძალიან გვეწყინა მათი უყურადღებობა. გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა თუ ვერ მოიცალეს, სხვები რას აკეთებდნენ“ განა ჩვენ იმიტომ გვინდოდა მათი აქ მოსვლა, რომ საჩუქრები მიგვეღო, არა, უბრალოდ მოხუცები პატარა ბავშვებივით ვართ და გვიხარია, როცა ვინმეს ვახსენდებით. ელემენტალურ ყურადღებას და საკვების ოდნავ მაინც გაუმჯობესებას ვითხოვთ,“ - აღნიშნეს ლენა გოჩიტაშვილმა, მარია უტოვამ და სხვებმა.

სასადილოს ხელმძღვანელი ლელა შალვაშვილი მოხუცების უკმაყოფილებას არ ეთანხმება: „მაჩვენეთ ვინ არის უკმაყოფილო. წამოდით, ერთად ვნახოთ და მოვისმინოთ. კარგი პირობები ყველას უნდა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში. მოხუცები, ბენეფიციართა კონტიგენტის გაზრდაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. შეიძლება უფასო სადილის მომხმარებელთა სიას გადახედვა სჭირდება კიდეც. ზოგს მართლაც არ ეკუთვნის აქ დაპურება, მაგრამ ასეთები შეიძლება ისინიც აღმოჩნდნენ, ვინც პრეტენზიებით მოგმართავენ,“ - განაცხადა ლელა შალვაშვილმა.

უფასო სასადილოში კვების პრობლემებთან და მოხუცების პრეტენზიებთან დაკავშირებით ჩვენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მივმართეთ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ხევიაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „მოხუცებს საკუთარი ხელფასის ფულით ვერ ასადილებს, ბიუჯეტი კი მეტის საშუალებას არ იძლევა.“

ცნობისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი, პრემიებისა და სხვადასხვა წახალისებების გარდა, 1900 ლარს შეადგენს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები