კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არის თუ არა ტუბერკულიოზი განკურნებადი?

16 მარტი, 2007

giorgib.gifახლა, როდესაც ეს სტატია დასაბეჭდად მზად არის, ამ წერილის მთავარი გმირი, ტუბერკულიოზით დაავადებული გიორგი, ცოცხალი აღარ არის. ის ორი დღის წინ გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაშია მისი ძმა მამუკაც.  (ფოტოზე გიორგი ცუცქირიძე)

გთავაზობთ გიორგის ინტერვიუს ამონადირებს, რომელიც მან ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისცა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უყურადღებობის შემთხვევაში მისი ძმა მამუკაც, სამწუხაროდ, მის ბედს გაიზიარებს.


,,ტუბერკულიოზი განკურნებადია,” - ამ ფრაზით გაფორმებულმა პლაკატებმა საავადმყოფოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია- დაწასებულებების კედელი მოიცვა, თუმცა ტუბერკულიოზი ანუ ეგრეთწოდებული ,,ჭლექი” 21 –ე საუკუნის მძიმე და განუკურნებელ სენად სოციალურად დაუცველი და მძიმე მატერიალური მდგომარეობის ადამიანებისათვის ისევ  რჩება.

 ,,თუ ვერ წარმოგიდგენიათ სახელმწიფო როგორ ზრუნავს ჩვენზე იკითხეთ ტუბ-სავაადმყოფოში ერთი საწოლი რა ღირს,” - გვითხრეს ტუბერკულიოზით დაავადებულებმა.

ტუბ საავადმყოფოს ერთ საწოლში სახელმწიფო დღე-ღამეში 13 ლარსა და 70 თეთრს იხდის, რაშიც ავადმყოფის მკურნალობა, კვება და თანამშრომლის ხელფასები იგულისხმება.

გიორგი ცუცქირიძე ტუბერკულიოზით იყო დაავადებული. ის აბასთუმნის ტუბ-საავადმყოფოს მესამე განყოფილებაში მკურნალობდა.

,,ცხრა თვეა აქ ვარ, სიცხეებიც ვერ დავიგდე,” - ამბობს ის.

,,საავადმყოფოში წამლები არ შემოდის, მხოლოდ ,,ეტამბუტოლი” და ,,იზონიაზიდი”, რომლითაც არავინ არ იკურნება,” - გვითხრეს ტუბ საავადმყოფოს მესამე განყოფილებაში.

მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ და უმუშევრობამ ცუცქირიძეების ოჯახი ჭიათურიდან თბილისში გადმოიყვანა. დედა მამა და ორი ვაჟი ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში დასახლდნენ და სამუშაოს ძებნა დაიწყეს, თუმცა, უშედეგოდ.

,,თბილისში უფრო არის იმის საშუალება, რომ სამსახური იშოვო. ჩვენც ამიტომ გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით. მერე ჩემი ძმა ავად გაგვიხდა ,,წითელა ბატონები” შეხვდა და ექიმებმა ტუბერკულიოზი დაუდგინეს, ჯერ ხუდადოვზე იწვა, მერ კი წელიწადი და ორი თვე აქ. ვერც ის განიკურნა, ოპერაცია სჭირდება”, - გვიყვება გიორგი ცუცქირიძე.

გიორგის ტუბერკულიოზი, სწორედ ძმისგან გადაედო, ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ვირუსის თავიდან აცილების საშუალება ნამდვილად არ იყო. 

,,მამუკას ყველანი ვუვლიდით, ჯერ ორი თვე სახლში გვეწვინა. პატარა ოთახი გვაქვს და ეტყობა მეც მომხვდა ჩხირი რა ვიცი,” - თავჩაღუნული გვესაუბრება გიორგი. 

,,ერთი ორგანიზმიდან მეორეში გადასული ტუბერკულიოზის ჩხირი უფრო გაძლიერებულია,” - აგვიხსნეს ტუბ-საავადმყოფოში, ამიტომაც არის, რომ გიორგი ძმისგან განსხვავებით უფრო ცუდადაა,” - გვითხრეს ექთნებმა.

,,გიორგის ორივე ფილტვზე ტოტალური რღვევა, იმფილტრაცია აქვს,” - გვითხრა აბასთუმნის ტუბ-საავადმყოფოს ექიმმა ოლგა გრეჩკინამ.

გიორგიმ თავის ჯანმრთელობის  მდგომარეობა კარგად იცის: ,,ორივე ფილტვი მეშლება, პირველი რიგის პრეპატატებზე ჩემი ავადმყოფობა უკვე აღარ რეაგირებს. მეორე რიგის პრეპარატები მჭირდება,” - გვიხსნის ის.

მეორე რიგის პრეპარატები კი ძვირადღირებულია და ჩვენს ქვეყანაში უფასოდ არ შემოდის, თუმცა გიორგიმ გაიგო, რომ ზუგდიდში რეზისტენტული ფორმის ავადმყოფების საავადმყოფოა გახსნილი, რომელიც უფასოდ მკურნალობს დაავადებულებს.

,,ზუგდიდში საავადმყოფოა, სადაც  ძვირადღირებული წამლებით მკურნალობენ, ხუთჯერადი კვებაცაა, მაგრამ იქ  მოხვედრა ძალიან ძნელია, პროგრამის ხელმძღვანელთან დაკავშირება ჭირს,” - უიმედოდ ამბობს გიორგი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კოკა ფრუიძის განცხადებით, მეორე რეზისტენტული ფორმებით მკურნალობა საქართველოში 2008 წლის იანვრიდან დაიწყება.

,,მანადმე კი ვინც მეორე რეზისტენტული ფორმით არის დაავადებული უნდა დაჯდეს და სიკვდილს დაელოდოს?”- კითხულობენ ტუბერკულიოზით დაავადებულები.

ერთოთახიან ბინაში დარჩენილი ცუცქირიძეების ოჯახის სხვა წევრებსაც, დედ- მამას, საშიშროება ექმნებათ,  რომ ტუბერკულიოზით ისინიც დაავადნენ, მამუკა ტუბერკულიოზის რეზისტენტული ფორმით მათთან ცხოვრობს. გიორგი გარდაიცვალა, მამუკას სიცოცხლის იმედი კი ზუგდიდშია.


გულო კოხოძე, აბასთუმანი.

 

ახალი ამბები