12:51, Sunday, 23.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ვიცი, სიცოცხლის უფლება მაქვს“

22.03.2007
saznaxelib.gif

„მე ჭიჭიკო დავითულიანი ვარ. მალე 83 წელი შემისრულდება და კიდევ ერთი წლით დავბერდები. დიახ, საწნახელში ვცხოვრობ და აქ არც შუქი მაქვს და არც გაზი. რა თქმა უნდა, ჯობდა ერთი ოთახი მაინც მქონოდა და საჭმელი მაგიდასთან მეჭამა, მაგრამ ასე არ არის... მე მაინც ღმერთის მადლობელი ვარ - ადამიანად მომავლინა ამ ქვეყანაზე,“ - ასე მაცნობს საკუთარ თავს ჭიჭიკო ბაბუა.

მასთან სტუმრობას უკვე თვეზე მეტია ვგეგმავ. თითქოს მერიდებოდა - ვიცოდი, შეკითხვებს, რომელსაც დავუსვამდი, გულგრილად ვერ უპასუხებდა და უხერხულობას ვერიდებოდი.... ცნობისმოყვარეობა მკლავს და ერთადერთი კითხვა მიტრიალებს - რა უნდა დააშავოს ადამიანმა ისეთი, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ღამეები საწნახელში მოკუნჭულმა გაათენოს?

ქუთაისი, პუშკინის ქუჩა, #26 - ეს იმ სახლის მისამართია, რომლის ეზოშიც საუკუნეზე დიდი ხანია საწნახელი დგას და ამ ქალაქში, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ შიგ სულიერი, თან ადამიანი ცხოვრობს.
 
ჭიჭიკო დავითულიანი მარტოხელა მოხუცია. 10 წლის წინ თოვლმა საცხოვრებელი სახლი დაუნგრია და ღამის გასათევი რომ აღარსად ჰქონდა, იმაზე ფიქრს შეუდგა, ვის შეჰკედლებოდა.
 
„ვერაფერი ვიღონე, ამ ქვეყნად ერთადერთი ნათესავის მეტი არავინ გამაჩნდა. ძალიან კი გამიჭირდა, მის კარს მივდგომოდი, მაგრამ სხვა გზა რომ არ მქონდა, გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი. ცოტა ხანი იქ ვცხოვრობდი. მერე ბინის გაქირავება გადაწყვიტეს და ქუჩაში აღმოვჩნდი. იმ ოჯახის გარაჟში, საწოლის ქვეშ, ჩექმაში, აფთიაქის თანამშრომლების მიერ შეგროვილი 350 ლარი მქონდა გადანახული - თვალის ოპერაციის ფული, რომელიც სადღაც გაქრა. ფული რომ დავკარგე, მაშინ მივხვდი, იმ ოჯახში ზედმეტი ვიყავი და იქაურობას გავეცალე.“

მერე დაიწყო უძილო ღამეები, ქუჩაში ბოთლების ძებნა და შეგროვილი გროშებით მხოლოდ პურისა და თვალში ჩასაწვეთებელი მედიკამენტის შეძენა. თუმცა, ახსენდება ისეთი დღეებიც, როდესაც ფული ძეხვისა და მაწვნის შესაძენადაც რჩებოდა და ღმერთს ამისთვის დღესაც მადლობას სწირავს.

ქუთაისში ვერ იპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ჭიჭიკო ბაბუა ქუჩაში ხელგამოწვდილი დაუნახავს. არ უყვარს მათხოვრები და არც ის მაწანწალა ბავშვები, რომლებიც მის საწნახელს ხშირად „აყაჩაღებენ“. „რამდენჯერ ვუთხარი იმ მამაძაღლებს, მოდით, რაც მექნება, იმით გიმასპინძლებთ და თუ სახლი არა გაქვთ, ღამეს ამ საწნახელში გაგათევინებთ-მეთქი, მაგრამ ქურდობა ურჩევნიათ. ბევრი შემთხვევა იყო, მოვსულვარ და შენახული პური აღარ დამხვედრია. შემოდიან და მიაქვთ. „ბათინკები“ მომპარეს და საბანიც, რომელიც მეზობელმა მაჩუქა.“

ჭიჭიკო დავითულიანის „ბინა“ ძალიან ვიწროა. თანაც იმდენად ვიწრო, რომ შიგნით მხოლოდ ერთადერთი ლეიბის გასაშლელი ადგილია და კიდევ ერთი ციდა კუთხე მოხუცის სახელდახელო „გარდერობისთვის“.

10 წლის წინ, უბინაოდ დარჩენილმა მთელი ქალაქი რომ შემოიარა, „არჩევანი“ პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილ საწნახელზე შეაჩერა. პატრონს სთხოვა, დროებით დამითმეო და შიგ „ბინა“ მოიწყო.

ის, რომ ცალ თვალში ვერ ხედავს, ძალიან აწუხებს. თუმცა, იმედს არ კარგავს: „ვიცი, სიცოცხლის უფლება მაქვს და მინდა ამისთვის ვიბრძოლო. შიმშილს ვუძლებ. 20 დღე რომ ვიშიმშილო, კაცს არ ვეტყვი, მიჭირს და დამეხმარეო. ფულს არ მოვთხოვ. თუ მასესხებს, კი ბატონო. პენსიას ვიღებ, რაღაც თანხას ამერიკელებიც მიგზავნიდნენ. მაგრამ ახლა მითხრეს, შარშან რომ იღებდი, წელს აღარ გერგებაო. არადა, ის 30 ლარი კარგი შეღავათი იყო.“
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობამ გაარკვია, რომ „ამერიკელების გამოგზავნილი“ 30 ლარიანი დახმარება „სიღარიბის დაძლევის პროგრამით“ გათვალისწინებული შემწეობაა, რომელსაც ქუთაისში ათასობით ადამიანი იღებს. ბენეფიციართა სიაში ჭიჭიკო ბაბუაცაა და ამას ოფიციალურად ადასტურებს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს ქუთაისის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა გოგიბერიძე. მისივე თქმით, მოხუცს სამედიცინო პოლისიც ერგება, რომელიც ამბულატორიულ გამოკვლევებთან ერთად გადაუდებელ ოპერაციებსაც ითვალისწინებს. თუმცა, ჭიჭიკო ბაბუასთვის იგი დიდი ვერაფერი შეღავათია, რადგან როგორც ირკვევა, „სიღარიბის დაძლევის პროგრამაში“ თვალის კლინიკები ჯერჯერობით ჩართულნი არ არიან.

ჭიჭიკო დავითულიანმა იცის, რომ „ამერიკელების დახმარებას“ ისევ მიიღებს და რომ მის მოტყუებას ვიღაცა ამაოდ შეეცადა. მოხუცი, რომელიც 50 წლის განმავლობაში ქუთაისის „სამშენებლო ტრესტში“ მუშაობდა და მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარ ოჯახზე და თბილ კერაზე ოცნებობდა, წუხს, რომ დრო „სადღაც გაეპარა“.

მიუხედავად ამისა, ყოველი დილის გათენებას იმედით ხვდება. განსაკუთრებით გაზაფხულის დადგომა ახარებს. ამბობს, რომ მის საკუთარ ეზოში, საფიჩხიაზე, ყოველდღე ივლის, იქ გვიანობამდე დარჩება და საწნახელში მხოლოდ ღამის გასათევად დაბრუნდება.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან        

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
პოლიტიკური ანგარიშწორება კორუფცია მიჭირს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC