კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში საჯარო ინფორმაცია მასობრივად იბლოკება

23 აპრილი, 2007

aqciab_1.gif

საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროტესტს უკვე ღიად გამოთქვამენ. სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების იგნორირება იწვევს.

გასულ კვირას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, არასამთავრობოებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „აქცია გურჯაანის რაიონის გამგეობის შენობის წინ იმიტომ გავმართეთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების პრობლემა ყველაზე მეტად გურჯაანშია. ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო საკრებულოს სხდომების არაკანონიერად დახურვამ და სხდომის დარბაზიდან ჟურნალისტების გაძევებამ. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და ჟურნალისტებს შორის, ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა,“ - განაცხადა ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა. მისივე თქმით, მათ შეშფოთებას ყველაზე მეტად ის იწვევს, რომ საჯარო დაწესებულებები სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ.

„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ჩვენი სასარჩელო განცხადებები დააკმაყოფილა და როგორც გამგეობას, ასევე საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს სააპელაციო სასამართლოში დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია, ინფორმაციას დღემდე არ გვაძლევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო მოხელე სასამართლო გადაწყვეტილებას უგულებელყოფს, სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია,“ - აღნიშნავენ უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

არასამთავრობოების ცნობით, გურჯაანისა და თელავის გამგეობების შენობებში მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტების შესვლაც შეიზღუდა. გურჯაანის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი კი თანამდებობიდან იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობდა. „გურჯაანის გამგეობაშიც და საკრებულოშიც ისეთ ადამიანებს დევნიან, რომლებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობენ,“ - აცხადებენ იურისტები.

საჯარო ინფორმაციის მიღება პრობლემას წარმოადგენს კახეთის სხვა რაიონებშიც. როგორც „იურისტთა განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი თინათინ ფხოველიშვილი აცხადებს, სიღნაღის გამგეობაში განსაკუთრებით საბიუჯეტო სახსრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ბლოკავენ: „როდესაც ოფიციალური პირები გვიმალავენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხა გაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამა თუ იმ სარეაბილიტაციო სამუშაოს შესასრულებლად და ა.შ, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ გამგეობაში კორუფციაა ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს არ იცნობენ,“ - ამბობს თინათინ ფხოველიშვილი.

მსგავსი პრობლემები აქვთ თელავში მომუშავე არასამთავრობოებსაც. „29 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რითაც საკრებულომ დაარღვია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები, ასევე საკრებულოს დებულება, სადაც გარკვევით წერია, რომ სხდომები საჯაროა. მომხდარი ფაქტები სამწუხაროა და ეს მავნე პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას. ვაპირებთ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეს ქმედება სასამართლოში გავასაჩივროთ,“ - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ტალიური.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არც სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვთ. გურჯაანის საკრებულოს ქმედება, საჯარო სხდომის უკანონოდ დახურვის თაობაზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ სარჩელს თვითაცილება მისცა. სასარჩელო განცხადება ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნანა ჩალათაშვილმა განიხილა და მოსარჩელის კონკრეტული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „სარჩელი ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებია, თუ აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ  მას, როგორც ჟურნალისტს, არ მიეცა სხდომაზე დასწრების და თავისი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ სხდომის დახურვამ ან აქტებმა ზიანი მიაყენა მის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ან უკანონოდ შეიზღუდა მისი უფლება,“ - განმარტავს მოსამართლე ჩალათაშვილი.

მოსარჩელის აზრით, სასამართლოს აღნიშნული დადგენილება ლოგიკას ვერ უძლებს, უსამართლოა და მის გასაჩივრებას კერძო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს. „ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ნანა ჩალათაშვილს აღნიშნული სარჩელი არ უნდა განეხილა, რადგან იგი ლაგოდეხის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის მეუღლეა. მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტორმა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებაზე,“ - აცხადებენ იურისტები.

არასამთავრობოების ბრალდებებს საკრებულოებისა და გამგეობის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. „მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. არის შემთხვევები როცა ინფორმაციებს ყოველდღიურად ითხოვენ და რომ დავაკმაყოფილოთ, მთელი დღე ამ საქმეზე უნდა ვიმუშავოთ,“ - ამბობს გურჯაანის გამგეობის აპარატის უფროსი ვასილ უტიაშვილი.

ბრალდებებს არ ეთანხმება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ახალაურიც. „თელავის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა. აღნიშნული სხდომის ჩატარების თარიღის და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საინფორმაციო დაფაზე, სხდომამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა. საჯარო ინფორმაციების გაცემაც უპრობლემოდ ხდება,“ - აცხადებს ლევან ახალაური.

არასამთავრობოები სამართალდამცავებისგან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ მოვალეობაში უკანონოდ ხელს შეშლის კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები