კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული უმცირესობები შეურაცხყოფისთვის პრეზიდენტის პასუხს ელიან

3 მაისი, 2007

kacib.gifორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომერეს წერილს უგზავნის და მათივე თანაგუნდელის შურაცხმყოფელი განცხადებებისთვის განმარტებებს ითხოვს. საქმე ეხება დეპუტატ ბესო ჯუღელს, რომლის მიერ პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები არაქართულმა მოსახლეობამ ეროვნული შუღლის გაღვივებად მიიჩნია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აღნიშნულ საკითხს ერთი სტატია უკვე მიუძღვნა, სადაც დაწვრილებითაა დეტალები აღწერილი. ამჯერად კი გთავაზობთ ინტერვიუს ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, რომელიც ჯუღელის ფრაქციიდან გასარიცხად ხელმოწერებს აგროვებს.
   
ჟურნალისტი:  თქვენ გაავრცელეთ მიმართვის ტექსტი და დაინტერესებულ პირებს მოუწოდებთ,  ხელმოწერებით შემოგიერთდნენ ჯუღელის ფრაქციიდან გარიცხვის მოთხოვნით. რას აპირებთ?

აგიდ მირზოევი: დეპუტატის შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ჩვენ ყველა იმ ადამიანს დავუკავშირდით, რომლებიც ჯუღელის სკანდალური განცხადებებით აღშფოთებულები იყვნენ. ესენი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლები და ის რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენ დავწერეთ ერთობლივი განცხადება და საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქცია „მაჟორიატრებს“ მივმართეთ. მათ ვთხოვთ, დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინონ.

-  რეაგირებაში რას გულისხმობთ, ჯუღელის ფრაქციიდან გარიცხვას? 

ა.მ. ჩვენ მათ თავიანთი ნების დემონსტრირება შევთავაზეთ. ეს გზა კი შემდგომია: ან გარიცხონ ბატონი ბესო ჯუღელი ფრაქციიდან, ან თუ ეს შეუძლებელია, პროტესტის ნიშნად თავად დატოვონ ფრაქცია. რაც შეეხება პრეზიდენტს, მისგან დროულ და მკაცრ შეფასებებს ვითხოვთ. მკაცრს იმიტომ, რომ  არ შეიძლება საქართველოში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და აჟღერებენ ისეთ ფრაზებს, რომელიც ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებას ხელს უწყობს. 

-  თქვენ ფიქრობთ, რომ ბატონ ჯუღელის განცხადება ეროვნებათშორის შუღლს აღვივებს?

ა.მ. დიახ. ამას პირდაპირ უწყობს ხელს. მის განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა არასწორი აქცენტი გააკეთა.  მათ ძირითადად ყურადღება მიკირტუმაზე გაამახვილეს, არადა,  ჩემთვის არცერთი მისი ფრაზა მისაღები არ იყო. მთლიანად მიუღებელია ის კამპანია, რომლის სათავეში ჯუღელი ჩადგა და ისტორიულ უბნებში გადასახადების საკითხის მოწესრიგება ითავა.

-  თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ მისი განცხადება, რომელიც ეროვნული შუღლის გაღვივბებას უწყობს ხელს?

ა.მ. სწორედ ეროვნული შუღლის გაღვივებას ემსახურება ის, რასაც ჯუღელი ამბობს, რომ ეს გადასახადები და ეს კანონი არ შეეხება ქართველებს, ვინაიდან ქალაქის ისტორიულ ნაწილში ძირითადად სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ. ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ეს ციტატა მოყვანილია გაზეთ „24 საათში“,  ჟურნალისტი ციტირებას ახდენს მისი ინტერვიუდან რადიო „უცნობში“. ეს იყო პრობლემის თავი და თავი და აქცენტირება სწორედ მასზე უნდა გაკეთებულიყო და  არა მიკირტუმზე.

-  არადა, მიკირტუმა ხომ სწორედ სომხური სახელია?

ა.მ. საერთოდ, მისი განცხადებები  მიკირტუმებზე თუ სხვა ამ კონტექსტში, კატეგორიულად მიუღებელი იყო. თუმცა, ამის შემდეგაც გააკეთა მან ამ საკითხზე სხვა განცხადებები. ასეთი მიდგომა ჩემთვის წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ხშირად ვაიგივებთ ეთნიკურ წარმომავლობას და პროფესიას. ეს პირველ რიგში სტერეოტიპიზაციის  და ალბათ ეთნიკური არასრულყოფილების პრობლემაა. მაგალითად ხშირად ისმის „მანიკურჩიცა სირანუშა“ და ასე შემდეგ. როცა პოლიტიკოსი თავისი მოქალაქეების მიმართ ასეთი ფორმით საუბრობს, ყოვლად მიუღებელია. ასევე მიუღებელია, როცა ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი მოუწოდებს მიკირტუმს, ან გაყიდოს ან გააქირავოს თავისი ქონება. ანუ ხალისუფლება უკვე რეცეპტებს სთავაზობს თავის მოქალაქეებს.

ძალიან გვაინტერესებს, ეთანხმება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მის პოზიციას. პარლამენტმა უნდა გადასაწყვტოს, რა ფორმით გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, გაემიჯნებიან თუ არა ჯუღელს. ჯერჯერობით მათგან გამოხმაურება არ მიგვიღია. 

-  თავად ჯუღელი ხომ არ დაგიკავშირდათ?

ა.მ. რა თქმა უნდა. მისი მხრიდან გვქონდა გამოხმაურება. მან ოფიციალური წერილით მოგვმართა, სადაც წერს, რომ მომხდარი პროვოკაციის შედეგია და მას მსგავსი სიტყვები არ უთქვამს. ის მომხდარს ცილისწამებად აფასებს და ამბობს, რომ პროკურატურას უკვე მიმართა, იმისათვის, რომ ამ საქმის გამოძიება დაიწყოს.  გარდა ამისა, გაზეთ „კვირის პალიტრა“-ში ის საჯაროდ იხდის ბოდიშს და აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა.

-  დეპუტატის ბოდიში საკმარისი არ არის? 

ა.მ. ჩვენ შემდეგნაირად შევთანხმდით: შუამავლის მეშვეობით მას შეტყობინება გავუგზავნეთ,  სადაც ვამბობთ, რომ  ჩვენს წინაშე ბოდიში საჭირო არ არის.  თუ ის თვლის, რომ როგორც პოლიტიკოსმა, შეცდომა დაუშვა, იმავე საინფორმაციო საშუალებებით იმ მოქალაქეებს მიმართოს, ვისი თავმოყვარეობაც შეილახა. ასევე,  მოიწვიოს ბრიფინგი და ესაუბროს  საზოგადოებას.  საერთოდ, ნებისმიერ პოლიტიკოსს მოვუწოდებ, საზოგადოებას ესაუბროს.

სხვა საკითხია, რომ ჯუღელი ამტკიცებს, მსგავსი არაფერი მითქვამსო.  აქ ცოტა გაურკვეველი რამ ხდება. კერძოდ ის, რომ ჩვენ მივმართეთ რადიო „უცნობს“ და აუდიო ჩანაწერი მოვითხოვეთ. სამწუხაროდ,  გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო დისკუსიის ეს ნაწილი წაშლილია.

-  ჩანაწერის წაშლასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები ხომ არ გიჩნდებათ?

ა.მ. გარკვეულ პროცესებს ველოდები, თუმცა, არის რაღაც მსგავსი. ჩვენ ჯუღელს შევთავაზეთ, რომ  თუ მას სურთ დაგვიმტკიცოს, რომ აღნიშნული ცილისწამებაა, ეს მისი თავის სატკივარია, გაარკვიოს და დაგვიმტკიცოს. ჩვენ „24 საათსაც“ მივმართეთ და ვთხოვეთ აუდიო ჩანაწერი მოგვაწოდონ, რადგან ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტს ეს ჩანაწერი აქვს. ჯერჯერობით პასუხს ველოდებით.

-  როგორც ვიცი, თქვენ არჩევნების ბოიკოტზეც მსჯელობთ?  

ა.მ.  ჩვენს  წერილებს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით დავაგზავნეთ, თან დავურთეთ ბარათი. ეს არის სპეციალური კამპანია ბარათით „ანტიპატია - ანტიპარტია“. ამ ბარათის მფლობელებს  ჩვენი ორგანიზაცია დაასახელებს. ეს მათ ეხება, ვინც ეთნიკური განხრით მსგავს არაკორექტულ განცხადებებს გააკეთებს. ვინც ამ ბარათს მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში ბოიკოტს ვუცხადებთ.

- ამ ბარათის მიღება „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ არ ემუქრება?

ა.მ. ვნახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის რეაქციას ველოდებით. მსგავსი განცხადებების გაკეთებამ და შემდეგ მობოდიშებამ  შესაძლებელია, ცუდ სინდრომამდე მიიყვანოს საზოგადოება. ეს არის დაუსჯელობის სინდრომი. როცა ადამიანი სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენს, ის სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც პოლიტიკაშია. მათი მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.

-  ზოგადად, ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა, როგორ ფიქრობთ, ეროვნული უმცირესობები საქართველოში დისკრიმინაციას განიცდიან?

ა.მ. ზოგადად, რა თქა უნდა, არის მსგავსი შემთხვევბი. მაგალითად, ქურთებს არა აქვთ საშუალება აღადგინონ თავიანთი ძირძველი ისტორიული გვარები.  არის მოვლენები და ჩვენთან ხშირად მოდიან კონსულტაციებისთვის, როდესაც ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ანსხვავებენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ.

ეკა გულუა

ახალი ამბები