20:54, Wednesday, 23.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სისხლისღვრა ორ ლეკურ კლანს შორის კახეთში

10.05.2007
მფარველობს თუ არა ვერულაშვილების ოჯახი ხაშარხოთელი ლეკების დაჯგუფებას?

leki___magamed_jalilovib.gif

ყვარელში ლეკებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან ქალებიც. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მოსახლეობა შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელის შამილ გაზიმაგამედოვის მფარველობაში პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ოჯახს ადანაშაულებს. ხალხი დამნაშავეთა მკაცრად დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკები შურისძიებითა და სისხლის აღებით იმუქრებიან.

ინციდენტი ყვარლის რაიონის სოფელ სარუსოში 7 მაისს, საღამოს 10 საათისთვის მოხდა. თვითმხილველთა თქმით, თანასოფლელებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, წარსულში ორჯერ ნასამართლევი შამილ გაზიმაგამედოვის მიერ შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრების მხრიდან, ქუჩაში მიმავალი ადამიანების მისამართით განხორციელებული გასროლები გახდა. „ქუჩაში ორი ადამიანი მიდიოდა, მაგათ კიდევ პირდაპირ ესროლეს. ისინი ძირს დავარდნენ, სახლებიდან გარეთ გამოვედით და შეიარაღებულების შეჩერება ვცადეთ. შამილ გაზიმაგამედოვმა ამ დროს მესროლა. მას, მისივე ბანდის წევრებმაც მიბაძეს და მთლიანად დამცხრილეს. 23 ჭრილობა მაქვს. ფეხებსა და სასქესო ორგანოებში საფანტი და ტყვიები მაქვს,“ - ამბობს 40 წლის მაგამედ ჯალილოვი.

შემთხვევის ადგილზე მოსახლეობის გამოსვლის მიუხედავად შეიარაღებულებს სროლა არ შეუწყვეტიათ. შამილ გაზიმაგამედოვს და მის თანამზრახველებს აღშფოთებულმა ხალხმა წინააღმდეგობა ცულებით, ხანჯლებით, ქვებითა და ბლაგვი საგნებით გაუწია, რის შედეგად გაზიმაგამედოვიც დაიჭრა.

„ვთხოვეთ და არ შეჩერდნენ. ვინ ქვას ესროდა, ვინ ცულს, აღარ ვიცი. პოლიციასაც დაურეკეს, მაგრამ გვიან მოვიდნენ. შამილ გაზიმაგამედოვი ორჯერ არის ნასამართლევი. პირველად ქურდობისთვის, მეორედ მკვლელობისთვის. საკუთარი ბიძა დანით მოკლა. ძალიან საშიში ხალხია. უკვე რამდენიმე წელია იარაღით დათარეშობენ და ხმას ვერავინ სცემს, რადგან გაზიმაგამედოვი პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ოჯახთან ძალიან ახლოს არის. მამამისი ვალოდია ვერულაშვილი, საავადმყოფოშიც კი მოვიდა და შამილა მოინახულა,“ - აცხადებს დაზარალებული მაგამედ ჯალილოვის და, აჩური ჯალილოვა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის წარმომადგენლებმა თავად ნახეს საავადმყოფოში მოთავსებული გაზიმაგამედოვის სანახავად მისული ვალოდია ვერულაშვილი და მისი შვილი ბესარიონ ვერულაშვილი, რომელმაც გაზიმაგამედოვს ადვოკატიც კი დაუქირავა.

ლეკები ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ. ისინი დაღესტნიდან წლების წინ ჩამოვიდნენ და კავკასიონის მთის ძირას დასახლდნენ. მოგვიანებით, სოფლებს, სადაც ლეკები ცხოვრობენ, სარუსო, თივი და ჩანთლისყურე დაერქვა. სარუსო სოფელ ახალსოფლის თემში შედის. სწორედ ახალსოფლელია პარლამენტის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მარიკა ვერულაშვილი. მართალია ყვარლის რაიონში მცხოვრებ ლეკებს ერთმანეთისაგან განსხვავებული წეს-ჩვეულებები არ აქვთ, თუმცა, ჯგუფებად არიან დაყოფილნი. შამილ გაზიმაგამედოვი ხაშარხოთელებს წარმოადგენს, რომლებიც არცთუ ისე ბევრნი არიან კახეთში. არიან ასევე ნახადელები და ღარბუთელები. სარუსოს მცხოვრებთა ცნობით, ნახადელები ყველაზე ბევრნი არიან და ისინი ღარბუთელებთან ერთად, ხაშარხოთელებთან დაპირისპირებულები არიან.

„ხაშარხოთელები ადამიანებს ისე ხოცავენ, როგორც ფრინველს და საქონელს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ხაშარხოთელმა, შამილ გაზიმაგამედოვის ბიძამ, მეზობელ სოფელ ჭიკაანში მცხოვრები ქართველი მწყემსი, სრულიად უმიზეზოდ, ჯერ მოკლა, შემდეგ აკუწა, ხორცის ნაწილი დაწვა, ნაწილი კი შეწვა და შეჭამა. ეს შეიძლება დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილი ამბავია. ისინი კაციჭამიები არიან. განსხვავებული ხალხია, ქურდობენ, ყაჩაღობენ, გვაწიოკებენ. მაგათი შიშით, ღამე კი არა, დღისითაც კი ვეღარ გამოვსულვართ გარეთ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვხოცონ,“ - აცხადებს სარუსოს მკვიდრი მაისა რამაზანოვა.

თავად შამილ გაზიმაგამედოვი თანასოფლელების ბრალდებებს უარყოფს. მასთან საუბრის საშუალება შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა არ მოგვცეს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შამილს ციხეში ყოფნისას ქრისტიანობა აქვს მიღებული და, შესაძლოა, ესეც დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი იყოს. შამილ გაზიმაგამედოვის მეზობლების თქმით, ციხეში ის ბიძის მკვლელობისთვის მოხვდა. „როცა შამილს მამა გარდაეცვალა, თუ არ ვცდებით 17 წლის იყო. ლეკური წესების თანახმად, დედამისი ცოლად გარდაცვლილი მეუღლის ძმას, ანუ მაზლს უნდა შეერთო. იმ დროს შამილი საქონელს მწყემსავდა. ერთ დღეს, როცა სახლში დაბრუნდა, დაინახა, რომ მისი ბიძა დედამისთან სექსუალური კავშირის დამყარებას ძალის გამოყენებით ცდილობდა და აწამებდა, რა დროსაც შამილს ბიძა შემოაკვდა,“ - ასე იხსენებენ ამ ამბავს გაზიმაგამედოვის მეგობრები. მათივე თქმით, შამილის გაქრისტიანებამ ლეკები სერიოზულად გააღიზიანა. კონფლიქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაზიმაგამედოვი რეზერვისტად წავიდა. „ლეკები ეჩხუბებოდნენ, ქრისტიანობის მიღება არ იკმარე და ახლა რეზერვისტადაც წახვედი, ხომ შეიძლება ამის გამო რეზერვში ჩვენც გაგვიწვიონო. ამასთან ერთად სარუსოში, მთაში, ძველი ქართული ეკლესია დგას. შამილ გაზიმაგამედოვი ეკლესიას პატრონობდა. რამდენჯერაც მან იქ ჯვარი და ხატები აიტანა, ლეკებმა ეკლესია იმდენჯერ დაარბიეს. შამილს ადგილობრივი პოლიცია სთავაზობდა, ჩვენთან თუ ითანამშრომლებ, პრობლემები აღარ გექნებაო, მაგრამ მან სამართალდამცავების აგენტობაზე უარი თქვა. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი გახდა მისი დევნის მიზეზი,“ - მიაჩნიათ გაზიმაგამედოვის მეგობრებს.

შამილ გაზიმაგამედოვის მეუღლის, მაგამედ დუგანოვი ზალინას თქმით, კი გაზიმაგამედოვს სროლა მაგამედ ხაიბულაევის მომხრეებმა აუტეხეს.

„ჩემი მეუღლე და მეზობელი ჩვენი სახლის წინ იდგნენ. იქ მაგამედ ხაიბულაევის ბიჭი მოვიდა და მეზობლებს გინება დაუწყო. რომ ვერ გააჩუმეს, ჩემი ქმარი და ის წაკამათდნენ. ერთმანეთს დაარტყეს კიდეც. ხაიბულაევმა ჩემს ქმარს იარაღი ესროლა და დაჭრა. მერე ატყდა ჩხუბი. პოლიციამ ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ ყურადღება თავის დროზე არ მიაქციეს. ორი კვირის წინაც მოხდა ჩხუბი, მაგრამ პოლიციას არც მაშინ დაუკავებია ვინმე,“ - ამბობს ზალინა.

გურჯაანის რაიონული საავადმყოფის ონფორმაციით, შამილ გაზიმაგამედოვს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის, მარცხენა მხრის და მუხლის არეში აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. რაც შეეხება მაგამედ ჯალილოვს, მას სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან ტყვიების და საფანტის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ყვარლის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობისა და ხულიგნობის მუხლით აღიძრა. შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ, ყვარლის პოლიციის ინფორმაციით კი, ლეკებს შორის ჩხუბის ფაქტებს ადგილი ხშირად აქვს. „ამჟამად სიტუაციას ვაკონტროლებთ,“ - აღნიშნავს ყვარლის პოლიციის უფროსი არჩილ ბოჟაძე.

სარუსოს მოსახლეობა შეიარაღებული დაჯგუფების წევრების დაკავებას და მკაცრად დასჯას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკები შურისძიებითა და სისხლის აღებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC