კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებები იმერეთში

22 მაისი, 2007

uflebas.gifმიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ, უფლებაშელახულ მოქალაქეთა რიცხვი მაინც დიდია. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობას დასავლეთ საქართველოში, რომლის ძირითადი ოფისი ქუთაისშია და მისი თანამშრომლები თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს ემსახურებიან, საქმე მაინც თავზე საყრელად აქვს.

2007 წლის იანვრიდან დღემდე აღნიშნულ სამსახურში 200 კორესპონდენცია შევიდა. მისაღებში ყოველთვის ხალხმრავლობაა. დაზარალებული მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

საქართველოს სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამმართველოს ხელმძღვანელს თეონა კუჭავას ვესაუბრეთ:

„წინა წლები შეგვიძლია დავყოთ თვეების, კვარტლების მიხედვით, როცა ერთ პერიოდში რაღაც კონკრეტული პრობლემა ფიგურირებდა და ჩვენთან შემოსული განცხადებების უმრავლესობა ამ საკითხს ეხებოდა. მაგალითად, 2006 წლის ბოლოს ეს იყო სოციალური საკითხები და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განცხადება მივიღეთ. მანამდე იყო მომხმარებლის უფლებები ენერგოკომპანიასთან მიმართებაში. იმის წინ კი, დაკავებასა და გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ გასულ წელს შემეძლო მეთქვა, რომ რომელიმე კონკრეტული  პერიოდისთვის აქტუალური ერთი ტიპის უფლების დარღვევა იყო, წელს კონკრეტულად რაიმე სახის პრობლემის დასახელება არ შემიძლია. პრობლემები ათასნაირი და რაც მთავარია ძალიან მწვავე და აქტუალურია,“ - აცხადებს თეონა კუჭავა

სოციალური საკითხები

„უამრავი მოქალაქე მოგვმართავს და ამბობს, რომ სასამართლომ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება კი გამოიტანა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და სააღსრულებლო ბიუროს მისამართით ისინი პრეტენზიებს გამოთქვამენ. კვლავ ძალაში რჩება სოციალური საკითხები. ეს არის, ძირითადად, საწარმოო ტრავმებთან დაკავშირებული პენსიები. აღნიშნული საკითხი გარკვეული პერიოდის მანძილზე კანონმდებლობის დონეზე დაურეგულირებელი იყო და აღნიშნული პენსიების გაცემა შეწყდა. შემდეგ გამოვიდა ახალი აქტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს მას. საქმე ამჯერად ფუნქციონირებაშეჩერებულ ფაბრიკა-ქარხნებს და მათ ყოფილ თანამშრომლებს. ჩვენს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ასეთებია ქუთაისის საავტომობილო, ელექტრომექანიკური და სატრაქტორო ქარხნები, ტყიბულსა და ჭიათურაში მდებარე ქვანახშირის საბადოები. ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ, აღნიშნულ საწარმოებში მიღებული ტრავმების შედეგად დაინვალიდდნენ და პენსიასაც იღებდნენ. ამჯერად კი, იმის გამო, რომ გაჩერებულ საწარმოს შესაბამისი თანხების გადახდა არ შეუძლია, მათაც პრობლემები შეექმნათ. ჩვენი სამსახურის მიერ მოხდა ზოგადად ფაქტის შესწავლა და არა კონკრეტულ განცხადებებზე რეაგირება, რადგანაც ამ შემთხვევაში აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გურიაში სოფელ ანასეულში განთავსებულ რადიაქტიული ნივთიერების ლაბორატორიას შეეხებოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლაბორატორია დაიხურა და ეს ნივთიერებები შესაბამისად არ დაილუქა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოგვაწოდა. მან ისიც თქვა, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინფორმაცია გარემოს შესახებ არის აბსოლუტურად საჯარო და არ შეიძლება მისი გასაიდუმლოება. ჩვენ უკვე სამინისტროდან მოვიპოვეთ ეს ინფორმაცია, ჩატარდა ამ ტერიტორიის გამოკვლევა და, მართლაც, დადგინდა, რომ იქ რადიაციული დაბინძურების მაღალი დონე იყო. ეს ისეთი ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს, მაგრამ როდესაც იქ ჩავედით, საკმაოდ დიდი რაოდენობით საქონელი აღმოვაჩინეთ, რომელიც დაბინძურებულ კერაზე ძოვდა. ამ საქონლის მეშვეობით კი, ადამიანების დაავადებაც ადვილი შესაძლებელია. როდესაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რადიაციული დაბინძურების მაღალი დონე იყო, მომზადდა საჭირო რეკომენდაციები და გარემოს დაცვის სამინისტროს გაეცა, რათა საშიში ზონის  გაუვნებელყოფა მომხდარიყო,“ - აცხადებს კუჭავა.

ეკომიგრანტები, დევნილები და რელიგიური უმცირესობები

„აჭარის რეგიონში განსაკუთრებით მძიმეა ეკომიგრანტების მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. დევნილების მდგომარეობას რაც შეეხება, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ პრობლემებსა და მოვლენების მსვლელობას და ყველაფერს ისე დავაფიქსირებთ და შევაფასებთ, როგორც საჭიროა,“ -  ირწმუნება თეონა კუჭავა.

რამდენიმე ხნის წინ, გურიაში, სოფელ ზოტში, რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების უფლებების შელახვა დაფიქსირდა. ზოტი გურიის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელია, სადაც მუსულმანი აჭარლები ცხოვრობენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქ სამართალდამცავების მიერ რაღაც საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და თავად ადგილობრივ მცხოვრებთაგან ცალსახად დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ რელიგიურ ნიადაგზე ამ ადამიანებს პოლიციის უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ჩვენთვის შეფასების საგანი გახდა.“

პირთა დაკავებისას წარმოქმნილი პრობლემები

„შეიძლება ითქვას, რომ დაკავების მომენტში ცემა, წამება, რაც ადრე მასიურ ხასიათს ატარებდა, ძირითადად, აღარ არის. შედარებაც არ შეიძლება, თუნდაც ორი წლის წინანდელ პერიოდთან, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ასეთ ვითარებაში კი, კონკრეტული დაზარალებულისთვის, რასაკვირველია, დიდ შეღავათს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობამ საკმაოდ მოიკლო.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაცვის უფლების ხელყოფა მოხდა. როცა ეჭვმიტანილთან არ შეუშვეს ადვოკატი და ამ უკანასკნელმა მხოლოდ ჩვენი დახმარებით მოახერხა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებასთან შეხვედრა. თუმცა, შემდეგ იმ ადვოკატმა, სრულიად მოულოდნელად საკუთარი პოზიცია გადათქვა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამოძიება ჩვენ დავაწყებინეთ,“ - ყვება თოენა კუჭავა.

პატიმრების მდგომარეობა ციხეებში

„კვლავ უამრავი განცხადება შემოდის პატიმრების მხრიდან. ისინი ძირითადად წინასწარი გამოძიების ტენდენციურად წარმართვას შეეხება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამ სფეროში ვერ ვერევით. თუმცა, იყო რამდენიმე განცხადება და მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შევისწავლეთ და უშუალოდ დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას ეხებოდა, რაზეც უკვე უშუალოდ სახალხო დამცველმა გადააგზავნა შესაბამისი რეკომენდაცია.

ციხეებში პატიმრების მდგომარეობას რაც შეეხება, ცემის ბოლო ფაქტი ქუთაისის #2 საპყრობილესა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მარტის თვეში დავაფიქსირეთ. ეს იყო შემთხვევა, როდესაც პატიმარი კონკრეტულ პიროვნებას ასახელებდა, რომელმაც მისი ცემა განახორციელა. სხვა პატიმრებიც აღნიშნავენ, რომ ეს კაცი მათდამი ძალიან ცუდი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ადგილი აქვს, როგორც ფიზიკურ, ასე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მუქარას და ასე შემდეგ. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ იშვიათადაა, როდესაც პატიმარი ჩვენთან ბოლომდე თანამშრომლობს და თავის განცხადებას ოფიციალურ მსვლელობას აძლევს, და ეს იმიტომ, რომ მას ანგარიშსწორების შიში აქვს. სწორედ ეს არის დამახასიათებელი ამ ტიპის დაწესებულებებისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ არ აქვთ გარანტია იმისა, რომ ხვალ მის მიერ ცემაში მხილებული ადამიანი მათ აკრძალულ ნივთს არ ჩაუდებს და ამის შედეგად მდგომარეობა არ დაუმიმძიმდებათ. ისინი არაოფიციალურად ყველაფერს გვეუბნებიან, მაგრამ აქვე გვთხოვენ, რომ არ გავამჟღავნოთ და  არ გავახმაუროთ ეს ინფორმაცია. ოფიციალურად რეაგირებაზე და მსვლელობის მიცემაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.“

მოზარდთა უფლებები

„ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც 18 წელს მიუღწეველ ადამიანს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც დღევანდელი კანონმდებლობით არ შეიძლება. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ როდესაც ჩვენ ეს ფაქტი აღმოვაჩინეთ და სათანადო უწყებებს მივმართეთ, რათა კანონის შესაბამისი ზომები მიეღოთ, სამტრედიის რაიონის მოსამართლემ თვითონ გაასაჩივრა საკუთარი გადაწყვეტილება. რითაც პრაქტიკულად სამართალწარმოების კურიოზთან გვქონდა საქმე.

ანალოგიური ფაქტი მოხდა ბათუმშიც, როდესაც არასრულწლოვანი გოგონა დაზარალებულის სტატუსით ძალით მიიყვანეს განყოფილებაში, შემდეგ კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ გოგონამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, რის გამოც თავადვე დააკავეს. ქუთაისისთვის განსაკუთრებულად აქტუალურია ბოშა ბავშვების საკითხი. მათთან დაკავშირებით, მართალია, არავინ მოგვმართავს, მაგრამ ეს რომ ჩვენთან რეალურ პრობლემად დგას, ამას საუბარი არ სჭირდება. ეს საკითხი, მართლაც აქტუალურია, თუმცა, ჯერ-ჯერობით, გადაჭრის გზა ვერ მოვიფიქრეთ. ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის გადაჭრას ბოშების ქალაქიდან გაძევებაში ხედავს. მაგრამ, რასაკვირველია, ეს გამოსავალი არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ადამიანების დაცვის სფეროში იქმნება, ისაა, რომ ისინი ძალიან არაკონტაქტურები არიან, ანუ, ახლოს არავის იკარებენ, რათა მათი მდგომარეობის შესწავლა მოხდეს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ბავშვები ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან, როგორც თავიანთი  თანამოძმეების, ისე საზოგადოების მხრიდანაც და ეს ძალიან დიდი პრობლემაა.“

როგორც თეონა კუჭავას საუბრიდან ირკვევა, პრობლემები ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით დასავლეთ საქართველოშიც ისევე მრავლადაა, როგორც მთელს ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავთა მხრიდან თავად სახალხო დამცველის რწმუნებულის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას, რაც არცთუ შორეულ წარსულში ფრიად გავრცელებული მოვლენა იყო იმერეთის სამართლებრივ სივრცეში, ეს თითქმის აღარ ხდება.  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ კუთხით საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები იქნა შემოღებული, რომლის მაქსიმალური ზღვარი 2000 ლარს აღწევს. შედეგად კი, დღეს საზოგადოება (სხვა თუ არაფერი) იმის გარანტიას მაინც იღებს, რომ „დაცული დამცველისგან“ გაცილებით უკეთ იყოს დაცული.   
 

ლელა ხიდაშელი ქუთაისიდან

ახალი ამბები