კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუხობორების ყოველდღიურობა და პრობლემები

24 მაისი, 2007

samlocvelob.gif

ლაღი, თავისუფალი ხალხი -  ასე ახასიათებდა ჯავახეთში ასული ყველა ჟურნალისტი დუხობორებს. ახლა სილაღე გამქრალია, თავისუფლებაც შეკვეცილი. თვალებში შიში და გაძლების სურვილი იკითხება. მათ ახლა არც ჟურნალისტებთან საუბარი სიამოვნებთ და სახლებში იკეტებიან. ,,უმცირესობა ვიჩაგრებით, მალე აქაურობას დავტოვებთ,” - აცხადებენ საქართველოში 160 წლიანი ცხოვრების შემდეგ დუხობორები. 

გზა ახალციხიდან ნინოწმინდამდე

ნინოწმინდამდე, ანუ როგორც ადრე ეძახდნენ ბოგდანოვკამდე (ეს სახელწოდება უფროსი თაობისათვის უფრო ნაცნობია) 120 კმ -ია. წინ დანგრეული, ღრმულებიანი გზა და მძღოლის წუწუნი მელოდება - ,,სამი საათი უნდა ვილაყლაყოთ, როცა ნორმალური გზის შემთხვევაში საათნახევარში ჩავალთ”, არც მაგნიტოფონის ხმა ახშობს მძღოლის წუწუნს. როცა ეგრეთწოდებულ ,,იამკაში“ ჩაარტყამს  მანქანა  მაგნიტოფონიც ხრიალს იწყებს და მძღოლი იურაც წუწუნს უმატებს -  ,,ამ გზის გაკეთებას ხომ არ დაადგა საშველი, ნეტა განახა საქართველოს საზღვარს იქით რა ტრასაა, თავისით მისრიალებს მანქანა, ე – ე - ე”, - აყოლებს დანანებით იურა და დაბლა ჩაწეულ  მინაზე მზისაგან გარუჯულ მკლავს დებს. ცხელა. გზაზე საშინელი მტვერი დგას, თუ მანქანამ გადაგისწრო, რამდენიმე წამის განმავლობაში წინ არაფერი ჩანს. ნინოწმინდის გზაზე ცოტა ისვენებ, სანამ რაიონულ ცენტრს გაცდები კარგი გზაა, მაგრამ კარგი გზაც მალე ილევა და ისევ ორღოჩოღროებს  უნდა შეეგუო.

etlib.gifმინდვრების მხრიდან აქაურებისთვის მისაღები და მოსახერხებელი ტრანსპორტი -  ცხენს გამობმული რკინისბორბლებიანი მარხილი წამოგვეწია - ,,სად მიდიხართ?” -  გვკითხა მამაკაცმა, მას გვერდით თეთრთავსაფრიანი ქალი უზის, რომელსაც ხელში პატარა ბავშვი უჭირავს, პატარა ჭირვეულობს. ერთი გზა გვქონდა, ამიტომაც ქალი ჩვენთან გადმოჯდა. მანქანაში გადმოსვლის შემდეგ წლინახევრის ელენემ მშვიდად ამოუშვა ფშვინვა და ჩაეძინა. ჩვენი მგზავრი საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, დამშვიდობებისას მადლობა გვითხრა და წავიდა. ,,აქაური სომეხი ქალები ასეთები არიან”, - ამიხსნა იურამ.   
  
გზაზე სოფელი გამოჩნდა. სამსაათიანი ჯაყჯაყის შემდეგ გორელოვკაში, დუხობორთა სოფელში შევედით. გორელოვკა თავიდანვე ყველაზე დიდი სოფელი იყო, თუმცა ახლა ასე აღარაა.

დუხობორების რელიგიურ მიმდინარეობას საფუძველი 1740 წელს ჩაეყარა. XVIII საუკუნის ბოლოსათვის ხელისუფლების მხრიდან დუხობორებზე რეპრესიები დაიწყო, მათ დევნიდნენ, ციხეებში ამწყვედნენ, ასახლებდნენ.

1801 წელს ალექსანდრე I ბრძანებით დუხობორები ყირიმში გადაასახლეს. რუსეთის იმპერატორი დუხობორების მიმართ ყოველთვის ჰუმანურობით გამოირჩეოდა, რაც ახლაც ახსოვთ ნინოწმინდელ დუხობორებს და იმპერატორის სახელს დღესაც მოწიწებით ახსენებენ.

40-იან წლებში ტავრიელი დუხობორები საქართველოში – ახლანდელ ნინოწმინდის რაიონსა და თბილისის გუბერნიის ელიზავეტპოლის მაზრაში გადაასახლეს. ასე დაარსდა რუსული სოფლები  - ორლოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა და სხვა.
 
90 –იან წლებში დუხობორების რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა, დღესდღეობით კი 500-მდე  შემცირდა, ამ ხნის განმავლობაში ორი დიდი მიგრაცია იყო ბრიანსკისა და ტულსკის მიდამოებში. 

ირგვლივ ხე არსად ჩანს ჩრდლის რომ შეეფარო, ამიტომაც სიცხის შეგრძნება უფრო გიმძლავრდება. შარა-გზაზე კაციშვილის ჭაჭანება არაა.

ყურადღებას დიდი ცისფერი ხის ჭიშკარი და ქვის გალავნით შემორტყმული ღობე იპყრობს. რომლის შიგნით სხვა გარემოა, თუ გარეთ თვალში ხრიოკი მიწა გვხვდება, აქ ყველგან სიმწვანეა. ეზოში დუხობორების სამლოცველო სახლი დგას. დუხობორებს არც ეკლესია აქვთ და არც მღვდელი ჰყავთ. მათი რწმენის მიხედვით ადამიანი თავად არის ღმერთი და ხატი, ამიტომაც მათ სამოლცველო სახლში არც ხატებია.
 
ქოხი დიდი ქვებითაა ნაშენი, გარედან ცისფერი ფერითაა შეღებილი და მისი პატარა ფანჯრები ხის რუსული ჩუქურთმებითაა გაფორმებული. ყველა ფანჯარაზე თეთრი,  ქათქათა ფარდები ჰკიდია და ყვავილები დგას.

სამლოცველო სახლის ოთახებში კედლებთან სკამებია ჩამწკრივებული, ცალ მხარეს მამაკაცები სხდებიან, ცალკე ქალები. ყველა ოთახში დიდი რუსული ღუმელები დგას.

ლოცვებზე დუხობორები თავიანთი ნაციონალური სამოსით მიდიან. მასზე ყოველთვის ასკილის ყვავილი  - ველური ვარდია დამაგრებული. ეს ნიშნავს, რომ დუხობორი თავის ძალასა და რწმენაში გაიზარდა.
 
აქაურობას 40 წლის სამი შვილის დედა ოლგა მედვედევა უვლის - ,,სამლოცველო სახლი 1883 წელს აშენდა. აქ ყოველ კვირას ექვს საათზე მლოცველები მოდიან და ვლოცულობთ.  სახლის პატრონობა კი დიდი პასუხისმგებლობაა”, - გვითხრა მან. ოლგას ორი შვილი რუსეთში ცხოვრობს. სახლში მხოლოდ უმცროსი ვაჟიშვილი, რძალი და შვილიშვილი ჰყავს, რომლებთანაც ერთად საქართველოს დატოვებას მალე აპირებს - ,,მიწა მე აღარ მაქვს თავი რომ ვირჩინო. ალბათ მალე წავალთ, აქ აღარაფერი მაჩერებს.” – გვითხრა ოლგა მედვედევამ. 

თავის რჩენის საშუალება -  მიწა

saxli.gifდუხობორებს მიწასთან დაკავშირებული პრობლემა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც პირველი მიგრაციის შემდეგ, მათ სოფლებში ჩასახლება ეტაპობრივად სომხურმა მოსახლეობამ დაიწყო. 

,,დუხობორებს მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევენ. ისინი კანონიერად მოითხოვენ მიწის მფლობელობაში გადაცემას. ამ მიწაზე სოფლის სხვა მცხოვრებნი არიან შეჭრილები და უკანონოდ ამუშავებენ. მათ უკან კი ისინი დგანან, ვისაც გორელოვკის მიწების ხელში ჩაგდება სურთ,” - აცხადებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის რეგიონალური ოფისის უფროსი თემურ ათუნაშვილი.

,,იჯარით აღებული მიწის გარდა აქ სხვა მიწებიც იყო, თუმცა, ახლადჩამოსახლებულებს არ ეყოთ და იჯარით გაცემული მიწების მიტაცება დაიწყეს,”-გვიყვებიან დუხობორები.

კომუნისტური რეჟიმის შემდეგ დუხობორებმა კოლმეურნეობის ნაცვლად კოოპერატივი შექმნეს. მათი განცხადებით გორელოვკის კოოპერატივზე ოფიციალური დოკუმენტებით  2 695 ჰა. სახნავი, 1 225 ჰა. სათიბი და 2 860 ჰა. საძოვარი მიწაა გაცემული.
 
2006 წელს მოსახლეობას მიწის ნაკვეთები გადაუნაწილდა. გამგეობამ კოოპერატივს მხოლოდ 650 ჰა. სახნავ-სათიბი დაუტოვა.

,,ხალხი წასასვლელადაა განწყობილი იმიტომ, რომ მიწის  საკითხი ფაქიზი თემაა. ჩვენ კოოპერატივში ძალიან ცოტა მიწა დაგვიტოვეს. ვის აღარ მივმართეთ, თუმცა, უშედეგოდ. თავი როგორღა ვირჩინოთ? ამიტომაც მივდივართ,” - ამბობს გორელოვკის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ანა რივკინა.   
 
,,ჩემი შვილი ტულაში ცხოვრობს და მეც მალე წავალ, აბა აქ რაღა უნდა ვაკეთო. ეს ჩემი სამშობლოა, მაგრამ ყველა ჩემი ახლობელი იქაა და თან აქ როგორღა ვიცხოვრო? ძნელი იქნება წასვლა, ამ ყველაფრის მიტოვება, მაგრამ ალბათ მივეჩვევი. ასეთ გაჭირვებაში ვართ და იქაც როგორღაც გავძლებთ,” - გვეუბნება 50 წლის  პალინა ბათურინა.  
 
,,საქართველოში არის ასეთი კანონი, მიწებით ჯერ ადგილობრივები უნდა დაკმაყოფილდნენ და მერე სხვები. აქ კი ასე არ არის. სოფელში ყველაფერი სომხებს აქვს.  ხმას ამოიღებ და ჩხუბი იწყება. ჩხუბი კი არ გვინდა. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. მშვიდობისმოყვარეობით და თავდახრით კი უკვე უკან დავრჩით. რაც გაქვთ ის მოიხმარეთ და მოითმინეთო, ხოდა ვითმენთ,” - ამბობს ვასილ სლასტუხინი.

გულო კოხოძე, ნინოწმინდა

ახალი ამბები