17:13, Monday, 22.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თექვსმეტი წელი რკინიგზის ვაგონებში

04.07.2007

“ის დღე ცხოვრებაში არ დამავიწყდება. სკოლაში ვიყავით, როცა მიწა იძრა. ყველანი კარისკენ გავქანდით და წამებში ეზოს ერთ კუთხეში მოვიყარეთ თავი. მერე, როცა მიწისძვრა შეჩერდა, ბავშვები ერთმანეთს არც დავმშვიდობებივართ, ისე გავქანდით სახლებისკენ. შინ დაბრუნებულებმა სხავადასხვა, თუმცა, საერთო ჯამში, საშინელი სურათი ვიხილეთ. ჩვენი საცხოვრებლები დანგრეულ-დაბზარული, ხოლო ფრინველ-ცხოველი აფორიაქებული და აკრიახებული დაგვხვდა,” - ასე იხსენებს დღეს საჩხერის რაიონის სოფელ საირხის მკვიდრი მარიამ ფერაძე თექვსმეტი წლის წინ მომხდარი მიწისძვრის ფრაგმენტებს.

მაშინ სტიქიამ საჩხერის სოფლები ერთნაირად დააზარალა. იყო მსხვერპლიც. ოსეთის მოსაზღვრე სოფელი ხახიეთი კი, მიწამ მთლიანად შთანთქა. სოფლის მკვიდრთაგან მხოლოდ ორი ბავშვი გადარჩა. ისინი მეზობელ სოფელში სტუმრად იყვნენ წასულები.

“იქით გახედვა დღესაც ყველას გვეშინია. ცოცხლად დამარხული შინაური ცხოველების რქებს და ნაშთებს იმ მიდამოებში მეტყევეები დღესაც პოულობენ. ეს დიდი ტრაგედიაა, რომელმაც მაშინ წელში გაგვწყვიტა და სული დღემდე ვერ მოვითქვით,” - ამბობენ საჩხერლები.

ისინი დღეს რკინიგზის ვაგონებში ცხოვრობენ და სტუმარსაც იქ იღებენ. თექვსმეტი წლის წინ “სახელდახელო საცხოვრებელში” შესახლებულები ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდნენ, რომ ასე გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რომ მათ გასაჭირს წლების მანძილზე მხოლოდ ნათესავები და ახლობლები გაიზიარებდნენ.

“ხელისუფლება განზე გადგა. ეს ვაგონები ისევ ჩვენი ძალისხმევითა და დიდი ვაივაგლახით მოვიტანეთ და შიგ უპრეტენზიოდ შევსახლდით. საწოლები რომ არ დაგვეტია, უფროსები იატაკზე დავწექით. ჩვენს შორის ბევრი იყო ისეთი, ვისაც ვაგონი არ შეხვდა და დღესაც დაბზარულ კედლებში ცხოვრობს. ნებისმიერ წუთს შეიძლება სახლი თავზე ჩამოენგრას და საბოლოოდ გაუბედურდეს,” - ჩივიან სოფელში.

ფაქტია, ქვეყნის რევოლუციამდელმა ხელისუფლებამ ზემო იმერეთისთვის ვერ მოიცალა. “ვარდების მთავრობას” კი, პირველი მცდელობა, დახმარების ხელი გაეწვდინა დაზარალებულთათვის, არ გამოუვიდა. როგორც საჩხერეში გვითხრეს, 2004 წელს რაიონის მასშტაბით 223 ოჯახის სია შედგა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითოეულ ოჯახზე 5000 ლარიანი ფულადი დახმარება უნდა გაცემულიყო. ინიციატივა მთავრობას მალევე დაავიწყდა. მიზეზად კი, სიების გაყალბება დასახელდა.

“თქვეს, თურმე, ამ სიაში მხოლოდ ის ოჯახები უნდა შესულიყო, ვინც რკინიგზის ვაგონებში ცხოვრობდა. ისინი არავის გახსენებია, ვინც ნათესავებს შეეკედლა, ან მუდმივი შიშის ქვეშ, ისევ საკუთარი სახლის ნანგრევებში აღამ-ათენებდა. თანხის გაცემას დღე-დღეზე ველოდებოდით, რომ გვითხრეს, სიები გაყალბდა და ხელახლა უნდა შედგესო. ხალხი გაბოროტდა. მეზობლებს შორის შური და ბოღმა გაღვივდა. დანარჩენები ვაგონში შესახლებულებს შენატროდნენ,” - ყვება მარიამ ფერაძე.

მან სკოლა სწორედ აღნიშნულ ვაგონში დაამთავრა. იქ დაირეკა მისთვის ბოლო ზარიც. სკოლის ეზოში მაშინ რამდენიმე წითელი ფერის ვაგონი ჩადგეს, რომლებიც მოგვიანებით ძველი ნანგრევებისგან აღმდგარმა სკოლის შენობამ შეცვალა. ბავშვებს ეს საჩუქარი საჩხერელმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა. წითელ ვაგონებს კი, იმ დღეებშივე უვაგონოდ დარჩენილები დაეპატრონნენ (იმ იმედით, რომ ხელახლაშედგენილ სიებში ამრიგად მაინც მოხვდებოდნენ).

სიები უკვე შედგენილია და როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისში, პრემიერ-მინისტრთანაა გადაგზავნილი. “თავიდან აღრიცხვაზე 84 ოჯახი იყო აყვანილი. სიების ხელახალი შედგენა ერთადერთი მიზეზის გამო მოხდა. დახმარება იმ ოჯახებს უნდა მიეღოთ, რომლებიც ვაგონებში ცხოვრობდნენ. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. არიან ადამიანები, ვინც ისეთ ადგილზე იყვნენ დასახლებულნი, სადაც ვაგონის ატანა, თავის დროზე, ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ არც ისინი უნდა დარჩნენ სახელმწიფოსგან უყურადღებოდ. ასე რომ, ამ დროისთვის სიები შესათანხმებლად ზურაბ ნოღაიდელთანაა გაგზავნილი,” - აცხადებს იმერეთის გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ელისო კილაძე.

ვაგონებში ცხოვრების თექვსმეტი წელი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე  დასრულდება. ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების მიხედვით, მიწისძვრისგან დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 კვადრატული მეტრის ფართის ასაშენებელ თანხას სწორედ ამ დროისთვის მიიღებენ.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან    

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC